რა წერია საქართველოზე აშშ-ს კონგრესის კანონპროექტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

419 ხმით 3-ის წინააღმდეგ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის ანექსია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც კანონმდებლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტეს.

კანონპროექტში
H.R. 3203 საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

 



1. პირველად საქართველო გვხვდება კანონის მეასე გვერდზე, კანონის ქვეთავში სახელწოდებით „ევრაზიასა და ევროპაში რუსეთის ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა“. კერძოდ, მესამე პუნქტში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა კვლავ არღვევს 1994 წელს ბუდაპეშტში ხელმოწერილ მემორანდუმს და ჰელსინკის აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ეუთოს ჩამოყალიბებას და რომლის წევრიც თავად რუსეთიც არის. 2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებსდესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში.“

 

2. ამავე ქვეთავის მეოთხე პუნქტი კი მთლიანად საქართველოს ეთმობა.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რაც ითვალისწინებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს“.

 

3. კიდევ ერთხელ საქართველო ნახსენებია პროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დასაძლევად აშშ-ის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

 

კერძოდ, 102-ე გვერდზე ვკითხულობთ - „აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას: ა) გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; გ) შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ.

 

4. კანონპროექტის 103-ე გვერდზე საქართველოს შესახებ ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს. ეს მკაფიო საფრთხეს ევროპის და ევრაზიის ქვეყნებისთვის“. იქვე აღნიშნულია, რომ საპასუხოდ ამ ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მათი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა შენარჩუნებული იყოს. „აშშ-ი მხარს უჭერს იმ ინსტიტუტებს, რომლებისთვის ძირის გამოთხრას რუსეთი ცდილობს. მათ შორის, ნატო-ს და ევროკავშირს.

 

5. საქართველო ასევე ნახსენებია დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია აშშ-ის მხრიდან რუსეთის ზეგავლენისადმი მოწყვლადი ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით 2018-2019 წლებში ამ ქვეყნებისთვის გამოიყოფა 250 მილიონი დოლარი. კანონში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საარჩევნო მექანიზმების დაცვა კიბერთავდასხმებისგან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის ამ ნაწილში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ, საქართველო კი ნახსენებია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა.

 

ამავე თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება დაიხარჯება ამ სახელმწიფოებში კორუფციასთან ბრძოლაზე, კანონის უზენაესობის გამყარებაზე, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებაზე, მესამე პუნქტში ასევე ვკითხულობთ: „გამოყოფილი თანხა დაიხარჯება იმ ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურობის დასაძლევად, რომელიც გამოიწვია და გამძაფრდა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ ქვეყნების ტერიტორების ოკუპაციის შედეგად.“

 

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გარდა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა და ის ამჟამად პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება აღარ შეეძლება.

 

საგულისხმოა კონგრესმენების კომენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის გზავნილი აგრესიული რეჟიმებისთვის, რომელთა საფრთხის შემცველ ქმედებებსაც ამერიკა არ შეურიგდება.

 

"ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს,”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ედ როისმა.


“ვფიქრობ, ამერიკამ და ნატომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინასა და საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე უარი უთხრეს, ეს რომ არა, რუსეთი ვერ გაბედავდა ამ ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიის განხორციელებას. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე როგორც ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი”, - ამბობს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენი ელიოტ ენგელი.

 

„რუსეთის პრეზიდენტი ღიად გამოხატავს, რომ სურს მე-19 საუკუნის დროინდელი “გავლენის სფეროების” დაბრუნება, სურს იყოს დომინანტი და ჰქონდეს უფლება ჩაერიოს მეზობელი ქვეყნების საქმეებში. ამან თავის დროზე მსოფლიო ომებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ეს დაუშვებელია, მას ამის უფლება არ აქვს ისევე, როგორც ამერიკას არ აქვს უფლება უთხრას მექსიკას რა გააკეთოს და რა - არა. ამგვარ რამეს ჩვენ არ დავუშვებთ. მე მხარს ვუჭერ ამ სანქციებს იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთის მთავრობას, რომ ის ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მაშინაც კი, თუკი ისინი მეზობელი ქვეყნები არიან,” - ამბობს კონგრესმენი ჯერალდ ნადლერი.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions