მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის,
საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
წევრის - გერმანე ფაცაციას ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანგებო პლენარული სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები,
გერმანე ფაცაციას ოჯახის ახლობლები და მეგობრები.
სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან სიტყვით მიმართა კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და შეკრებილ
სტუმრებს. აღნიშნა, რომ გერმანე ფაცაცია იყო გამორჩეული პიროვნება, მრავალმხრივ განსწავლული
ადამიანი და მეგობარი, გაიხსენა მასთან ერთად გატარებული შეხვედრები. „გერმანე ფაცაცია
იყო თავის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი, საქმის უზადო პროფესიონალი”,
აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
გერმანე ფაცაციას კოლეგები, მეგობრები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები. გამომსვლელებს
შორის იყვნენ; უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,
საიუბილეო კომისიის ხელმძღვანელი და ღონისძიების მთავარი გამომსვლელი თამაზ ხუბუა,
უმაღლესი საბჭოს წევრები ნუგზარ მგალობლიშვილი, ელგუჯა გვაზავა, ოლღა ნაგარნინა, როსტომ
შამუგია, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ირაკლი ბათიაშვილი, საქართველოს რესპუბლიკის
პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი თენგიზ დიხამინჯია, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ერეკლე საღლიანი, ჟურნალისტები ნინო რატიშვილი და ამირან ბუთურიშვილი, ოჯახის ახლობელი
დიანა მებონია, გერმანე ფაცაციას ძმა ერეკლე ფაცაცია.
გამომსვლელებმა გაიხსენეს გერმანე
ფაცაციას ცხოვრების საინტერესო მომენტები, სტუდენტობა, პოლიტიკური მოღვაწეობის ურთულესი
წლები, ომი აფხაზეთში და მისი შემდგომი პერიოდი. საზოგადოება მას იცნობდა, როგორც კეთილშობილ,
მრავალმხრივ განსწავლულ და პროფესიონალ პერიოვნებას. ამავდროულად, იგი იყო მეცნიერი,
ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მრავალი ნაშრომისა თუ პუბლიკაციის ავტორი.
გერმანე ფაცაციას ნაადრევი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, როგორც აფხაზეთისთვის,
ისე სრულიად საქართველოსთვის.
სხდომის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა
საარქივო მასალები გერმანე ფაცაციას პოლიტიკური მოღვაწეობიდან.
ამავე დღეს გერმანე ფაცაციას ხსოვნას
პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი
საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა,
მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.
2026 წლის 20 აგვისტოს გერმანე ფაცაციას 75 წელი შეუსრულდებოდა. იგი 62 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2013 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.