აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ აფხაზეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის კავშირის წარმომადგენლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

 

2010 წლის 1 ოქტომბერს აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებით კავშირში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

აფხაზეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის შემოქმედებითი კავშირის მოღვაწეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე, აფხაზეთის პრობლემატიკაზე, ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ფუნქციურ დატვირთვაზე.

 

აფხაზეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ გენო კალანდიამ, ჟურნალ ,,რიწის” რედაქტორა გივი ბერაიამ, კავშირის სხვა წევრებმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ბაღათურ არაბულმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანთა და ლიტერატორთა შემოქმედებით მიღწევებზე, მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე. ამასთან, მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირადად ბატონ ელგუჯა გვაზავას გამოჩენილი ყურადღებისათვის. აღინიშნა, რომ დევნილ შემოქმედთა მოღვაწეობისადმი ხელისუფლების გულისხმიერებას ძალუძს ამ კავშირის ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა.

 

შეხვედრის დასასრულს, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭედია და აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის პასუხისმგებელი მდივანი ტატიანა რუხაძე.

 

ელგუჯა გვაზავამ დიდი მადლობა გადაუხადა ყველა შემოქმედს აფხაზეთიდან, რომლებიც, მიუხედავად მშობლიური აფახაზეთიდან 17 წლის დევნილობით გამოწვეული სულიერი და მატერიალური შეჭირვებისა, თავიანთი ნიჭიერებითა და პატრიოტული სულისკვეთებით განაგრძობენ მაღალმხატვრული ნაწარმოებების შექმნას.


უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება
01.10.2010წ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions