აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

 

2017 წლის 20 სექტემბერს გაიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა ბატონების ნუგზარ მგალობლიშვილისა და ანზორ წოწონავას თავმჯდომარეობით.

მოისმინეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაცია 2016-2017 სასწავლო წლის შედეგებისა და ახალი 2017-2018 სასწავლო წლის შესახებ.  მოხსენებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილობა მიიღეს თეიმურაზ მჟავიამ, გივი ლომინაძემ, თამაზ ხუბუამ, მურმან კვარაცხელიამ, აკაკი გასვიანმა, ჯემალ გამახარიამ.

 

მომხსენებელმა და დისკუსიის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს როგორც საჯარო სკოლებში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებული ვითარება. ძირითადი ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

სხდომამ მაღალი შეფასება მისცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონ მანანა ქვაჩახიას მიერ გაწეულ სამუშაოს. შედგა კონკრეტული ნუსხა განათლების სფეროში დაგროვილი  იმ პრობლემებისა, რომლებიც მოითხოვენ საჩქაროდ გადაჭრას.  სხდომა თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას მუშა თათბირი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელმაც უნდა განიხილოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში შექმნილი ვითარების, ქართული ენის უფლებრივი  მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 29 აპრილის ერთობლივი სხდომის შეუსრულებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions