19 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:

„ინფორმაცია აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.“

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის პროექტის შესახებ.“

„ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ.“

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჯემალ გამახარიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს კერძოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ ე.წ. არჩევნებით არ მოხდება იმ დაპირისპირების განმუხტვა რისთვისაც მოხდა 15 ნოემბრის აჯანყება. ე.წ. არჩევნები „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ტარდება, ტარდება ეთნიკური წმენდის პირობებში, ოკუპაციის პირობებში ბუნებრივია ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება. თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა და სხვადასხვა ქვეყნებმა, მაგრამ მთავარია, რომ  ბრიუსელმაც გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, რომ ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნებს. თქვენი სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები. როდესაც ეს დასრულდება, ანუ პირველ მარტს, არ ვიცით დასრულდება თუ არა, ან რა მოხდება, თუ დასრულდება ჩვენ არამხოლოდ განცხადებას გავაკეთებთ, არამედ მივიღებთ დადგენილებას მათი ე.წ. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ“- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის პროექტის შესახებ მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, სიმბოლოების კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი. წარმოდგენილ იქნა დროშის ნიმუში, რომელთან დაკავშირებითაც ნუგზარ მგალობლიშვილმა ისაუბრა, კერძოდ, მასზე გამოყენებულ ფერთა მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა ჩატარებულ სამუშაოზე, რომელიც წინ უძღოდა აქ  წარმოდგენილი დროშის პროექტის ჩამოყალიბებას.  პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე  შეთანხმდნენ აქ  წარმოდგენილი დროშის პროექტზე, რომლის კანტონშიც საქართველოს დროშაა გამოსახული და ჰორიზონტალურად განლაგებულია მწვანე და თეთრი ფერის ზოლები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ დროშას, არამედ მხოლოდ ამ დროშის პროექტს.

საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  წარმოდგენილი დროშის პროექტს. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ნანა კვარაცხელიას ანგარიში ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ 2024 წლის საქმიანობის შესახებ. მან ისაუბრა დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით განხორციელებულ ჰუმანიტარულ აქციებზე, რომელიც მოიცავდა აფხაზეთიდან დევნილთათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სასურსათო პროდუქტებით დახმარებას, ასევე სასკოლო ნივთების გადაცემას დევნილი მოსწავლეებისთვის, რაც განხორციელდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და თანამშრომლების მიერ შემოწირული თანხებით. გამომსვლელმა აღნიშნა იმ ადამიანების ღვაწლი ვინც უშუალოდ ჩართულია ტვირთების დევნილ ოჯახებამდე მიტანაში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ნანა კვარაცხელიას და ამ ქველმოქმედებაში მონაწილე თითოეულ თანამშრომელს, იმ ადამიანებს ვინც უშუალოდ ფიზიკურად არის ჩართული მასში, ხაზი გაუსვა, ამ საქველმოქმედო ღონისძიებების მნიშვნელობას, მათ საჭიროებას დევნილთათვის.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  ზურაბ ჯგუბურიამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები