დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 350 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ზუგდიდში, ასევე ჯვარისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული. სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ გადასცეს. დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის ჩასახლებაში 36 სკოლის მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ნივთები.
საქველმოქმედო აქცია განხორციელდა უმაღლეს საბჭოსთან არსებული ფონდის „სოციალური სოლიდარობისთვის“ ხელშეწყობითა და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის აქტიური მონაწილეობით.
ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელიც გაგრძელდა 30 აგვისტოს, მიეძღვნა აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და სკოლების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოების ცერემონიას.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიუდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი თეიმურაზ მჟავია. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაჯილდოებულებს მიულოცეს დიდი წარმატება და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის. გაიმართა წარჩინებული კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსვისა და სიგელების გადაცემის ცერემონია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ბენდელიანს, ხოლო რუხისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლების აფხაზეთიდან დევნილ 11 მოსწავლეს გადაეცათ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები.
ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტში „სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლებები ოკუპირებულ აფხაზეთში“ 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით. 18 მოსწავლეს გადაეცა სასკოლო ჩანთები და სხვა სასკოლო ინვენტარი.
ღონისძიებებში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ნანა კვარაცხელია, ხვიჩა ქარდავა, ზურაბ ჯგუბურია, ზურაბ კობახიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავა, მთავარი სპეციალისტი მერაბ ჩიკვატია.