ალბომი უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოდ

 

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ალბომი „საქართველო“, რომლის ავტორიც არის აღმოსავლეთმცოდნე არჩილ ქიქოძე. ალბომი დაყოფილია ისტორიული კუთხეების მიხედვით და ქართულ-რუსული ტექსტით აღწერილია თითოეული კუთხის ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები, ადათ-წესები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დართულია ქართველი და უხცოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. როგორც ჩანს, წიგნი განკუთვნილია რუსი ტურისტებისთვის და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს საქართველოში მოგზაურთათვის. სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის ალბომში ადგილი ვერ მოიძებნა იმ მიზეზით, რომ ეს ორი რეგიონი დღეისათვის არის ოკუპირებული და, როგორც გვაუწყებენ,  ამიტომ ვერ მოხერხდა იქაური ღირსშესანიშნაობების ფირზე აღბეჭდვა.

 

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა ალბომმა აფხაზეთის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც უმაღლეს საბჭოში აღნიშნეს, მსგავსი გამოცემები ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს და არ შეიძლება მხოლოდ პირად მოსაზრებებზე ორიენტირებული ავტორების კომპეტენტურობის ამარა დარჩეს. მას საკმაოდ სერიოზული, კვალიფიციური და აკადემიური მიდგომა ესაჭიროება.

 

 

„საუბედუროდ, აფხაზეთის თემას არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ჩვენ რომ სრულყოფილად ვიცნობდეთ აფხაზეთის ისტორიას მთელი თავისი ხიბლითა და დიდებით, ალბათ, არცერთ ქართველს არ დასჭირდებოდა იმის კარნახი და შეხსენება, რომ საქართველოს ხსენება აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე არის ღალატი!“ - აცხადებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.

 

 

„ჩვენ დღეს საინფორმაციო  ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ოკუპირებულ თემებზე ნებისმიერი სიტყვის თქმა  დიდ სიფრთხილეს მოითხოვს არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ურთიერთობებისგან,  არამედ თითოეული ჩვენგანისგან.

 

 

საქმეს ის ართულებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ნაკლებად გარკვეული, მათ შორის რუსი ტურისტები უაფხაზეთო და უსამაჩაბლო „საქართველოს“ ალბომის გაცნობის შემდეგ, ადვილად ირწმუნებენ იმ ცრუ ინფორმაციულ და იდეოლოგიურ პროპაგანდას, რომელსაც ოკუპანტ ქვეყანაში უნერგავენ. ეს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ხელისშემშლელ გარემოებად გვევლინება.

 

 

სიტყვამ მოიტანა და ბოლო დროს ფეხმოკიდებულ ტენდენციასაც შევეხები - აფხაზეთის  მეტად მწვავე და საფრთხილო თემაზე ისინი ბედავენ მრუდე ფილმების გადაღებასა თუ  ე.წ. ისტორიების დაწერას, ვისაც,  ასე ვთქვათ,  „ახლოსაც არ ჩაუვლია“ ამ პრობლემასთან და გაზვიადებული ჰუმანურობითა თუ ტოლერანტობით მოხიბლულები, მცირე ერის ჩაგვრას გვაბრალებენ და რაღაც გაუგებარ მონანიებას გვთავაზობენ...- აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.

ალბომის გარეკანზე მითითებულ მოკლე ანოტაციაში ავტორი აღიარებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გამოცემული ნაშრომი ამ თვალსაზრისით ხარვეზიანია, მაგრამ იქვე დასძენს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მისი გამოსწორება.

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, ხარვეზი დროულად გასწორდეს და დროში არ გაიწელოს.
























































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions