21 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება და პირველკურსელთა მიღება.

პირველკურსელებს სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებებით დახვდნენ. სპეციალურად მოწყობილ ფოტოზონაში პირველკურსელებმა უნივერსიტეტში გატარებული პირველი დღის ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი  საქართველოს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეა ჯუღელმა.

პირველკურსელებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. მან ახალგაზრდებს წარმატებული სტუდენტური ცხოვრება უსურვა და აღნიშნა, რომ  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს უპრეცედენტო რაოდენობის პირველკურსელი მიიღო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების გეგმებზეც, მათ შორის ახალი საგანმანათლებლო მიმართულებების დამატებასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებაზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ილონა ჩხოტუა.

საზეიმო ღონისძიებისას  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით უნივერსიტეტში ჩარისხული ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელები.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 სექტემბერს აღინიშნება. უნივერსიტეტის ეზოში მშვიდობისა და საერთო მომავლის სიმბოლოდ ხე დაირგა.

გალერეა

სხვა სიახლეები