აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ გამართა სამუშაო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში.


თამაზ ხუბუა შეხვდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) „სამედიცინო ცენტრი - „დიომედის“ მედიკოსთა კოლექტივის წარმომადგენლებს, სადაც გაიმართა საქმიანი საუბარი სამედიცინო ცენტრის საქმიანობაში ჯერ კიდევ არსებული აუმოქმედებელი რესურსების დაუყოვნებლივ და მიზანმიმართულად გამოყენებაზე. ბატონ თ. ხუბუასა და სამედიცინო ცენტრის მენეჯერს ნინელი კიკელიას შორის გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა აქცენტები გააკეთეს შპს-ს საქმიანობის ეფექტურობის შემდგომი ამაღლების, ცენტრში საკადრო ოპტიმიზაციის ღონისძიებების რეალიზაციის წარმართვისას აფხაზეთიდან დევნილი მედიცინის დამსახურებული მუშაკების უფლებების განუხრელი დაცვის აუცილებლობაზე. 


თამაზ ხუბუა შეხვდა შპს „სამედიცინო ცენტრი „დიომედის“ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებთანაც რეორგანიზაციის მსვლელობისას, გაწყვეტილი იქნა შრომითი ხელშეკრულებები. სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ შპს გენერალური დირექტორატისაგან შრომითი ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. დისკუსიის მსვლელობისას გამოითქვა მკაფიო მოსაზრებები ჩატარებული რეორგანიზაციის დაბალ ეფექტურობაზე, რამაც თავისი გავლენა იქონია დევნილი ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. მხარეები შეთანხმდნენ აქტუალიზებულ თემასთან დაკავშირებით რეალური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით საქმიანი თანამშრომლობის ფორმებზე. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის „ესკულაპი“ დირექტორმა, ჯანდაცვის პროფესიონალმა ორგანიზატორმა ქეთევან კვარაცხელიამ. 

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში თამაზ ხუბუა შეხვდა და მიმდინარე საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობა გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იგპ-თა სამინისტროს წარმომადგენლობის პასუხისმგებელ პირებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია უწყების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. გამოითქვა დადებითი დამოკიდებულება აფხაზეთის დევნილ საკანონმდებლო ორგანოსა და აღნიშნული წარმომადგენლობას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმებისადმი.


 ქ. ზუგდიდში გამართული სამუშაო შეხვედრების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ზურაბ ქეცბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ მაია ჯახაიამ. 

გალერეა

სხვა სიახლეები