25 ოქტომბერს კულტურის ცენტრში “მუზა” ნიკა ემუხვარის  სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი “გვესმოდეს ერთმანეთის!” გაიმართა.

კონკურს-ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ნამუშევრები.  ფერწერული, გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. თითოეულ ახალგაზრდას გადაეცა მონაწილის დიპლომი, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი - ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემიები.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა შემოქმედთა თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის ხელშეწყობას, დევნილი ახალგაზრდების შემოქმედებითი ენერგიისა და აფხაზეთის თემატიკის თანამედროვე ხედვით წარმოჩინებას კულტურის, განათლებისა და მშვიდობის კონტექსტში. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ და ნიკა ემუხვარის შემოქმედებაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა,  ნიკა ემუხვარის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა: მერაბ ემუხვარმა, ზურაბ ჩიქოვანმა და გელა  აბსანძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: ჯემალ გამახარია,  ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, გია გვაზავა,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და დევნილი  საზოგადოების  წარმომადგენლები.

პროექტის ორგანიზატორია “ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის”.

გალერეა

სხვა სიახლეები