1939 წლის 24 მარტს გარდაიცვალა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი. 2025 წელს, მისი დაბადებიდან 145 წელი გავიდა.
ამ თარიღის აღსანიშნავად, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში არზაყან ემუხვარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა ქრისტინა ავალიანმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და მკვლევარმა ნატო მარშანიამ. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების მნიშნელობას და მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და არზაყან ემუხვარის შთამომავლები.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩაზე მდებარე ძეგლი და სკვერი დაასუფთავეს.