გმირი დედების დაჯილდოება

 

დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონების მიღება გაიმართა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობის სიგელი გადასცა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების აღმზრდელ დედებს, რომელთა შვილებმაც აფხაზეთში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად  მტერთან ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დავით გვაძაბიამ, რაისა ქარაიამ, მურმან კვარაცხელიამ, თამაზ ხუბუამ, აკაკი გასვიანმა, ვახტანგ კაჭარავამ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს შვილმკვდარი დედების მიმართ, რომლებიც დღემდე ღირსეულად წარმოაჩენენ ქართველი დედის სახეს და არ ჰკარგავენ იმედს, რომ მათი შვილების თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის -  აფხაზეთის ძირძველ ქართულ მიწაზე კვლავ აღორძინდება ქართული გენი და ქვეყანა მალე გაერთიანდება.

 

მოწვეულმა ქალბატონებმა გულდაწყვეტით აღნიშნეს, რომ სამშობლოსათვის დაღუპულთა ოჯახებს მეტი ყურადღება, მორალური მხარდაჭერა და სითბო სჭირდებათ, რასაც ვერ უსაყვედურებენ   აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რადგან აქ უკვე ტრადიციაა, ყოველი დედის დღე აფხაზეთის ომში შვილმკვდარ დედებთან  შეხვედრით აღინიშნოს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ  ქვეყნის ინტერესების დასაცავად დაღუპული ბიჭების დედებს:

 

ჟუჟუნა ხარძიანს, ინეზა ბელთაძეს, ნათელა კვანტალიანს, ელენე ასლანიკაშვილს, ციალა როგავას, ნელი მირზაშვილს, რაისა ბობოხიძეს, თალიკო კირცხალიას, ლიანა გუგეშაშვილს, ზემფირა კალანდარიშვილს.
ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions