ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ნატოში, გაეროსა და ევროკავშირში

 

გაეროს პრეს-მდივნის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებას ექნება ნეგატიური შედეგი ორივე მხარის მოსახლეობისთვის არა მარტო გადადგილების, ზოგადად კეთილდღეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით გალის რაიონის მაცხოვრებელების, მათ შორის სკოლის ასაკის ბავშვებისთვის: -  ”ჩვენ ვუერთდებით სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და მოვუწოდებთ არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემდგომი ფუნქციონირების და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებისთვისაც”.


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ოანა ლუნგესკუს აზრით, ”საქართველოს რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი გადაადგილდება,  უარყოფითად აისახება არა მარტო ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, ზოგადად სტაბილურობაზე რეგიონში. მხარს ვუჭერთ რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ გადაიხედოს პუნქტების შესაძლო ჩაკეტვის გადაწყვეტილება. იმავდროულად მოვუწოდებთ რუსეთსაც, რომ გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება”.


ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა  ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა 25 თებერვალს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „პუნქტების დაგემილი ჩაკეტვა საზიანო იქნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილებისთვის და სავარაუდოდ, გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით კი დაკავებების რისკებს“.


„ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს მუშაობას უსაფრთხოების ზრდისა და კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“,


„უფრო მეტიც, ის ეწინააღმდეგება სიტუაციის ნორმალიზებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ვინაიდან იქმნება ისეთი გარემო, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას და რეგიონის საერთო სტაბილურობას არ უწყობს ხელს “, - აცხადებს მოგერინის პრესსპიკერი.


განცხადებაში ევროკავშირი „მოუწოდებს“, რომ არ დაიხუროს გამშვები პუნქტები, „თავისუფალი გადაადგილების, მათ შორის ჰუმანიტარული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით“.


„ამას გარდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ უსაფრთხოების ზრდისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირი „კვლავაც ყურადღებით გაადევნებს თვალს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე სიტუაციას“ და „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions