პოლონეთის ელჩის ვიზიტი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პოლონეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება  მარიუშ მაშკევიჩი საელჩოს მეორე მდივანთან ბართლომე გათარზთან ერთად  სტუმრობდა.


 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნის ელჩს სტუმრობისათვის  და ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, დაწვრილებით გააცნეს სტუმარს აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ სადღეისოდ არსებული ვითარება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალმხრივი და მრავალრიცხოვანი საგანგაშო ფაქტი, უძველესი ქართული კულტურის ძეგლების ვანდალურად განადგურების, აფხაზეთის ძირძველ ქართულ მიწაზე ქართული კვალის გაქრობის   მძაფრად გამოხატული, მიზანმიმართული ტენდენცია.

ვრცელი მსჯელობა გაიმართა აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების მნიშვნელობასა და არაორდინარულ სიტუაციაში საქმიანობის  ნიუანსებზე.

ბატონმა მარიუშ მაშკევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების ლეგიტიმურობისადმი. ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთისა და საქართველოს რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლის გზებს შორის თვალშისაცემი პარალელები არსებობს, რაც რუსეთის იმპერიული ზრახვებიდან და ქმედებებიდან გამომდინარეობს.

ბატონი ელჩის განცხადებით, ევროკავშირიც, მსოფლიო თანამეგობრობა მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამას მხოლოდ პოზიტიური შედეგები უნდა მოჰყვეს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა.

პოლონეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა  მარიუშ მაშკევიჩმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას საჩუქრად გადასცა პოლონეთში პოლონურ და ქართულ ენაზე გამოცემული დავით აღმაშენებლის ფსალმუნები და ლეგენდარული ლეხ კაჩინსკის პორტრეტი მეუღლესთან ერთად.

დასასრულ, ელჩმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის კმაყოფილება გამოხატეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.



























































































































































 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions