აშშ- ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განცხადება

საქართველოს აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ მორიგ უაღრესად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ 2017 წლის 5 მაისს დამტკიცებული და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ 6 მაისს ძალაში შესული ბიუჯეტის კანონი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,  ეს არის დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური მნიშვნელობის ისტორიული აქტი. მასში  პირველად კანონის ძალით დასტურდება ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა; საკანონმდებლო დონეზე ასევე პირველად შემოდის ცნება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების შესახებ.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით,  ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ მთავრობები, რომლებმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს. კანონი კრძალავს  რაიმე  დაფინანსების გამოყოფას საქართველოს რეგიონების რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად. იგი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების, გრანტების თუ კრედიტების გამოყოფას ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.

 

 

ამასთანავე, 2017 წლის ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს სოლიდური სახსრების გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, დასახმარებლად  რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჭეშმარიტად განუზომელია აღნიშნული კანონის მნიშვნელობა  არაღიარების პოლიტიკის შემდგომი წარმატებისთვის, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვი მუდმივად ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ლეგიტიმაციას საერთაშორისო არენაზე.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოხატავს რა ღრმა კმაყოფილებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მყარი და თანმიმდევრული მხარდაჭერის გამო,

-         მიესალმება აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალიწინებულ ზომებს, რომლებიც საქართველოს დეეოკუპაციის დაჩქარებისკენ, მისი უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისკენ, საბოლოო ჯამში, კი გარედან თავსმოხვეული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებისკენ  არის მიმართული;

-          იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის  შედეგების აღმოფხვრის მიზნით აშშ-ის კონგრესის მიერ შემუშავებული  ქმედითი ზომების განხორციელება შემდგომ წლებშიც  გაგრძელდება;

-         მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განაგრძოს ძალისხმევა, რათა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის საკითხიც დაექვემდებაროს.

ამონარიდი ა.შ.შ.-ს  2017 წლის ბიუჯეტის კანონიდან:

 

რუსული  ზეგავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა

 

საქართველოს ტერიტორიების  ოკუპაცია  - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი. ----

 

( 1) ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრები არ გაიცემა იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც, თუ ამას დაადგენს  ა.შ.შ. სახელმწიფო მდივანი და მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარებენ დამოუკიდებლობას ან დაამყარებენ დიპლომატიურ კავშირს  რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთი. ა.შ.შ. სახელმწიფო  მდივანი  ვალდებულია სახელწმიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე დროულად გამოაქვეყნოს  ამგვარი ცენტრალური მთავრობების სია. სახელმწიფო მდივანი უფლებამოსილია  მოხსნას შეზღუდვა  ამ პარაგრაფით გათვალისწინებულ  დახმარებაზე, რის შესახებაც    წარუდგენს ანგარიშს ასიგნებების  კომიტეტს,  თუ  ამგვარი ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია    და შეიცავს ამგვარი დაინტერესების   დასაბუთებას.

 

(2) ამ აქტით ასიგნებული არც ერთი ფულადი თანხა არ გაიცემა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი   ოკუპაციის მხარდასაჭერად.

 

(3)  ა.შ.შ. ფინანსთა მინისტრი ვალდებულია შეატყობინოს შეერთებულ შტატებში არსებული   თითოეული საერთაშორისო ფინანსური  ინსტიტუციის    აღმასრულებელ  დირექტორს არ მხარი  არ დაუჭირონ  ამ კონკრეტული ისნტიტუციის მიერ არც ერთი ისეთი პროგრამის დაფინანსებას ( ეს იქნება სესხი, კრედიტი თუ გრანტი), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

(4)  ამ აქტის  მოქმედებაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა  ა.შ.შ. სახელმწიფო მდივანი წარუდგენს კონგრესის შესაბამის  კომიტეტს  ანგარიშს  რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ  ქმედებაზე  კიდევ უფრო მეტად გაამყაროს ქართული ტერიტორიების  - აფხაზეთისა  და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია, ამ ოკუპაციისთვის გამოყოფილი ყოველწიური ხარჯების ჩათვლით.

 

 

 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions