აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის
დროს, სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 22 სექტემბერს,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა
ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 1993 წელს ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული
გმირების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
მემორიალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომკიურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს აპარატის
უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის
22 სექტემბერს, თბილისიდან სოხუმის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც
სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები,
მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული
საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდმა ბაბუშერის აეროპორტში
დაშვება შეძლო, თუმცა მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.
უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა
კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს და თანაგრძნობა
გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.