12 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

კოლეგების წინაშე მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. მან  ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 35 სხდომა და განიხილა 37 საკითხი. კომიტეტის მიერ ინიციირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ოთხი პროექტი. აგრეთვე განხილულ იქნა ამ და სხვა პროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის შესახებ რვა საკითხი. დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც ცვლილებები შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე. ამ მიმართულებით დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ შემუშავდა კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე/ფულადი დახმარების გაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე.“

გარდა ამისა, კანონპროექტი ვრცელდება მის გამოქვეყნებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე გამოცემულ და აღუსრულებელ შესაბამის სამართლებრივ აქტებზე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის თაობაზე მსჯელობა ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში, დარგობრივ კომიტეტებში, საქართველოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროსა და სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“, შეხვედრები იყო უშალოდ უწყებების პირველ პირებთანაც, კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში. პროექტი გადაგზავნილია ჯანდაცვის კომიტეტში და უახლოეს მომავალში  მისი განხილვის პროცედურის გაგრძელება უნდა დაიწყოს.

ამრიგად, კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც გააუმჯობესებს დევნილი ოჯახის ინტერესების დაცვას.

ვახტანგ ყოლბაიამ ასევე ისაუბრა კომიტეტის მიერ ინიციირებულ სხვა კანონპროექტებზე, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირთა გადაადგილებას და საქართველოს „მოქალაქეობის შესახებ“ კანონს, უმაღლესი საბჭოს ძალისხმევის შედეგად მიღწეულ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებას.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შემოვიდა 228 წერილი, აქედან ინფორმაციული ხასიათის იყო 120, ხოლო შესწავლისა და შესაბამისი დამუშავების შედეგად გასულია 105 პასუხი.

კომიტეტის წევრები დევნილების მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირების შესწავლის მიზნით მივლინებულ იყვნენ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ისმენდნენ და შესაბამის რეაგირებას ახდენდნენ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. აქტიური კონსულტაციები გაეწიათ დევნილებს საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით. კონსულტაციები მიიღეს აფხაზეთიდან გადმოსულმა პირებმაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან/აღდგენასთან დაკავშირებით.

კომიტეტი საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობდა უმაღლესი საბჭოს სხვა კომიტეტებთან და ფრაქციებთან საკანონმდებლო აქტების დამუშავების თუ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ახორციელებდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობის როტაციას. კომიტეტს კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი სტრუქტურის უწყებებთან.

კომიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს დევნილი მოსახლეობის მომართვებს, მათ შორის სასამართლო დავებთან დაკავშირებითაც. ამ პირებს კომიტეტის აპარატის მიერ გაეწიათ შესაბამისი  კონსულტაციები.

კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდი „სოლიდარობისთვის” ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებაში.

გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, დეპუტატები თეიმურაზ მჟავია, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა. გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები, რომელთა მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს მოკლე ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ვიზიტის შესახებ რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულებაში, სადაც მათ მოინახულეს აფხაზეთიდან დევნილი პატიმარი ქალები.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

გალერეა

სხვა სიახლეები