თამაზ ნადარეიშვილის და კიმ ჯაჭვლიანის გახსენება

2017 წლის 19 ივლისს 63 წელი შეუსრულდებოდა თამაზ ნადარეიშვილს - სახელოვან მამულიშვილს, ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს(1990-1992; 1999-2004წწ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს( 1992-1993წწ.), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს(1995-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს(1995-2004წწ.) საქართველოს ვიცე-პრემიერს(1993-1995წწ.) გენერალ-მაიორს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატს. თამაზ ნადარეიშვილი 50 წლის ასაკში 2004 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.

თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. თ.ნადარეიშვილის ცხოვრების მიზანი, როგორც თავად მიიჩნევდა იყო „აფხაზეთში დაბრუნება, იქ ქართული სულისა და გენის აღორძინება”. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას, აფხაზეთის დევნილ, ლეგიტიმურ სტრუქტურებს და მოსახლეობას საკუთარი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

 

თამაზ ნადარეიშვილმა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, თავისი შეუპოვარი მოღვაწეობით შეძლო სიმართლე აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან მიეწოდებინა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადებული მისი გამოსვლები, თამაზ ნადარეიშვილის მიერ გაკეთებული ანალიზი და შეფასებები აფხაზეთზე მუდმივად გამოირჩეოდა საერთაშორისო რეზონანსით.

 

დღეს, 19 ივლისს კიდევ ერთი ჩვენი თანამებრძოლის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს პარლამენტის წევრის კიმ ჯაჭვლიანის დაბადების დღეა.

 

ჩვენ დიდ ტკივილად გვაწევს ჭეშმარიტი მებრძოლის, ნაღდი და უღალატო მეგობრის უდროოდ დაკარგვა, რომელიც ყოველთვის იყო მიმართული აფხაზეთის პრობლემების მოგვარებისათვის საბრძოლველად.

 

ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას, აფხაზეთის დევნილ, ლეგიტიმურ სტრუქტურებს და მოსახლეობას საკუთარი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის უმნიშვნელოვანეს საქმეში. კიმ ჯაჭვლიანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ლტოლვილთა საქმეებში გაწეულ მუშაობაში, დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის გათვალისწინებით.

 

ნათელი დაადგეს მათ ხსოვნას.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions