30 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიციირება.

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის  აუცილებლობა განპირობებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით. საჭიროა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული მორიგი სესიების გახსნის თარიღის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ თარიღებთან შესაბამისობაში მოყვანა.

წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე  მუხლის მე-2 პუნქტში და ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიების გახსნის თარიღის შეცვლას: საშემოდგომო სესია გაიხსნება სექტემბრის მეორე სამშაბათს და დაიხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია გაიხსნება თებერვლის მესამე სამშაბათს და დაიხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

საკითხის განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში  ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები: ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია.

გალერეა

სხვა სიახლეები