7 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა, ნანა კვარაცხელიამ, ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით განხორციელებული ჰუმანიტარული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტებით დახმარების აქციები სრულად ფინანსდება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული შემოწირულობების ჯამურმა მოცულობამ 400 000 ლარს გადააჭარბა. უშუალოდ 2025 წლის განმავლობაში მობილიზებულმა თანხამ 70 540 ლარი შეადგინა.

ნანა კვარაცხელიამ დეპუტატებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ხარჯების თვიური განაწილების, დახმარების გეოგრაფიული არეალისა და ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ. გამოსვლის დასასრულს, მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ჰუმანიტარული ტვირთების ფორმირებისა და დევნილ ოჯახებამდე მიტანის პროცესში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ნანა კვარაცხელიას და საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით კი იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად მონაწილეობენ აღნიშნულ პროცესში. მან ხაზი გაუსვა განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

გალერეა

სხვა სიახლეები