აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საფრანგეთში

 

 

მიმდინარე წლის 19-23 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია, სპეციალური მიწვევით, საფრანგეთში იმყოფებოდა.

 

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო არზაყან(დიმიტრი) ემუხვარის დაბადების 135-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზსა და ლევილში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

როგორც ცნობილია, არზაყან ემუხვარი 1918-1921 წლებში ჯერ აფხაზეთის პირველი სახალხო საბჭოს, შემდეგ კი პირველი მთავრობის(კომისარიატის) პირველი თავმჯდომარე იყო, აგრეთვე -  საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყან ემუხვარიnსაქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა.  ყველასთვის მოულოდნელად 1939 წლის 24 მარტს ის სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის დელეგაციამ, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას და არზაყან ემუხვარის შთამომავლის - ნატო მარშანიას შემადგენლობით, არა ერთ საქმიან და მეტად საინტერესო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

20 მარტს დელეგაცია ოფიციალურად შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონეს. ქალბატონმა ელჩმა გამოხატა სრული მხარდაჭერა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობისადმი და სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობის, გარკვეული პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილიც გამოთქვა, რასაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები სიამოვნებით დათანხმდენენ. საელჩოს საჩუქრად გადაეცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარის, ცნობილი მხატვრის ნუგზარ მგალობლიშვილის სურათიდან - ”რექვიემი” დაბეჭდილი ბანერი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა იგი გამოიფინოს საელჩოს ფოიეში. ასევე მოწონება დაიმსახურა უმაღლესი საბჭოს წევრის, ზურაბ ჯგუბურიას რედაქტორობით გამოცემულმა კრებულმა ”ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში”, რომელსაც საელჩო, კრებულის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველად იუნესკოს გადასცემს. ქალბატონმა ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინგლისურ და რუსულ ენებზე მომზადებულ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებშიც აფხაზეთის პოლიტიკური ისტორიის საკითხები მაღალკვალიფიციურ დონეზეა მიმოხილული.

 

იმავე დღეს მოგვარდა აფხაზეთის ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხებზე პარიზში, მიმდინარე წელს ბროშურის ფრანგულ ენაზე თარგმნასთან და გამოცემასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. ბროშურას თარგმნიან აფხაზეთის მკვიდრნი - პარიზში მცხოვრები ისტორიის დოქტორი ბადრი გოგია და სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნანა გაგუა.

 

21 მარტს ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძესთან ერთად შეხვდა პარიზის ქართულ დიასპორას, აგრეთვე ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომელთა შორის უმეტესობას აფხაზეთიდან დევნილი ქართველობა შეადგენს. ისინი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობენ და მათ მიერ დასმული ყველა შეკითხვა  ქართველთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ პრობლემის მოგვარების საკითხებს მოიცავდა. სკოლაში, ბავშვებს მშობლიური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლის გარდა, აქვთ საშუალება დაეუფლონ ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას. დელეგაციის წევრებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს პარიზში წაღებული წიგნების მცირე ნაწილი, რაც საკმარისი ნამდვილად არ იყო. მათ აშკარად ესაჭიროებათ ეროვნული ფორმების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საკვირაო სკოლისათვის  აუცილებელი სხვა ინვენტარის მიწოდება.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ 22 მარტი მთლიანად არზაყან ემუხვარის ხსოვნის აღსანიშნავ ღონისძიებებს მიუძღვნა, რომელიც საფრანგეთში ქართული სათვისტომოს მიერ დაიგეგმა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით წარმატებით განხორციელდა. თავდაპირველად პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში პარაკლისი იქნა გადახდილი, რომელსაც ქართველ ემიგრანტთა სხვადსხვა თაობის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. არზაყან ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, გელა დუმბაძემ, გიორგი მარჯანიშვილმა, ნატო მარშანიამ და სხვებმა. მოგვიანებით, ღონისძიება ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გაგრძელდა. არზაყან ემუხვარის საფლავი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის ხელისუფლების, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს სახელით.

 

იმავე დღეს აფხაზეთის დელეგაცია სტუმრობდა ლევილის მამულს სტუმრობდა, სადაც შეხვდა ნოე ჟორდანიას ქალიშვილს, 98 წლის, საკმაოდ მხნედმყოფ ნათელა ჟორდანიას.

 

აფხაზეთის დელეგაციამ საფრანგეთში საკმაო რაოდენობით ჩაიტანა სრულფასოვანი სამეცნიერო ლიტერატურა აფხაზეთის შესახებ, რომელიც იქ მოღვაწე მეცნიერების - ბადრი გოგიასა და  ნანა გაგუას დახმარებით, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სორბონის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წიგნსაცავებში სამუდამოდ დაიდებს ბინას.

 

20-22 მარტს აქტიურად იმუშავეს დელეგაციის თანმხლებმა ჟურნალისტებმა ნინო ხოფერიამ და ზვიად მიქელაძემ, რომელთაც საკმაოდ ძვირფას ვიდეო და დოკუმენტურ მასალას მოუყარეს თავი. ეს მასალა არზაყან ემუხვარისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის საფუძველი გახდება.

 

საფრანგეთში ვიზიტის დღეებში უკვე ჩატარებული სამუშაო, ასევე დაგეგმილი სამომავლო პროექტების რეალიზება, რისთვისაც ყველა წინაპირობაა შექმნილი, ხელს შეუწყობს აფხაზეთის პრობლემატიკის შესახებ საერთაშორისო არენაზე სწორი და სამართლიანი პოზიციის დამკვიდრებას. არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის წინა პლანზე წამოწევა, ამ დიდი ადამიანისათვის სათანადო პატივის მიგება, შეიძლება გახდეს კიდევ ერთი დამაკავშირებელი ძაფი გახლეჩილ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის.

 

ამრიგად, 2015 წლის 19-23 მარტს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ვიზიტი საფრანგეთში, ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions