ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გამოიტანა. 

მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და აქედან გამომდინარე, არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი. 

„ამგვარად, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 

ამგვარად, კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.

 

გალერეა

სხვა სიახლეები