საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. 

კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაა, კომიტეტის წევრებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო. 

მომხსენებელს მიაჩნია, რომ დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა აუცილებელია, მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა. 

„ცვლილების შეტანა აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

გალერეა

სხვა სიახლეები