უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

13 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის აფხაზეთის მთავრობის წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შემდგომი ინიციირების მიზნით საკანონმდებლო აქტების პაკეტი.

სხდომის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ა/წ 12 აპრილს გარდაცვლილი უმაღლესი საბჭოს უხუცესი წევრის შოთა ხეცურიანის ხსოვნას.

სხდომის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წამოჭრილ საკითხებზე. შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად კანონპროექტი დაუბრუნდა კანონპროექტის ინიციატორ სამინისტროს, რათა შემდგომ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატთან ერთად მოხდეს მისი შეჯერება და 20 მაისს განსახილველად წარდგენა. ამასთან, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს და აღნიშნული საკითხის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე წარდგენას.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტის სახით იქნა წარმოდგენილი კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეთანის თაობაზე; „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მათი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად გატანა გადაწყდა.

გარდა ამისა, განხილულ იქნა ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს 2021 წლის 11 მაისის სხდომის ოქმი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის დასახელებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომიტეტს დაერქვას სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების საკითხთა კომიტეტი.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა განიხილეს საკითხი უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული კომიტეტის შექმნის შესახებ.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, თავმჯდომარის კაბინეტის წევრები გიორგი გვასალია და ირაკლი დბარი, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს წარმომადგენელი ელისო გვასალია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები დავით ჭედია და გია კოკაია.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.









































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions