აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ გამართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა კოლექტიური განცხადების ავტორთა მიერ (ზ.ჯგუბურია, რ.წულაია, ო.აძინბაია)  შემოთავაზებულ ინიციატივას ფოთში დისლოცირებული 21-ე საჯარო სკოლის ბაზაზე, როგორც საპილოტე პროექტი, აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კაბინეტის შექმნის ორგანიზაციულ-ფინანსური მახასიათებლების ერთობლივ განხილვას. 

მუშა-თათბირის მსვლელობისას ხაზი გაესვა მსგავსი კაბინეტის - ჯერ მითითებულ სკოლაში, შემდეგ კი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - ამ ეტაპზე შექმნის პრიორიტეტულ მიმართულებას, რაც ითვალისწინებს აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ბერკეტების ჩამოყალიბებას, აფხაზეთის მკვიდრი, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის ხსოვნის უკვდავყოფას. 

შეხვედრის მონაწილეებმა წამოაყენეს კონკრეტული წინადადებები და საქმიანი რეკომენდაციები წარმოდგენილი პროექტის ხორცშესხმის უზრუნველსაყოფად. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ნინო ციხელაშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი დავით ბაღდავაძე, მინისტრის თანაშემწე მანანა ქვაჩახია, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ნონა ქარაია, საფინანსო სამსახურის უფროსი მარად ჩაკვეტაძე, უმაღლესი საბჭოს პრეს სპიკერი მარიამ ინალიშვილი. 

შეხვედრის  მონაწილეები შეთანხმდნენ პროექტის იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ საკითხი განხიხული იქნას ანალოგიურ შეხვედრაზე 2025 წლის 26 სექტემბერს.

გალერეა

სხვა სიახლეები