ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა - „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო


19.04.2017 სტრასბურგი - ​2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიშით ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე აღწერს ყველა იმ ფაქტს და განვითარებას, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში.

 

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.  მან თავის განცხადებაში ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე, ასევე რუსეთის ქმედებებზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ. დავით ზალკალიანის გამოსვლაში აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ვიზიტი“ აფხაზეთის რეგიონში  რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით.

 

დავით ზალკალიანმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ უკანონო არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის ახალ ტალღაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესზე.

 

ქართული მხარის წარმომადგენლის თქმით,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა. არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ შორის, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ადგილზე შესვლას.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩართულობის პოლიტიკაზე. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

 

მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა იყო უპრეცედენტო იმ დიდი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რაც ქართული მხარის მიმართ იქნა გამოხატული. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამ-ის სახელით, ასევე 28 ქვეყნის მიერ ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები.  ევროკავშირის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მოლდოვა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონაკო, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა და სან მარინო.

 

დელეგაციებმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ევროპის საბჭოში.

 

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა თავის განცხადებებში ასევე გაამახვილეს ყურადღება ადამიანის უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მათ გამოთქვეს მწუხარება, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ორგანიზაციის წარმომადგენლები ვერ შედიან საქართველოს რეგიონებში და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას,  როგორც საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ხაზი გაესვა და დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების უაღრესად კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი. ასევე მხარდაჭერილ იქნა ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ინიცირებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთ მიდგომას ალტერნატივა არ გააჩნია. წვერი ქვეყნების დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისადმი.

 

გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების საჭიროება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions