4 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის პროექტების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრი გიორგი ძიგუა, იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია.
ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ
საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ავტორობითა
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციირებით აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა ორი კანონპროექტი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის პროექტი და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.
აღნიშნულ კანონპროექტებზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიმდინარე წლის 29 იანვარს
მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ კანონპროექტებზე პროცედურის დაწყების შესახებ და წამყვან
კომიტეტად განისაზღვრა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,
რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონის პროექტი ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
სამინისტროდ გარდაქმნას. „მინისტრის აპარატის წინაშე მდგარი სხვადასხვა მიმართულების
ამოცანების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნა და ამ სახით იყოს წარმოდგენილი
აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონპროექტს
ეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტიდან გამომდინარეა.“
- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სხდომის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა
იმ გარემოებას, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი
წევრების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნები და
წინადადებები არ გამოთქმულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
აზრი გამოთქვეს ანზორ წოწონავამ, გიორგი ძიგუამ, მაია შამუგიამ.
საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის
წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტების აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად
ცნობის საკითხს.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები რაისა ქარაია (დისტანციურად), ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია.