პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, პირველი მოსმენით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს ქულები არ დააკლდეს და აქედან გამომდინარე, არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კანონპროექტი პარლამენტმა 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.


გალერეა

სხვა სიახლეები