დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 73 წელი შეუსრულდებოდა. სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა მტერს პირისპირ შეხვდა. მოწინააღმდეგემ მუხანათურად გამოასალმა სიცოცხლეს ტყვედაყვანილი მთავრობის თავმჯდომარე, მისი თანმხლები პირები - მთავრობისა და დაცვის წევრები.
ჟიული შარტავას შესახებ დღეს მთელმა საქართველომ იცის ყველაფერი. ეს არის კაცი, რომელიც დამსახურებულად, ლეგენდად აქცია აფხაზეთის ომმა. ძნელია მასზე რაღაც ისეთი ახლის თქმა, ჟიული შარტავას თაყვანისმცემელ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ რომ გააოცებს, რადგან ჩვენი სამშობლოსთვის უმძიმეს ჟამს, სოხუმში, თავისი კაცური, ვაჟკაცური, მამულიშვილური გადაწყვეტილებით, ის სრულიად საქართველომ, ხალხმა გმირის შარავანდედით უყოყმანოდ შემოსა.
აფხაზეთის ომის დროს ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში იმ რწმენით შეუდგა მოღვაწეობას, რომ სჯეროდა, მისი სწრაფვა და მონდომება, როგორმე შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა, შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჟიული შარტავას იმედი არ გამართლდა, ერთადერთხელ და საბედისწეროდ, მას ალღომ უმტყუნა - მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
შემდეგ იყო სოხუმის დაცვის გმირული ეპოპეა, რომლის შუაგულში გენერალი ჟიული შარტავა იდგა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულიად საქართველო დაერაზმა მომხვდურთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ, დადგა ტრაგიკული 27 სექტემბერი, რომელმაც შეიწირა ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები.
სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ღვაწლი. 2004 წელს, მას, პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის’’ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენებით.
დღეს, ჟიული შარტავას დაბადების დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ ყვავილების გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის საფლავი და პატივი მიაგო ჭეშმარიტი მამულიშვილისა და უბადლო პატრიოტის ხსოვნას.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, რომელიც იმ პერიოდში ჟიული შარტავას მრჩეველი იყო, ერთ ეპიზოდს იგონებს:
16 სექტემბრის წინა დღეებში, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევამდე 2-3 დღის ადრე, ბატონი ჟიული გუდაუთაში გაემგზავრა სეპარატისტთა ლიდერებთან შესახვედრად. წასვლის წინ ისეთი თავდაჯერბული სახით გავიდა კაბინეტიდან, ეტყობოდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჯერად არ დაირღვეოდა. როგორც ჩანს, იქ მოლაპარაკება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის მისაღებ ჩარჩოებს გასცდა... იგი ძალიან სწრაფად, ერთი საათის შუალედში არაადამიანურად განრისხებული უკან მობრუნდა. სადღაც გამქრალიყო მისთვის ჩვეული სიმშვიდე და წონასწორობა, დიპლომატია, თითქმის ყვიროდა-”ამათი ნდობა, თურმე, შეუძლებელია”,- ილანძღებოდა მამაკაცურად, როგორც რიგითი ჯარისკაცი. იმ დღიდან გახდა კიდეც ის საქართველოსთვის მებრძოლი ჯარისკაცების ნამდვილი სამხედრო მეთაური და მათთან ერთად ჩაება მშვიდობიანი, შეუიარაღებელი ქალაქისათვის განახლებულ უკომპრომისო ბძოლაში.