იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირება.“

ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის  2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში ხელმოწერილი  ე. წ. შეთანხმების საგანი იყო ბიჭვინთა-მიუსერას სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისების საკითხი. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობის რუსეთისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწის 49 წლის ვადით გადაცემას. ოკუპანტი სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის ასევე ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალი,  შავი ზღვის ბიჭვინთის აკვატორია და საჰაერო სივრცე. „შეთანხმების“ სისრულეში მოყვანა უკიდურესად შეავიწროებს ადგილობრივ მოსახლებას, გამოიწვევს ათობით ოჯახის მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრას და სხვაგან გადასახლებას. უნდა ითქვას, რომ გასაიდუმლოებული „შეთანხმების“ გასაჯაროებამ და  აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მის „რატიფიკაციასთან“ დაკავშირებული პროცედურების დაწყებამ აფხაზურ საზოგადოებაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.

ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ვიდეო ჩანაწერი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილების შესახებ (ვიდეოჩანაწერის ლინკი: https://youtu.be/O64nxvev5fI?si=PP09Bq__JrLmTg5Y).  მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს მოახდინა შეთანხმების „რატიფიცირება“.

„ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თაობაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული „შეთანხმება“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს  მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ამასთანავე, „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.“-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა იმ სამ ცვლილებაზე, რომელიც შეთანხმებიდან გამომდინარე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის კანონმდებლობაში შევიდა. მან აღნიშნა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.  უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში  გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება.

საჭიროა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებულ იქნეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი.

კომიტეტის წევრებმა დეტალურად განიხილეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი. საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლეს საბჭოში ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, ნაპოლეონ მესხია, თეიმურაზ მჟავია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციუ რეჟიმში წარიმართა.

 
















































































































































































 
































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions