მიმდინარე
წლის 22 ოქტომბერს გაიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები, რომლებსაც
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა
მოისმინეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული ინფორმაცია 2020-2024 წლებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურების საფინანსო-საბიუჯეტო
და სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.
მოხსენების
ძირითად მიმართულებებზე ვრცლად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მისი თქმით, დოკუმენტში
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის
მდგომარეობაზე, დევნილთა მზარდ საჭიროებებსა და მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ამასთან,
თამაზ ხუბუამ მიმოიხილა სოციალური და ეკონომიკური პროცესების ძირითად მიმართულებები;
რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების და მართვის ეფექტიანობა; საქართველოს მთლიან ფისკალურ
სისტემაში აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების როლი და მნიშვნელობა.
თამაზ ხუბუას
განმარტებით, „დოკუმენტის მიზანია საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, დევნილი მოსახლეობის
ინფორმირება იმ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია მათი სოციალური და ეკონომიკური დაცვის
უზრუნველსაყოფად. დააფიქსიროს მიღწევები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო
გზები. აჩვენოს არსებული რეზერვები და წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც
ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვის გაუმჯობესებას, ფინანსების უფრო ეფექტიან
გამოყენებას და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას“.
„2020-2024
წლებში აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტი 18.3 მილიონი ლარიდან 32.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და
2024-2027 და 2025-2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების თანხვედრა, რათა
თავიდან იქნეს აცილებული საბიუჯეტო დისბალანსი და გაუმჯობესდეს სტრატეგიული დაგეგმვა“
- დასძინა თ. ხუბუამ.
გამოსვლის
დასასრულს, თამაზ ხუბუამ მადლობა გადაუხადა კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებს,
უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელ პირებს წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებებისათვის.
აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი
დოკუმენტი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები დაექვემდებარება პერიოდულ
განახლებასა და შევსებას.
დისკუსიის
მსვლელობისას მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ,
თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა
საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში
კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის"
თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ოთარ გარმელიამ.
დასასრულს
კოლეგებმა მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ დოკუმენტს.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.