მიმდინარე წლის 4 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმმა განიხილა საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ქ. ფოთში მივლინების შედეგების შესახებ“; ვახტანგ ყოლბაიას ქ. ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მივლინების შედეგების შესახებ; „ადა მარშანიას ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ“.  

კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდება მოსამზადებელი მუშაობა, რითაც განისაზღვრება განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც. განხილვის პროცედურის დასრულების შემდგომ, აფხაზეთის მთავრობას წარედგინება დასკვნის სახით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების და ფრაქციების წინადადებები.

მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ქ. ფოთში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში პრაქტიკული კონფერენციის - „აფხაზეთი საქართველოა“ მეორე ეტაპის ფარგლებში უფროსკლასელებისა და მათი პედაგოგების მიერ წარდგენილ მოხსენებებში, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიულ, კულტურულ და სამართლებრივ ასპექტებზე, დეტალურად გაანალიზდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. კონფერენციამ დადებითი შეფასება მიიღო.

ვახტანგ ყოლბაია ასევე შეეხო ამავე სკოლის ბაზაზე აფხაზეთის ისტორიის კაბინეტისთვის ცნობილი აფხაზი და ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, პროფ. ზურაბ ანჩაბაძის სახელის მინიჭების საკითხს. უმაღლესი საბჭოს დელეგაციის აფხაზეთის 21-ე სკოლაში ვიზიტის ფარგლებში მოხდა ამ ფაქტის აღმნიშვნელი დაფის საზეიმო დამაგრება, დასძინა ვ. ყოლბაიამ.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს ქ. ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში განხორციელებული სამუშაო მივლინების შედეგები გააცნო. აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ადგილზე განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს. შეხვედრებზე საუბარი შეეხებოდა დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, ასევე დაბა ჩხოროწყუში მიმდინარე №10 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს. მისი თქმით, მშენებლობის დასრულება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია და ადგილზე სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ ვრცლად ისაუბრა აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ. აჭარაში განსახლებულ თანამემამულეებთან შეხვედრების დროს მხარეები შეეხნენ იმ საყოფაცხოვრებო, სოციალურ და სხვა სფეროს პრობლემებს, რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა რეგიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ადა მარშანიას თქმით, აქტუალურია ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის საკითხი, რომელიც პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებისთვის.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.  

მოსაზრებების და წინადადებების ურთიერთგაცვლის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.  

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.   

გალერეა

სხვა სიახლეები