მიმდინარე წლის
16 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმისა და რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს
უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
პრეზიდიუმის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის
დღის წესრიგში უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისა და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ საკითხების შეტანის თაობაზე წინადადებები.
პრეზიდიუმმა ასევე განიხილა „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების საკითხი და მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყებას.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე თამაზ ხუბუამ
და ვახტანგ ყოლბაიამ მათ მიერ დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან
გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც უმაღლესმა
საბჭომ მათი სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევის საკითხები განიხილა.
თავდაპირველად კენჭისყრაზე დადგა ვახტანგ
ყოლბაიას საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის საკითხი. კენჭისყრის
შედეგად, უმაღლესმა საბჭომ ვახტანგ ყოლბაია აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
შემდეგ კენჭისყრაზე თამაზ ხუბუას იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის საკითხი დადგა.
კენჭისყრის შედეგად, უმაღლესმა საბჭომ იგი აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
პრეზიდიუმმა განიხილა ასევე მთელი რიგი მიმდინარე
საკითხები.