„აფხაზეთის ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“

 

1 მარტს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „აფხაზეთის ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“.


ფოტოგამოფენის მიზანი იყო  საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტებზე, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შორსმიმავალი გეოპოლიტიკური პროვოკაციის  უმთავრესი ელემენტია და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე  უკვე განხორციელებული ქართველთა  ეთნიკური წმენდისა და ჰუმანიტარული გენოციდის სხვა ფაქტებთან (განათლება, კულტურა) ერთად პირდაპირ არის მიმართული აფხაზეთში ქართული ეთნოსის ავტოქტონობის წინააღმდეგ, ანუ ადგილზე ქართველთა იდენტურობის  კვალის წასაშლელად.

გამოფენის კურატორები არიან აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია,  გამოფენის მოწყობის ორგანიზატორები კი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო. გამოფენას პარტნიორობას უწევენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გამოფენა გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დატვირთვას დღეს საქართველოში არსებული ოკუპაციის პირობებში, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა: - „მიუხედავად იმისა, რომ სევდიან თემასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, დიდი მადლობა აფხაზეთის ხელისუფლებას ინიციატივისთვის. იმედია, ეს სევდა არის დროებითი და მალე ყველა ჩვენგანს ექნება საშუალება იყოს აფხაზეთში, იცხოვროს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად  და ის მემკვიდრეობა, რომელიც სცდება ლოკალური რეგიონის მნიშვნელობას, იყოს ისევე მოვლილი და აღდგენილი, როგორიც წინაპრებმა გადმოგვცეს“.

როგორც გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა მანანა ქვაჩახიამ აღნიშნა: „ოკუპანტების მხრიდან აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული მრავალი ვანდალური აქტის შედეგად ეს ფასეულობები კარგავენ თავის ავთენტურობასა და უნიკალურობას. საფრთხის წინაშეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე კერ კიდევ შემორჩენილია. დღეს ოკუპირებულია არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორია, არამედ ამ ტერიტორიიდან იდევნება უძველესი ქართული ენაც თავისი უნიკალური დამწერლობით, ანბანით, რომელსაც 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა“. მ.ქვაჩახიას განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმეტური ფოტო-მასალა უფრო ზუსტად გადმოსცემს სათქმელს, მეტად ამძაფრებს განცდებს და აღქმას იმ ვითარებისა, რაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია  შეაჩეროს ოკუპანტების მიერ დაგეგმილი ის აგრესიული პროცესები, რომელთა მიზანია ქართული კვალის წაშლა საქართველოს ძირძველ მიწაზე“.

გამოფენის კურატორის ზურაბ ჯგუბურიას თქმით: - „ეს დოკუმენტური ფოტოგამოფენა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოწყობილი  ხელოვნური აქცია, არამედ ეს არის იმ ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ დადასტურება, რაც  ქართველების სიძულვილით შეპყრობილმა სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა საკუთარ თავს მოუწყვეს და ახლა ჩვეული უტიფრობით ცდილობენ ამ ბოროტების ქართველებზე გადაბრალებას.

ელემენტარული ლოგიგიკაა, რომ ქართველები საკუთარი სულიერების საფუძვლებს, იდენტურობის დამამტკიცებელ ძეგლებს არ და ვერც გაანადგურებდნენ  აფხაზეთიდან მათი  იძულებით გამოდევნიდან 18 წლის შემდეგ - 2011 წელს, ისინი უკვე იქ არ იმყოფებოდნენ!

აქ გამოფენილი თითოეული ფოტო აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ სეპარატისტების და ოკუპანტების მიერ უნებლიეთ, წამიერად,  „ჭეშმარიტების ზეიმის მომენტში“ დაფიქსირებული რეალობაა, რომელიც თვითონ  შექმნეს და ახლა  მათი „გამოცდილი მასწავლებლების“ კარნახით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას  და საკუთარი  ბოროტების გადაფარვას!

წელს აფხაზეთის ოკუპაციიდან 25 წელი სრულდება და ოკუპანტი უკვე განხორციელებული  ეთნიკური  წმენდით  არ  კმაყოფილდება - მას სურს დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული თვითმყოფადობის დამამტკიცებელი მატერიალური დოკუმენტები - ძეგლები არ არსებობს და ამისთვის მზად არიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც ჩაიდინონ - აფხაზეთში ყველაფერი, ქართული ისტორიულ-კულტურული საგანძური/ძეგლები, გაანადგურონ და მსოფლიოს  ქრისტიანული კულტურის და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეს უნიკალური მხარე  სამხედრო პოლიგონად აქციონ!!!

და ეს არც ჩვენი და არც ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია. აქ  წარმოდგენილი, საკუთრივ რუსულ-აფხაზური საინფორმაციო  წყაროებიდან  ამოღებული 21-ე საუკუნის (2011-2017 წ.წ.) ფოტომასალაც ამის დამადასტურებელი ერთ - ერთი  დოკუმენტური მტკიცებაა!“-აღნიშნა ბატონმა ზურაბ ჯგუბურია.

გამოფენის გახსნაზე მოსულ საზოგადოებას  მიესალმა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა. მისი განცხადებით,  აფხაზეთის კულტურული მეკვიდრეობა და წინაპართა ისტორიული საძვალეები ყველაზე მტკივნეული საკითხია დევნილი მოსახლეობისა და ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის: - „აფხაზეთში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის უმძიმეს საკითხზე მუშაობა, იუნოესკოსთან თანამშრომლობის მცდელობით, ჯერ კიდევ დევნილობის  პირველივე წლებიდან დავიწყეთ პარლამენტში მოქმედ სადეპუტატო ფრაქცია „აფხაზეთში“, რომლის წევრი მეც გახლდით. მოყოლებული იმ დღიდან, აფხაზეთიდან ყველა დევნილის, უპირველესად კი ჩვენი საფიქრალი  და საზრუნავი ის არის, რომ არ მოხდეს ქართული კვალის განადგურება ძირძველ ქართულ მიწაზე. სამწუხაროდ, ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირდა ქართველთა წამებისა და მკვლელობის ფაქტები, ამიტომაც  მიგვაჩნია, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად  უნდა მიაწოდოს ინფორმაცია  საერთაშორისო საზოგადოებას სადღეისოდ იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ და ცივილიზებულმა მსოფლიომ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩაფიქრებული კულტურული გენოციდი“.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯ.გამახარიამ ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა უკვე გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და იქცა საერთაშორისო საკითხად. სეპარატისტებისა და მათი მფარველების მიზანია დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამართალმემკვიდრენი ქართველები არ არიან, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლით ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ ძეგლების არქიტექტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია და ქართული ეპიგრაფიკა. ამიტომაც მიმდინარეობს იქ ქართული ძეგლების იერსახის შეცვლა და ქართული ეპიგრაფიკის განადგურება. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ე.წ. კეთილი ნების ელჩები სინამდვილეში კულტურის ძეგლებზე კი არ ზრუნავენ, არამედ ამ ძეგლებს ამოფარებულები ცდილობენ საერთაშორისო არენაზე გასვლას, სადაც მათ არავინ აღიარებს..... დღეს აქ გამოფენილი მასალები თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ქართული ისტორიული ნაგებობები ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორი იყო ილორი, ბედია და სხვა ძეგლები რესტავრაციამდე და როგორი სახეშეცვლილი „აღდგენა“  მიმდინარეობს ახლა...... ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ გამოფენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ  თავად დარწმუნდნენ, ვისი საკუთრებაა ეს ძეგლები სინამდვილეში და ვინ ანადგურებს მათ“.

მოწვეულ უცხოელ სტუმართაგან გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: საბერძნეთიდან ელჩის მოადგილის, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, ბულგარეთიდან,  ლიტვიდან,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პოლიტიკური ან კულტურის საკითხებში მდივნების-ატაშეების დონეზე.

გამოფენის დასასრულს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავად შეასრულა საგუნდო ნაწარმოებები.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთი თვე გასტანს.



 











































































































































































































































































ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions