აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს საოკუპაციო ხაზთან მოკლული, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას ოჯახსა და ახლობლებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფ რეაგირებას მოითხოვს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებაზე კატეგორიულად იქნეს დაყენებული საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ეუთოსა და სხვა სამშვიდობო მისიების დაშვების თაობაზე.
ჯ.გ. პირველ რიგში, მინდა შევუერთდე დღეს გაკეთებულ ყველა ოფიციალურ განცხადებას. სრულიად საქართველოსთან ერთად მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ძალების მორიგ დანაშაულებრივ ქმედებას, რის შედეგადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დაიღუპა აფხაზეთის კიდევ ერთი მკვიდრი გიგა ოთხოზორია. მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იქ ტერორისტული აქტის განხორციელება.
ვუცხადებ რა თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, მოვითხოვ დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას.
იმავდროულად მინდა მივმართო ქვეყნის პირველ პირებს - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩაში ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე ხელოვნურად გავლებულ ე.წ. საზღვრებზე არსებული განუკითხაობა გახდეს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების განსჯის საგანი. დროა, კიდევ ერთხელ მკაცრად მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ბოლომდე შესრულება და საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა. აუცილებელია მეტი კატეგორიულობით კვლავაც დაისვას საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შესახებ.