1 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების თაობაზე“ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.
საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტების წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი დადგენილების პროექტს და უმალესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობას.