მიმდინარე წლის 1 მარტს, 17 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში (შოთა რუსთაველის გამზირი #3) გაიხსნება დოკუმენტური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „აფხაზეთის ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“.
გამოფენის ორგანიზატორები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
ფოტოგამოფენის გახსნაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის პასუხისმგებელი პირები, ქვეყნის პრეზიდენტი, ანალიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მიაპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, აფხაზ სეპარატისტთა და კრემლის მესვეურთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტებს, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შორსმიმავალი გეოპოლიტიკური პროვოკაციის უმთავრესი ელემენტია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდისა და ჰუმანიტარული გენოციდის სხვა ფაქტებთან (განათლება, კულტურა) ერთად პირდაპირ არის მიმართული აფხაზეთში ქართული ეთნოსის ავტოქტონობის წინააღმდეგ, ანუ ადგილზე ქართველთა იდენტურობის კვალის წასაშლელად.
ამასთან, დღეს, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირდა ქართველთა წამებისა და მკვლელობის ფაქტები, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას სადღეისოდ იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ.
საკონტაქტო ტელეფონი: 599 40 04 40; 577 40 04 40.
გამოფენის კურატორი ზურაბ ჯგუბურია - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი