დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ კიდევ უფრო განამტკიცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა თითოეული ქართველის გულში, სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის დაშლის შეუქცევად პროცესს.
ამავე დღეს განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა და აღდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლება არის უდიდესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გმირთა ხსოვნა გვაძლიერებს და გვავალდებულებს ერთიანობითა და თავდადებით ვაშენოთ ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ვულოცავ სრულიად საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს 9 აპრილს — ეროვნული ერთობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას.
პატივისცემით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია