5 სექტემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიცირება”.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს   გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს სათათბირო ორგანოა, ის ფაქტობრივად კომიტეტების ფუნქციას ითვალისწინებს.  გათვალისწინებულია აგრეთვე მინისტრის საათის გაუქმება, ვინაიდან წარმოადგენს კონტროლის არაეფექტიან მექანიზმს. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების გარკვევა შესაძლებელია ინტერპელაციის ფორმატშიც. ამგვარად მისი, როგორც ცალკე ნორმის არსებობა მიზანშეწონილი არ არის.

საკითხის განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში  ინიცირების საკითხს.

სხდომას ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია (დისტანციურად), ნუგზარ მგალობლიშვილი,  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ოთარ გარმელია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე,  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია ესწრებოდნენ.   

გალერეა