მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა ღვაწლმოსილ პედაგოგს აფხაზეთიდან არველოდ შონიას.
არველოდ შონიამ
28 წელი იმუშავა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის მე-2 საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის
პედაგოგად, აქედან ბოლო 10 წელი, იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა ამავე სკოლის დირექტორად.
სკოლაში მუშაობის პერიოდში ბატონმა
არველოდმა ადგილობრივი მოსახლეობის და მოსწავლე
ახალგაზრდობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების
შემდეგ რამდენიმე წელი მან იმუშავა ხობის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად. ამჟამად დამსახურებულ
პენსიაზეა და ცხოვრობს ქ. ხობში.
25 თებერვალს ხობის საზოგადოების, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
და ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ბატონი არველოდის
იუბილე.
ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობისათვის,
ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბატონ არველოდ შონია დაჯილდოვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, რომელიც აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით
იუბილარს გადასცა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ
ყოლბაიამ.
იუბილარს აგრეთვე გადაეცა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელი, შონიების საგვარეულოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.