აფხაზეთი: მოკლე ისტორიული ცნობა

 

აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდ. ენგურსა და ფსოუს შორის. ფართობი - 8,7კვ/კმ, დედაქალაქი – სოხუმი.

* * *

ქართული სახელმწიფოებრიობა, სულ ცოტა, 35 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან არსებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფო მოიცავდა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიის მეტ ნაწილს, მათ შორის აფხაზეთს. იმ პერიოდიდან ქართველებით დასახლებული აფხაზეთის ამჟამინდელი ტერიტორია უწყვეტად შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ან ცელკეული ქართული პოლიტიკური ერთეულების (ეგრისი, ლაზიკა და სხვ.) შემადგენლობაში.

 

ძველქართული მატიანე - “ქართლის ცხოვრება” იწყება ცნობით კავკასიელ ხალხთა ეპონიმების შესახებ. ამ მატიანის მიხედვით, ტერიტორია ლიხის (სურამის) მთებიდან შავ ზღვამდე და მდ. მცირე ხაზარეთამდე (ყუბანი) წილად ხვდა ეგროსს -  დასავლელი ქართველების (ეგრების) ეპონიმს.ძველი მწერლებისთვის კარგად ცნობილი აფხაზები “ქართლის ცხოვრებაში” წარმოდგენილი არიან არა უცხო ხალხად, არამედ დასავლელ ქართველთა ორგანულ ნაწილად. ზუსტად იგივე შეხედულება ჰქონდა ანტიკური ხანის თუ შუასაუკუნეების უკლებლივ ყველა რომაულ-ბიზანტიურ ავტორს, ვინც მსოფლიოს ხალხთა გენეოლოგიაზე წერდა. ისინი იცნობდნენ I-II საუკუნეებიდან წყაროებში მოხსენიებულ აფსილებს და აბაზგებს (რომლებსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად მიიჩნევს), მაგრამ მსოფლიოს ხალხთა ჩამონათვალში მათ ნაცვლად კოლხებს//ლაზებს//ეგრებს ანუ დასავლელ ქართველებს უთითებდნენ. დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით, არქეოლოგები ერთიან ქართულ (კოლხურ) კულტურას აფიქსირებენ. აფხაზეთში ავტოქტონური ქართული მოსახლეობის მკვიდრობის შესახებ მეტყველებენ ანტროპოლოგიის, ლინგვისტიკისა და ეთნოლოგიის მონაცემები.

 

სწორედ დასავლელმა ქართველებმა შექმნეს აფხაზეთის სამეფო დედაქალაქით ქუთაისში (VIIIს. დასასრული – Xს.). ამ სამეფოს მთელი პოლიტიკური და, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ჩვენამდე მოღწეული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა არის მხოლოდ ქართული. არაქართული ეთნოსის მოღვაწეობის არანაირი კვალი არ ჩანს აფხაზეთის სამეფოს იმ ნაწილშიც კი, რომელსაც აფხაზეთის საერისთავო ეწოდებოდა და ანაკოფიის (თან. ახალი ათონი) ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ საერისთავოს ფარგლებში, კერძოდ, ბიჭვინთაში იმყოფებოდა VIII-X და XV-XVIII საუკუნეებში ავტოკეფალური (სხვა დროს კი მცხეთას დაქვემდებარებული) დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათოლიკოსო კათედრა. ისტორიაში კარგად არის ცნობილი აფხაზეთის კათოლიკოსების ვინაობა – ყველა ქართველი იყო. უფრო მეტიც, ცნობილია აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრები აფხაზეთის საკათოლიკოსო გლეხების (XVI-XVIIსს.) ასობით გვარი და სახელი, რომელიც ასევე მთლიანად ქართულია.

 

აფხაზეთის სამეფო წარმოადგენდა იმ ძირითად ბირთვს, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ერთიანი სახელმწიფოს სათავეში იდგნენ აფხაზური (დასავლურ ქართული) სამეფო დინასტიის წარმომადგენლები. XI ს. დასაწყისში ქართულ ენაზე შედგენილი უნიკალური ისტორიული წყაროს “აფხაზ მეფეთა დივანის” მონაცემები ადასტურებენ ამ მეფეთა ეროვნულ კუთვნილებას, მათ ქართველობას. იგივეს ამტკიცებენ აფხაზეთის მეფეთა ან მათი სახელით შესრულებული მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები (არ არსებობს აფსუურ-აფხაზურ ენაზე შესრულებული რაიმე წარწერა). გაერთიანებული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი XIV ს. შუახანებამდე მაინც აღწევდა ნიკოფსიამდე (V საუკუნემდე ძველი ლაზიკა ერქვა). რომელიც ქ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე განვითარების მაღალ დონეს მიაღწია მხოლოდ ქართულმა კულტურამ. ამავე დროს, აღნიშნულ რეგიონში არაქართული მოსახლეობის, მათ შორის აფსუების (დღევანდელ აფხაზთა თვითსახელწოდება) პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეობის კვალი არ შემორჩენილა. შიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ XIIს. მეორე ნახევრიდან მონღოლთა მოწოლის შედეგად აფსუები (I საუკუნეში პლინიუს უფროსი ამ ხალხს ასტრახანის ჩრდილოეთით აფიქსირებს აბზოას სახელით), დაიძრნენ რა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, შემოვიდნენ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიამდე.

 

მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის პერიოდში (XIIIს. შუახანებიდან XIV ს. შუახანებამდე) იწყება ერთიანი ქართული სახელმწიფოს დეზინტეგრაციის პროცესი. ჯერ წარმოიშვა იმერეთის სამეფო (აფხაზეთის სამეფოს სამართალმემკვიდრე), რომლის შიგნით დაიწყეს გამოცალკევება სამეგრელოსა და გურიის  სამთავროებმა. სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთის საერისთავო, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე (დაახლოებით, თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიას). სახელგანთქმულმა მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ (1313-1346წწ.) ქვეყანა მონღოლთა უღლისგან გაანთავისუფლა და კვლავ გააერთიანა სრულიად საქართველო ნიკოფსიამდე. აფხაზეთის საერისთავო, როგორც სამეგრელოს სამთავროს ნაწილი, ამჯერადაც ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. გიორგი V ბრწყინვალეს მემკვიდრეებმა, განსაკუთრებით ალექსანდრე I-მა (1412-1443წწ), შეინარჩუნეს და განამტკიცეს ქვეყნის ერთიანობა. მის ფარგლებში იყო მოქცეული აფხაზეთის საერისთავო-დღევანდელი გუდაუთის რაიონი. ანაკოფია, ქ. ცხუმი და მათი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურამდე მდებარე მიწები სამეგრელოს სამთავროს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ, რასაც მოწმობენ მრავალრიცხოვანი ქართული და უცხოური, მათ შორის რუსული წერილობითი თუ კარტოგრაფიული წყაროები. მათგან შიძლება გამოვყოთ მასალები ცხუმში//სოხუმში გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის მოღვაწეობის შესახებ (1354-1475წწ.). ისინი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ გენუელებს ცხუმში ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ სამეგრელოს (“ქვემო ივერიის”) მთავრებთან და ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან.

 

XV ს. ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ დაიშალა. აფხაზეთის საერისთავო, რჩებოდა რა სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში, სხვა საერისთავოების მსგავსად, მეტი თავისუფლებისთვის იბრძოდა. XVI ს. შუახანებისთვის აფხაზეთის მფლობელებმა თურქეთისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი წარმართი (ნაწილობრივ მაჰმადიანი) მთიელების დახმარებით თავიანთი მდგომარეობა განიმტკიცეს. იმ პერიოდში მთიელთა მასობრივმა ჩამოსახლებამ მთლიანად შეცვალა აფხაზეთის საერისთავოს – ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე მდებარე ტერიტორიის – მოსახლეობის ეთნიკური სურათი. შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი იძულებული გახდა აფხაზეთის საერისთავო დაეტოვებინა და საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა. ფუნქციონირება შეწყვიტეს საერისთავოს ტერიტორიაზე მოქმედმა საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ეკლესიებმა და მონასტრებმა. აფხაზეთის საერისთავოზე სრული კონტროლის აღდგენა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657წწ.) მოახერხა. მანვე ქრისტიანობის აღდგენის მიზნით საერისთავოს ახალი მოსახლეობა (40 ათას კაცამდე) მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუნიშნა.

 

XVI-XVII საუკუნეებში ქართული სამეფო-სამთავროები, რომლებიც 1555 წლიდან ირანმა (ერგო აღმოსავლეთ საქართველო) და თურქეთმა (ერგო დასავლეთ საქართველო) გადაინაწილეს, ამაოდ ცდილობდნენ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული, სამფარველო ურთიერთობების დამყარებას. 1638წ. 12 დეკემბერს რუსეთის მეფემ მიხეილ თევდორესძეს ძემ მოსკოვში სამეგრელოს ელჩი მიიღო, 1639 წ. ნოემბრიდან 1640 წ. მაისამდე კი სამეგრელოში რუსი ელჩები სტუმრობდნენ. ამ უკანასკნელთა მიერ შედგენილი ანგარიშები (გამოიცა 1888 და 2005 წლებში) აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე არსებული ეთნოპოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათს გვიხატავენ. ისინი დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ XVIIს. შუახანებისთვის სამეგრელოს სამთავროს ეთნიკური საზღვარი, სულ ცოტა, კელასურამდე მაინც აღწევდა (სამეგრელოში მოგზაურობისას, რუსმა ელჩებმა დრანდის მონასტერიც დაათვალიერეს), დადიანების პოლიტიკური ძალაუფლება კი თანამედროვე აფხაზეთის მთელს დანარჩენ ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა (მოსკოვში მყოფი სამეგრელოს ელჩის ინფორმაციით, სამეგრელოსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, რომელსაც ლევან II დადიანი ნიშნავდა, ბიჭვინთაში იჯდა). ელჩობის მასალებში არაფერია ნათქვამი აფსუა-აფხაზებზე, თუმცა რუსმა ელჩებმა მოიარეს მთელი სამეგრელო, მათ შორის ამჟამად უკვე აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები. რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თევდორეს ძე 1639წ. 30 მაისის სიგელში ლევან II დადიანისადმი სამეგრელოს, რომელიც მაშინ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიასაც მოიცავდა, ივერიის ქვეყანას უწოდებს. საპასუხო სიგელში (1640წ. 15 მაისი) ლევან II დადიანი რუსეთის ხელმწიფეს აცნობებდა, რომ ის იმყოფება “ივერიის ქვეყნის სამეგრელოს მხარეში”. ამრიგად, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია რუსეთმა პირველად ოფიციალურად გაიცნო როგორც ივერიის ქვეყნის ნაწილი.

 

XVII ს. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცხუმთან ახლოს ფუნქციონირებდა სამეგრელოს Mმთავრების საფორტიფიკაციო ნაგებობა – ე.წ. კელასურის კედელი. ის აღნიშნულია XVII ს. პირველ ნახევარში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების არქ. ლამბერტისა და ქრისტ. კასტელის მიერ შედგენილ რუკებზე შემდეგი წარწერით: `60 ათასი ნაბიჯის კედელი აბაზთა თავდასხმების შესაჩერებლად~.  XVI-XVII საუკუნეებში აფხაზეთში დამკვირვებელი აფსუა-აბაზები (როგორც აფხაზეთში მცხოვრებთ, ქართველები მათ აფხაზებს უწოდებდნენ) შერვაშიძეების ხელმძღვანელობით ნამდვილად ესხმოდნენ თავს სამეგრელოს, ცდილობდნენ რა საერისთავოს საზღვრების გაფართოებას და მთავრის ძალაუფლებისგან განთავისუფლებას. იმავდროულად, აფხაზეთის მფლობელები საკუთარ თავს საქართველოს სახელმწიფოს მიაკუთვნებდნენ და ქართველ მეფეებს უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. მაგალითად, 1661 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მეფემ ვახტანგ V (შახნავაზი) დროებით ქვეყნის დასავლეთი ნაწილიც დაიქვემდებარა, აფხაზეთის მფლობელებმა სრული მორჩილება გამოუცხადეს მეფეს, ამ უკანასკნელის ბრძანებით, ასევე – სამეგრელოს მთავარს.

 

შემდგომ წლებში ვითარება ქვეყანაში შეიცვალა. თურქეთისა და ირანის მიერ გაყოფილი საქართველოს გაერთიანება ვერ მოხერხდა, გამწვავდა ძირითადად გარედან ინსპირირებული შიდაომები. სამეგრელოს ძვირად დაუჯდა რუსი ელჩების მიღება, აგრეთვე თურქების წინააღმდეგ მებრძოლი რუსი კაზაკებისთვის დახმარების აღმოჩენა. ცდილობდა რა სამეგრელოს იზოლირებას რუსეთისაგან, თურქეთმა გააქტიურა მასზე თავისი მოკავშირე მთიელების თავდასხმები. დადიანებთან დაპირისპირებაში შერვაშიძეებიც მთიელებს ეყრდნობოდნენ. XVII ს. 80-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოს სამთავრო ტახტისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩართულმა თავადმა აფხაზეთიდან სავარეხ (სორექ) შარვაშიძემ სწორედ მთიელთა დახმარებით მიაღწია წარმატებას და მდ. ენგურამდე ტერიტორიას დაეუფლა და მას სამეგრელოს მთავრის ტიტულით მართავდა. ვინაიდან მან ვერ შეძლო დანარჩენი სამეგრელოს დაკავება, მდ. ენგურამდე მდებარე მიწები მალე აფხაზეთის ნაწილად გამოცხადდა. დაპყრობილი ტერიტორიის ახლადმოვლენილმა მფლობელებმა, უპირველს ყოვლისა, ქართული თავადაზნაურობისა და სამღვდელოების წარმომადგენლები გაანადგურეს, სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი მონებად და დევნილებად აქციეს ან ტყვედ გაყიდეს; დაკავებულ ტერიტორიაზე აბაზები, ყაბარდოელები და სხვა მთიელები ჩამოასახლეს: დაანგრიეს ან ფუნქციონირება შეწყვიტეს საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა, მათ შორის ზოგადქართული მნიშვნელობის კულტურულმა ცენტრებმა _ ბიჭვინთის საკათალიკოსო კათედრამ, დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსო კათედრებმა, აგრეთვე ქართული წარწერებით შემკულმა ლიხნის, ანუხვის, ანაკოფიის, წებელის, ქიაჩის, ჭალას (ჭლოუ) და სხვა ეკლესიებმა; ჯერ გაძარცვეს და მერე საერთოდ მოშალეს ბიჭვინთის საკათოლიკოსოს კუთვნილი მეურნეობები. მხოლოდ მდინარეების ენგურ-ღალიძგის მონაკვეთზე, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში კვლავ დადიანების გამგებლობაში დაბრუნდა, მოხერხდა ბედიისა და ილორის მოქმედი ტაძრების შენარჩუნება.

 

აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების გვიან ჩამოსახლების ფაქტი, სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მტკიცების საპირისპიროდ, დაფიქსირებულია XVIII-XIX საუკუნეებისა და უფრო გვიანდელი პერიოდის ქართველ (ვახუშტი ბაგრატიონი, დ. ბაქრაძე, ა. ხახანაშვილი და სხვ.), რუს (ვ.ნ. ტატიშჩევი, ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი და სხვ.) და ევროპელ (პ. – ს. პალასი, ი. კლაპროტი, ფრ. დიუბუა დე მონპერე, ე. სპენსერი და სხვა) ავტორთა შრომებში. აღნიშნული მოვლენის (მთიელთა ჩამოსახლების) თითქმის თანამედროვე, გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვ.ნ. ტატიშჩევი (1686-1750წწ.), რომლის შრომებს რუსული ისტორიოგრაფია წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს, წერდა, რომ აფხაზეთი (ავხეთი), მისი აზრით, არის ~სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს ეძახდნენ, ჩვენი წინაპრები კი ობეზებს უწოდებდნენ. ამჟამად მისი უმეტესი ნაწილი ყუბანელებითაა დასახლებული.~ ვ.ნ. ტატიშჩევის განმარტებით, ობეზები ჩრდილოეთ სამეგრელოს (აფხაზეთის) უძველესი მაცხოვრებლები ანუ ქართველები არიან. “ივერიელი – იგივე ობეზია”, - ამბობს რუსული მატიანე. ყუბანელები კი, რომლებიც აფხაზეთში გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ, რუსული მატიანეების მიხედვით, ჩერქეზულ-ადიღური ტომების წარმომადგენლები არიან. ისინი ნამდვილად ცხოვრობდნენ ყუნაბისპირეთში. ჯერ კიდევ XVI საუკუნის I მეოთხედში ს. გერბერშტეინი თავის სახელგანთქმულ “ჩანაწერებში მოსკოვიის შესახებ” წერდა, რომ აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ყუბანის გასწვრივ, რომელიც ჭაობს (აზოვის ზღვას – ავტ.) ერთვის, ცხოვრობს აფგაზი ხალხი”. იმავე ნაშრომში ვკითხულობთ, რომ “მდ. ყუბანს იქით სამეგრელო მდებარეობს”. 1561წ. შედგენილ ჯაკოპო გასტალდის რუკაზე მდ. ყუბანის შუა წელში ნამდვილად არის აღნიშნული Aბცვას რეგი ქალაქით Aცუა (ცხუმის აფსუურ-აფხაზური სახელი). სრუალიად აშკარაა, რომ სწორედ ეს ყუბანელები, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ვ.ნ. ტატიშჩევი, დასახლდნენ ჩრდილოეთ სამეგრელოში და თან ჩამოიტანეს თავიანთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის სახელიც - Aცუა. კიდევ ერთი ცნობილი რუსი ისტორიკოსი ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1905 წელს წერდა: “აფხაზები ყოველთვის როდი მოსახლეობდნენ აქ. მათი გადმოცემები, წეს-ჩვეულებები და მრავალი ისტორიული მონაცემი ადასტურებს, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და შეავიწროეს ქართული ტომები, სანამ ენგურთან არ შეჩერდნენ”. აფსუა-აფხაზების ჩრდილოეთიდან ჩამოსახლების შესახებ ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1903 წელსაც წერდა (აგრეთვე 1909-1910 წლებშიც), თანაც აღნიშნავდა, რომ ეს ჩამოსახლება “მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა, XVI-XVII საუკუნეებში”. სავსებით სწორი მოსაზრებაა.

 

ბევრად უფრო ადრე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აკადემიკოსი ფრ. დიუბუა დე მონპერე, რომელიც 1833 წ. აფხაზეთში იმყოფებოდა. ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა დადიანების სამფლობელო “ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით ჯიქეთამდე (ზიხიამდე-ავტ.), როგორ აწამებდნენ მას (სამეგრელოს – ავტ.) მტერთა მუდმივი თავდასხმები და ამ მშვენიერი სანაპიროების გასწვრივ, ერთის მხრივ, ჩერქეზთა, მეორეს მხრივ, თურქთა სისხლიანი ხელი დასეირნობდა. თავადმა დადიანებმა, რომლებიც ორი საუკუნის წინ იძულებული გახდნენ თავიანთი საზღვრები ანაკოფიაში გადაეტანათ, ახლა მდინარე ღალიძგამდე დაიხიეს და აფხაზეთი, ეს ბედკრული ქვეყანა, ისეთივე ველური გახდა, როგორც ამერიკის ტყეები: ყველაფერი ნანგრევებად იქცა, ყველა ეკლესია ჩამოიქცა, ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა”. ფრ. დიუბუა დე მონპერეს დასკვნას ადასტურებს ის უცილობელი ფაქტი, რომ აფსუა-აფხაზები, სეპარატისტთა მტკიცების მიუხედავად, არიან ქართველთა მიერ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე შექმნილი ქრისტიანული ცივილიზაციის არა შემოქმედნი, არამედ გამანადგურებლები. აფსუა-აფხაზები ამ ცივილიზაციის შემქმნელები რომ არ არიან, მტკიცდება მათ ენაში ქრისტიანული ტერმინოლოგიის (მათ შორის ისეთი ძირითადი ტერმინების, როგორიცაა ქრისტე, ქრისტიანი, ეკლესია, მღვდელი, ჯვარი, შობა, აღდგომა, ნათლობა და ა.შ.) არარსებობითაც. აფხაზურ ენაში მთელი ქრისტიანული ტერმინოლოგია ლიტერატურული ქართულიდან ან მისი მეგრული დიალექტიდანაა ნასესხები.

 

ინგლისელი ედმუნდ სპენსერი, რომელიც აფხაზებს რუსეთის შეურიგებელ მტრებს უწოდებს, 1851 წ. აღნიშნავდა: “ისინი ნაწილობრივ ყირიმისა (ყაბარდოს – ავტ.) და ყუბანის ხანებისა და სულთნების ჩამომავალები არიან, რომლებიც თავის ტომებთან ერთად დასახლდნენ ამ ადგილებში”. ამრიგად, გვიან შუა საუკუნეებში მდ. ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე სუფთა ქართულ ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების ჩამოსახლების ფართოდ აღიარებული ფაქტი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, საბჭოთა ისტორიკოსების ნაწილმა XX ს. 50-იანი წლების ბოლოდან “დაივიწყა”, იმდენად აშკარაა, რომ არავითარ ეჭვს არ იწვევს.

 

XVI საუკუნის მე-2 ნახევრიდან ამჟამინდელი გუდაუთის რ-ნის ფარგლებში, ხოლო XVII ს. ბოლოდან თანამედროვე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ქრისტიანი ქართველებისა და გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფი ჩამოსახლებული წარმართი თუ მაჰმადიანი მთიელების შერწყმის გზით მიმდინარეობდა დღევანდელი აფხაზი (აფსუა) ერის ფორმირების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ძირითადად იგი XIX საუკუნეში დასრულდა. სხვადასხვა ეთნოსებისა და რელიგიების შერწყმამ თავისებური გავლენა მოახდინა ხალხის რელიგიურ მდგომარეობაზე (ქრისტიანობის, მაჰმადიანობისა და წარმართობის ნაზავი), ზნე-ჩვეულებებზე (დიდწილად საერთოა ქართველებთან). რადიკალური დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, აფხაზეთის მფლობელებად და მმართველებად დარჩნენ ქართველი თავადები შარვაშიძეთა გვარიდან. ისინი არასდროს გამიჯნულან ქართული სამყაროსგან, უარი არ უთქვამთ ქართული ენისთვის, რომელიც იმ ახალ აფხაზეთშიც საქმისწარმოებისა და ღვთისმსახურების ერთად-ერთ ენას წარმოადგენდა. თავის მხრივ, იმერეთის მეფეები აფხაზეთს მუდამ თავიანთ პროვინციად თვლიდნენ, თუმცა მათი ძალაუფლება შარვაშიძეებზე ნომინალური იყო. ქუთაისში შედგენილ და მეფე ალექსანდრე V-ს მიერ 1738 წ. პეტერბურგში გაგზავნილი იმერეთის სამეფოს რუკის (გადაეცა იმპერატრიცა ანა იოანეს ასულს) მიხედვით, აფხაზეთი არის ამ სამეფოს შემადგენელი ნაწილი. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784წწ) აფხაზ-იმერთა მეფის ტიტულს ატარებდა. 1776 წლის 26 აპრილით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში საკუთარ თავს იგი “აფხაზთა, იმერთა, გურიელთა და მთელი ქვემო ივერიის მფლობელად მოიხსენიებს”. როგორც ცნობილია, “ქვემო ივერია” ქალაქ ცხუმსაც და მთელს აფხაზეთსაც მოიცავდა.

 

სამეგრელოს (ოდიშის) მთავრებს, რომლებმაც ასევე დაკარგეს რეალური კონტროლი აფხაზეთზე, არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთი ძირძველი მიწების დაბრუნებაზე. ისინი “ოდიშის – ლეჩხუმის – სვანებისა და აფხაზების მპყრობელად” იწოდებოდნენ. ასეთ ტიტულს ატარებდა, მაგალითად, კაცია II დადიანი (1758-1788წწ.), გრიგოლ დადიანი (1788-1804წწ.) და სხვები. XVIII ს. დასაწყისიდან მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია სამეგრელოს შემადგენლობაში დაბრუნდა და მალე მას სამურზაყანო ეწოდა.

 

XVIII-XIX სს. მიჯნაზე ქართული პოლიტიკური ერთეულების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რაც დაკავშირებულია 1783წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გიორგიევსკის “სამფარველო” ტრაქტატის გაფორმებასთან. ტრაქტატი, მართალია, რამდენადმე ზღუდავდა საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ ქვეყანა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად რჩებოდა. უფრო მეტიც, რუსეთი ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკულის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიების შემოერთებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში ხელშეწყობის ვალდებულებას იღებდა. შესაბამისად, ტრაქტატი უშუალოდ აფხაზეთსაც ეხებოდა, რომელსაც რუსეთში კვლავ სამეგრელოს სამთავროს ნაწილად მიიჩნევდნენ. `რუსეთის იმპერიის ისტორიული რუკის~ (1793წ.) მიხედვით, ახლად მოპოვებულ ტერიტორიად მიჩნეული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი აზოვის ზღვამდე აღწევს. რუკაზე აღნიშნულია დასავლურ-ქართული პროვინციებიც-იმერეთი და სამეგრელო. აფხაზეთი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული, სამეგრელოს შემადგენლობაში იგულისხმება. გიორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკული საქართველოს სამეფოს აღდგენას სწორედ “რუსეთის იმპერიის ისტორიულ რუქაზე” მითითებულ საზღვრებში ითვალისწინებდა.

 

მაგრამ რუსეთმა სასტიკად გაუცრუა იმედები საქართველოს, რომელმაც ირწმუნა მისი და საკუთარი ბედი მიანდო. მან კი არა მხოლოდ არ შეასრულა “მფარველობასა” და ერთიანი სამეფოს აღდგენასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ 1801წ. ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და პირდაპირი რუსული მმართველობა შემოიღო. ამასთანავე, რუსეთმა დროებით უარი თქვა საგუბერნიო მართვის ფორმაზე და 1802წ. `საქართველოს მმართველობა~ დააფუძნა. მის სათავეში იდგნენ კავკასიაში დისლოცირებული ჯარების სარდლები, რომლებსაც საქართველოს მთავარმართებლებსაც უწოდებდნენ. მმართველობის ეს ფორმა – საქრთველოს “შენარჩუნება” - რუსეთს “კანონიერ” უფლებას აძლევდა დაეპყრო თურქეთის უღლის ქვეშ მყოფი სხვა ქართული რეგიონები და “აღედგინა” ერთიანი საქართველო, მაგრამ არა 1783წ. ტრაქტატით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, არამედ როგორც რუსეთის პროვინცია.

 

რუსეთმა როგორც კი ფეხქვეშ გათელა 1783წ. ტრაქტატი და აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, მაშინვე დაიწყო მოქმედებები დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ხელში ჩასაგდებად. 1803წ. დეკემბერში გრიგოლ დადიანმა, “ოდიშის, ლეჩხუმის, სვანეთის, აფხაზეთის და ოდითგანვე ჩემი წინაპრების კუთვნილი მიწების მპყრობელის” ტიტულით ხელი მოაწერა თხოვნას “ყველა ჩემი სამფლობელოთი, როგორც ზემოთ დასახელებულით, ისე სხვადასხვა მიზეზით მისგან გამოყოფილით”, რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ. სამეგრელოს მთავარს აშკარად მხედველობაში ჰქონდა ჯიქეთი და აზოვის ზღვამდე მდებარე სხვა ისტორიული ქართული მიწები (იხ. რუსეთის 1793წ. რუკა). ეჭვსგარეშეა, თხოვნა სამეგრელოს თვით “მისგან გამოყოფილი” მიწებითაც კი რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ დაიწერა პეტერბურგიდან კარნახით და 1783წ. ტრაქტატის IV არტიკულის გათვალისწინებით. აღნიშნული არტიკულისა და გრიგოლ დადიანის თხოვნის საფუძველზე რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შემოერთებისათვის ბრძოლის “კანონიერი” უფლება მიიღო.

 

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აფხაზეთი თურქეთის მხარდაჭერისა და მისი მფლობელის ქელეშ-ბეის ძალისხმევის წყალობით საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. 1803 წლიდან ქელეშ-ბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს ფარულად გამოთქვამდა და სამეგრელოს მთავრის მეშვეობით საქართველოს მთავარმართებელ პ. ციციანოვთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. 1803წ. 27 ოქტომბერს პ. ციციანოვი სახელმწიფო კანცლერს გრაფ ა. ვორონცოვს ატყობინებდა: “ამასთანავე ჩემს მოვალეობად ვრაცხ, შევეხო ქელეშ-ბეისა და მისი სამფლობელოს ისტორიას. XV საუკუნეში, კერძოდ, ქრისტეშობიდან 1414 წლამდე, როცა ივერია დაქუცმაცებული არ იყო, ის, ქელეშ-ბეი, შარვაშიძის სახელით იყო ცნობილი, მისი სამფლობელო ივერიის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა”. სწორედ ეს აძლევდა რუსეთს აფხაზეთის შემოერთების “კანონიერ” უფლებას.

 

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ქართული პროვინციები, ნაწილ-ნაწილ შევიდა რუსეთის “მფარველობის” ქვეშ. 1805წ. 9 ივლისს სოფ. ბანძაში (მარტვილის რაიონი) სამურზაყანოს მფლობელებმა ხელი მოაწერეს ფიცს რუსეთის ხელმწიფისა და სამეგრელოს მთავრის ერთგულებაზე. ფიცის ტექტში სამურზაყანო აღიარებულია სამეგრელოს ისტორიულ ტერიტორიად. მასში ნათქვამია: “როგორც რომ ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფისა ყმა ვიყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ძველიდგან ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელი თავადი დადიანისა”.

 

საერთაშორისო მდგომარეობის გამო, საკუთრივ აფხზაეთის მიღება რუსეთის “მფარველობის” ქვეშ რამდენადმე გაჭიანურდა. 1808წ. ქელეშ-ბეის მკვლელობისა და აფხაზეთში პროთურქული ძალების გაძლიერების შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდა. პროთურქულ ძალებს აფხაზეთში სათავეში ედგა მოკლული ქელეშ-ბეის შვილი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასლან-ბეი, რომელიც მოსახლეობის  უმეტესობის მხარდაჭერით, სამთავრო ტახტს დაეუფლა. საკუთარი თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა ქელეშ-ბეის მონათლულმა შვილმა საფარ-ბეიმ (ნათლობის სახელი – გიორგი), რომელიც სამეგრელოს მთავრის სიძე იყო. გიორგი შარვაშიძემ ომი გამოუცხადა ძმას ასლან-ბეის და დახმარებისათვის საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას და სამეგრელოს დროებით მმართველს ნინო დადიანს მიმართა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთის ახალი მთავარი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა. თავის მიმართვაში ნინო დადიანისა და სამთავრო ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრე ლევან V დადიანისადმი (1804-1840წწ.) გიორგი შარვაშიძე ვალდებულებას იღებდა, რომ თავის ერთგულ ქვეშევრდომებთან ერთად საქართველოს მთავარმართებლის ბრძანებებს დაემორჩილებოდა. აფხაზეთის მთავარმა იცოდა, რომ რუსეთის “მფარველობაში” შესვლის შემდეგ მისი სამფლობელო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა, თუმცა მას უკვე არა ქართველი მეფეები, არამედ რუსი გენერლები მართავდნენ. რადგანაც თქვენ დამაფიცეთ იმპერატორის ერთგულებაზე, მიშუამდგომლეთ მის წინაშე რუსეთის მფარველობის ქვეშ აფხაზეთის მიღების თაობაზე, - წერდა გიორგი შარვაშიძე ზემოხსენებულ წერილში სამეგრელოს მმართველებისადმი და დასძენდა: “მაშასადამე თქვენდამი დამოკიდებულ არს, თუ ვითარ იგი იღწვით ჩემთვის ანუ ვითარ იგი განმიღებთ კარსა უთვითმპყრობელისასა ხელმწიფისა ჩვენისასა”. აფხაზეთის ბედის გადაწყვეტა, მართლაც, ბევრად იყო დამოკიდებული სამეგრელოზე, რომლის მმართველები მუდმივად შეახსენებდნენ რუს ხელისუფალთ, რომ აფხაზეთი ისტორიულად მათი სამფლობელოს ნაწილი იყო. 1808წ. 8 ივნისს ნინო დადიანი თავის წერილში იმპერატორისადმი, ითხოვდა რა აფხაზეთის მიღებას რუსეთის მფარველობის ქვეშ, არაორაზროვნად მიანიშნებდა: “თუმცაღა ჟამმან ცვლილებებისამან და მეზობლის უთახმოებანამ განხადა მფლობელობისაგან სამთავროისა ჩვენისა ესე აფხაზეთი, გარნა უწინარეს იყო მკვიდრი ტახტი ნიკოპსისა, დადიანისა ლევანისა და წინაპართა მათთა და გარდაცვალებული კაცია დადიანი (1758-1788წწ. – ავტ.), მამა ახალგარდაცვალებულისა გრიგოლ დადიანისა, ახდევინებდა ხარკსა და არს უკვე წევრი სამეგრელოისა”. ამიტომ, ნინოს აზრით, ეს იყო კარგი წინაპირობა და ხელსაყრელი დრო რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მისაღებად. ამრიგად, რუსეთის მფარველობაში აფხაზეთი უნდა შესულიყო როგორც “ივერიის პროვინცია”, როგორც “წევრი სამეგრელოისა”.

 

ნინო დადიანის ძალისხმევით, აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა დაჩქარდა. 1808წ. 12 აგვისტოს გიორგი შარვაშიძემ და მისმა ერთგულმა თავადაზნაურობამ ხელი მოაწერეს ქართულ ენაზე შედგენილ “სათხოვარ პუნქტებს” რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მიღების თაობაზე. აფხაზეთის მთავარი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ იქნებოდა “მორჩილ საქართველოსა უპირატეს მმართველისა ერთგულთა და სარწმუნო მონათა და ყმათა ჩემთათანა.” “სათხოვარ პუნქტებს” თან ერთვოდა გიორგი შარვაშიძის მინაწერი, რომ მის მიერ ადრე გაგზავნილი წერილები და ეს თხოვნაც დაწერილია დადიანების კარის ეკლესიის წინამძღვრის “დეკანოზ იოანე იოსელიანის მიერ, რომელიც წრფელი გულით მირჩევდა საიმპერატორო ტახტის ქვეშევრდომი გავმხდარვიყავი”. 1810წ. 17 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე I აფხაზეთის მთავრის “სათხოვარი პუნქტები” დაამტკიცა. მოტანილი მასალები ნათლად გვიჩვენებენ, რომ რუსეთის “ქვეშევრდომობის” ქვეშ აფხაზეთი შევიდა როგორც საქართველოს ისტორიული პროვინცია, როგორც “წევრი სამეგრელოისა”. ამაში გადამწყვეტი როლი მიუძღვის სამეგრელოს დროებით მმართველს, გიორგი XII-ს ქალიშვილს ნინო დადიანს, რომელსაც რუსეთის დახმარებით აფხაზეთის საკუთარი სამთავროს შემადგენლობაში დაბრუნების მიამიტური სურვილი ამოძრავებდა. საქართველოს მთავარმართებელი ა.ნ. ტორმასოვი 1810წ. 11 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრაფ წ.პ. რუმიანცევს წერდა, რომ სწორედ ნინოს მონდომებას უნდა ვუმადლოდეთ საფარ-ბეის გადმობირებას, რათა ის მთელი თავისი სამფლობელოთი რუსეთის სამუდამო მფარველობაში და ქვეშევრდომობაში შემოსულიყო~. ყოველივე ამის შემდეგ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ დღევანდელი რუსეთის მესვეურთა ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებას აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ ამართლებენ ცრუისტორიით – რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ვითომ საქართველოსაგან ცალკე შესვლის შესახებ. სინამდვილეში კი რუსეთის “მფარველობაში” აფხაზეთი შევიდა როგორც ისტორიული საქართველოს პროვინცია და საქართველოს მთავარმართებლებს დაექვემდებარა.

 

დანარჩენი აფხაზეთისგან ცალკე მოაწერეს ხელი ქართულ ენაზე შედგენილი ფიცს წებელდის მფლობელმა მარშანიებმა, რომლებიც ლევან V დადიანის მიწვევით 1815წ. 29 ნოემბერს ოქუმში ჩამოვიდნენ. ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია: “ქ. ჩვენ ქვემო ხელის მომწერელნი წებელის თემის ბატონები, თავადი მარშანიები მოგართმევთ ამ წერილს თქვენს უგანათლებულესობას მთავარს დადიანს ლეონს, ასე რომ ჩვენ მამა-პაპით თქვენის მამა-პაპის თუმცა მორჩილები და ეთგულები ვიყავით, მაგრამ რომელმანვე შემთხვეულმა შფოთებმა დაშორებულ ვიქმენით ერთმანეთისაგან, და აწი გინებებიათ ჩვენი თქვენდა მახლობლობა და პირველისამებრ სიყვარული და წყალობა განგვიახლეთ, და ჩვენ რწმუნებულ ვართ ამ თქვენის ჭეშმარიტის სიტყვით ჩვენდა დაჯერებას და ჩვენც ვფიცავთ ამას წმინდა ალყურანსა ზედა ესრეთ, რომელ პირველ ყოველთასა ვიყვნეთ არა რაისამე შინა წინააღმდგომ მისის დიდებულების რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორის ალექსანდრე პავლეს ძისა, და მისგან დაწესებულთა ამა მხარეთა. მმართებელთა  საშუალობითა თქვენითა. და თქვენისაცა ბრძანებისა ჩვენგან შესაძლებელსა მორჩილ და შეძლებისამებრ მტერთა რუსეთისა და თქვენის უგანათლესბულესობისათა წინააღმდგომ ყოვლითა გზითა...” ინტერესმოკლებული არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ წებელის გამაჰმადიანებულმა მფლობელებმა ყურანზე დაიფიცეს ქართველი მართლმადიდებელი ღვთისმსახურების – ციშის მიტროპოლიტ გრიგოლის (ჩიქოვანი), არქიმანდრიტ გიორგისა (კუხალაშვილი) და დეკანოზ იოანე იოსელიანის წინაშე. მოტანილი დოკუმენტიდან, რომელიც მიტროპოლიტ გრიგოლის ბეჭდითაა დამოწმებული, კარგად ჩანს, რომ ცებელის თემი, მის მფლობელთა აღიარებით (და სხვა მრავალი წყაროს მიხედვითაც), ისტორიულად (XVII საუკუნემდე) სამეგრელოს შემადგენლობაში შედიოდა; ამიტომაც დაიფიცეს მათ რუსეთისა და ლევან V დადიანის ერთგულებაზე.

 

მიუხედავად “სათხოვარი პუნქტებისა” და “ფიცის” ტექსტების ხელმოწერისა, აფხაზ ხალხს XIX ს. 70-იანი წლების ბოლომდე არ შეუწყვეტია უთანასწორო ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 1864წ. 27 მარტს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი, ასაბუთებდა რა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობას, წერდა, რომ “მადლიერი მოკავშირის ნაცვლად რუსეთმა მიიღო აფხაზეთში ურჩი და ვერაგი მონა, რომელიც მზადაა მეტად გულთბილად დახვდეს მის ნაპირებთან გამოჩენილ ჩვენს ნებისმიერ მტერს. ასე მოიქცა იგი გასულ ომში (1853-1856წწ. – ავტ.) ... ამჟამადაც ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ გაბედავს სოხუმიდან ორ კილომეტრში გასვლას ისე, რომ მოკვლის საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს, ვერც ერთი უფროსი ვერ გაბედავს ამ მხარეში მოგზაურობას დაცვის ძლიერი რაზმის თანხლების გარეშე...

 

ასეთ მდგომარეობაში მხარის ყოფნის გამო არის თუ არა რუსეთისთვის მომგებიანი და შეესაბამება კი სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის გრძნობას მხარის დატოვება მისი ამჟამინდელი მმართველი მთავრის ხელში.

 

პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სრულიად საზიანო იქნებოდა. ამ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში აფხაზეთი ყოველთვის წარმოადგენდეს იქნება გამზადებულ პლაცდარმს და საფუძველს ზღვის მხრიდან ამიერკავკასიის წინააღმდეგ მტრის  მოქმედებისთვის~. მეფისნაცვალი აყენებდა სამთავროს გაუქმების, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაქვემდებარებული სამხედრო ოკრუგის შექმნის, ენგურის შესართავამდე ზღვის მთელს სანაპიროზე კაზაკური დასახლებების დაფუძნების წინადადებას. 1864წ. აპრილში იმპერატორმა მოიწონა მეფისნაცვალის წინადადებები. ამით 1810 წ. 17 თებერვლის მანიფესტმა რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მიღების შესახებ იურიდიული ძალა დაკარგა.

 

რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების (1864წ. 21 მაისი) შემდეგ დადგა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების ჟამი. 1864წ. ივნისში აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე თანამდებობიდან გადააყენეს და რეგიონში რუსული მმართველობა შემოიღეს. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, 1883წლიდან – სოხუმის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1903წლიდან ოკრუგი, რომელსაც მომდევნო წელს გაგრა ჩამოაჭრეს (შავი ზღვის გუბერნიის მიუერთეს), უშუალოდ მეფისნაცვალის კანცელარიას ექვემდებარებოდა, თუმცა ადმინისტრაციული (საპოლიციო, სამობილიზაციო) და სასამართლო საკითხები კვლვ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის გამგებლობაში რჩებოდა.

 

აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამ, რუსული მმართველობის შემოღებამ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია და 1866 წლის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო აჯანყება და 1867 წელს 20 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით თურქეთში გადაასახლა (მუჰაჯირობა). მასობრივი მუჰაჯირობის მორიგი ტალღა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს უკავშირდება. სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულმა თითქმის 32 ათასმა აფხაზმა დატოვა მაშინ სამშობლო. ეს იყო უდიდესი სახალხო ტრაგედია. მუჰაჯირობის შედეგები ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა ქართული სამღვდელოების წარმატებული მისიონერული მოღვაწეობა აფხაზეთში ამჟამად წმინდანებად შერაცხული მღვდელმთავრების ალექსანდრესა (ოქროპორიძე) და გაბრიელის (ქიქოძე) ხელმძღვანელობით. 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ისინი საქართველოს საეგზარქოსოში შემავალ აფხაზეთის ეპარქიას, მონათლეს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი. სწორედ, ამან იხსნა მთელი ხალხი თურქეთში განდევნისგან, შესაბამისად, რუსეთის მიერ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან ერთიანად გასახლებული უბიხებისა და სხვა მთიელების მსგავსად, სრული ფიზიკური განადგურებისგან.

 

“არასაიმედო” აფხაზების კიდევ უფრო შევიწროების მიზნით მთავრობამ სხვა მკაცრი ზომებიც მიიღო. იმპერატორის 1880წ. 31 მაისის ბრძანებულებით, ისინი “დამნაშავე ერად” გამოცხადნენ, რამაც ხალხის დისკრიმინაცია, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებში მთელი აფხაზური მოსახლეობის შეზღუდვები გამოიწვია.

 

კავკასიაში ომის ძლევამოსილად დამთავრების, მთელი ერების განადგურებისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების, განსაკუთრებით აფხაზთა დაშოშმინებისა და უკიდურესად დასუსტების შემდეგ რუსეთმა გაამკაცრა კოლონიური პოლიტიკა საქართველოში. აფხაზეთთან მიმართებაში ეს გამოიხატებოდა რუსებით, სომხებით, ბერძნებით და იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა ხალხებით (იმ პერიოდში აფხაზეთის შიდა რაიონებში ბრუნდებოდა XVIIს. ბოლოს იქიდან გამოდევნილი ქართველების შთამომავლებიც) მხარის დაჩქარებულ კოლონიზაციაში; სკოლისა და ეკლესიის რუსიფიკაციაში; ქართული მოსახლეობის შევიწროებაში; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან ქართული ენის განდევნაში; ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირებაში და გამწვავებაში. აფხაზთა მიმართ მთავრობა “მათრახისა და თაფლისკვერის” პოლიტკიას ატარებდა. მუჰაჯირობის შედეგად აფხაზობა იმდენად დასუსტდა, რომ რეალურ პოლიტიკურ ძალას და იმპერიისთვის საფრთხეს ის უკვე აღარ წარმოადგენდა. ამ ვითარებაში მთავრობა  ცდილობდა აფხაზთა უკმაყოფილების რეგიონში დემოკრატიული და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდის-ქართველების წინააღმდეგ მიმართვას. “გათიშე და იბატონეს” იმპერიულმა პოლიტიკამ პირველი რეალური შედეგები რუსეთის 1905-1907 წლების დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში გამოიღო. ყველასგან მოულოდნელად აფხაზებმა მაშინ არა რევოლუციას, არამედ თვითმპყრობლობას დაუჭირეს მხარი. ამ მოვლენის მიზეზები აფხაზური საზოგადოების სოციალური წყობის თვისებურებებში (სოციალური ჩაგვრისა და კლასობრივი დაპირისპირების არარსებობა), ცარიზმის მიზანმიმართულ ანტიქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკურად დასასუსტებელი აფხაზობის მნიშვნელოვანწილად რუსიფიკაციაში, 1880 წელს წართმეული უფლებების აღდგენისკენ ბუნებრივ მისწრაფებაში უნდა ვეძიოთ. ამ სურვილის მიღწევა მართლაც მოხერხდა. 1907წ. 27 აპრილს ნიკოლოზ II, გაითვალისწინა რა აფხაზთა “დამსახურებები” რევოლუციის წლებში, დაამტკიცა მთავრობის მიერ წარდგენილი დებულება “სოხუმის ოკრუგის მოსახლეობის მიწათმფლობელობის უფლებები გათანაბრების შესახებ”. ამით აფხაზი ხალხი “დამნაშავე ერის” დამთრგუნველი და დამამცირებელი წოდებისგან განთავისუფლდა.

 

როგორც 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ისე განსაკუთრებით მისი დამარცხების შემდეგ დაწყებული რეაქციის პირობებში მთავრობა ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შორის უფსკრულის გაღრმავებას. XXს. დასაწყისიდან უკვე ჰქონდა ადგილი საქართველოს საეგზარქოსოსგან აფხაზეთის გამოყოფის წარუმატებელ მცდელობას. აკადემიურ წრეებში მუშავდებოდა იდეოლოგია “აფხაზეთი-საქართველო არ არის”, რომელიც აქტიურად ინერგებოდა აფხაზი ხალხის ცნობიერებაში. ცარიზმის ყველა მცდელობის, ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების რამდენადმე გამწვავების მიუხედავად, ამ ხალხებმა 1916-1917 წლებში ერთობლივად დაიცვეს საქართველოს საეგზარქოსოსა და სოხუმის ეპარქიის ერთიანობა, ჩაშალეს რა საეგზარქოსოსგან სოხუმის ეპარქიის, ამ უკანასკნელისგან კი სამურზაყანოს სამრევლოების გამოყოფის სინოდისეული გეგმის განხორციელება.

 

1917 წ. თებერვლის დემოკრატიული რევოლუციისა და ცარიზმის დამხობის შემდეგ ვითარება მთელს იმპერიაში, მათ შორის კავკასიასა და თვით აფხაზეთშიც შეიცვალა. ახალ პირობებში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენდნენ რუსეთში-დროებითი მთავრობა, ამიერკავკასიაში-ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (რომლის სათავეში სამურზაყანოელი აკ. ჩხენკელი იდგა), სოხუმის ოკრუგში - საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი (შეიქმნა 1917წ. 10 მარტს ალ. შარვაშიძის თავმჯდომარეობით). სოხუმის ქალაქის თავის თანამდებობა ბ. ჩხიკვიშვილს ეკავა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, აფსუა-აფხაზები და მათი პოლიტიკური ლიდერები ძლიერ თანაუგრძნობდნენ ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა გამაერთიანებელ მოძრაობას. 1917 მაისში შეიქმნა მთიელთა ცენტრალური კომიტეტი (მთავრობა), რომელმაც აფხაზეთში თავისი წარმომადგენელი მიავლინა. აფხაზი ხალხის ყრილობამ (1917წ. 7-8 ნოემბერი) მიიღო გადაწყვეტილება მთიელთა კავშირში გაწევრიანების შესახებ, დაამტკიცა აფხაზთა სახალხო საბჭოს დეკლარაცია და კონსტიტუცია, აირჩია სახალხო საბჭოს შემადგენლობა (თავმჯდომარე ს. ბასარია). საბჭო მხოლოდ აფხაზი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა, იცავდა მის ინტერესებს და ან მხარის მთავრობის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს როლზე პრეტენზიას არ აცხადებდა. მან თავისი წარმომადგენელი მიავლინა მთიელთა მთავრობაში, რომელსაც (სააშხაწავა) აფხაზეთის საკითხებში `მინისტრის~ თანამდებობა ერგო. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, სეპარატისტთა მტკიცების მიუხედავად, სულაც არ ნიშნავდა მის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას. სოხუმის ოკრუგი ადმინისტრაციულად ამიერკავკასიის ნაწილად რჩებოდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე პრეტენზიას არც მთიელთა კავშირის დროებითი მთავრობა აცხადებდა. 1917წ. 4 დეკემბერს მის მიერ გამოცემულ დეკრეტში ნათქვამია: `ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების მიმართ მთიელთა დროებით მთავრობას ძალაუფლება აქვს ეროვნული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებში, ხოლო მთიელთა მთავრობის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ახლავე და მთლიანად გავრცელება ამ ოკრუგებზე გადასაწყვეტად  მიენდოს ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგების სახალხო საბჭოებს~. აფხაზთა სახალხო საბჭოს არასოდეს მიუღია აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან სახელმწიფოებრივი გაერთიანების გადაწყვეტილება. უფრო მეტიც სოხუმის ოკრუგის გლეხთა II ყრილობამ( 1918წ. 4-9 მარტი) გადაწყვიტა, რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ხალხების საერთო შემადგენლობაში როგორც მისი თანასწორუფლებიანი წევრი, რათა მან  თავისი უკეთესი მომავალი დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად გამოჭედოს.

 

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის იურისდიქციის ქვეშ აფხაზეთი იმყოფებოდა, 1917წ. 11 ნოემბერს დროებითმა მთავრობამ – კომისარიატმა შეცვალა (თავმჯდომარე ე. გეგეჭკორი). სახელმწიფო გადატრიალების გზით რუსეთის სათავეში მოსული ბოლშევიკების მიერ სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნის (1917წ. 5 იანვარი) შემდეგ კომისარიატმა გეზი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისკენ აიღო. 1918წ. 10 თებერვალს დათხოვნილი სათათბიროს ამიერკავკასიელმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა (1918წ. 9 აპრილი). სეიმის მიერ დანიშნულ ამიერკავკასიის მთავრობას კვლავ ა. ჩხენკელი ჩაუდგა სათავეში. აფხაზეთი დამოუკიდებელი ამიერკავკასიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემოდიოდა.

 

ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივი მოწყობის პარალელურად მის შემადგენლობაში შემავალი ერების თვითგამორკვევის პროცესიც მიმდინარეობდა. ამ პროცესის ფარგლებში 1918წ. 9 თებერვალს თბილისში გაიმართა ქართული ეროვნული საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა. საქმიანი დისკუსიის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, “საზღვრებში მდ. ენგურიდან მდ. მზიმთამდე აღდგეს ერთიანი, განუყოფელი აფხაზეთი, რომლის შემადგელობაშიც შევიდოდნენ საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო”. აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა დემოკრატიული წესით არჩეულ დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. იმ დროისთვის ამიერკავკასიის მთავრობის ძალისმევით პრაქტიკულად გადაწყდა გაგრის ზონის კვლავ სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი. წინასწარი გადაწყვეტილება  ამ საკითხზე 1917წ. 30 ოქტომბერს მიიღო ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა ა. ჩხენკელის თავმჯდომარეობით. ამიერკავკასიის კომისარიატმა ე. გეგეჭკორის თავმჯდომარეობით 1917წ. 7 დეკემბერსსაბოლოოდ დაადგინა: “გაუქმდეს 1904 წლის 25 დეკემბერს უზენაესად დამტკიცებული მინისტრთა  კომიტეტის დებულება, აღდგეს სოხუმის ოლქის ძველი ისტორიული საზღვრები მის შემადგენლობაში გაგრისა და ბზიფის რაიონების შეტანის გზით.”

 

1918 წ. ზამთარსა და გაზაფხულში რუსმა ბოლშევიკებმა ორჯერ სცადეს აფხაზეთის დაპყრობა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მაგრამ ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის გადაწყვეტილებით ქართულმა ეროვნულმა გვარდიამ 1918წ. 17 მაისს სოხუმი გაანთავისუფლა. 20 მაისს აფხაზთა სახალხო საბჭომ დაადასტურა საკუთარი და ასევე ოკრუგის გლეხთა II ყრილობის გადაწყვეტილებები აფხაზეთის ამიერკავკასიის ხალხების საერთო ოჯახში ყოფნის შესახებ. აშკარა ფაქტების საპირისპიროდ, სეპარატისტული ისტორიგრაფია მთიელთა რესპუბლიკის გამოცხადების დღეს – 1918წ. 11 მაისს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღედ მიიჩნევს. გაუგებარია, როგორ აღადგინა აფხაზეთმა სახელმწიფოებრიობა რეგიონის ბოლშევიკური ოკუპაციის, სახალხო საბჭოს დათხოვნისა და მისი წევრების დაპატიმრების პირობებში და მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკები რეგიონს არა აფხაზეთს, არამედ სოხუმის ოლქს უწოდებდნენ. მითი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ სეპარატისტების მიერაა გამოგონილი.

 

მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე არსებულმა უთანხმოებამ 1918წ. მაისში ამიერკავკასიის სახელმწიფო დაშლამდე მიიყვანა. 1918წ. 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის მოლაპარაკების შედეგად 1918 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში აფხაზეთის დაბრუნების საფუძველი.

 

შოვინისტებსა და სეპარატისტებს არ აწყობდათ  მშვიდობა და თანხმობა აფხაზეთში. 1918წ. ივნისის შუახანებში რუსმა ბოლშევიკებმა სოჭიდან მორიგი შეტევა განახორციელეს და ახლ ათონამდე მოვიდნენ. აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრების თხოვნით, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში გამოგზავნა სამხედრო რაზმი გენ. გ. მაზნიაშვილის სარდლობით. 19 ივნისს გენერალი სოხუმში ჩამოვიდა და 27 ივნისს მისმა აფხაზთა 300 კაციანი ესკადრონით გაძლიერებულმა რაზმმა შეტევა განახორციელა, რომლის შედეგადაც არა მხოლოდ აფხაზეთი განთავისუფლდა, არამედ ერთ თვეში (1918წ. 26 ივლისს) ტუაფსეს აღებაც მოხერხდა. 1918წ. აგვისტოში ქართულმა  ჯარებმა სოჭისკენ დაიხიეს.

 

სეპარატისტებმა გამოიყენეს შექმნილი ვითარება და 1918წ. 27 ივნისს, როდესაც აფხაზეთში შემოჭრილი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა, კოდორის (ოჩამჩირის) უბანში თურქული დესანტი გადმოსხეს. ქართულმა ჯარებმა ბოლშევიკურ ტერორს გამოქცეული რუსი კაზაკების დახმარებით დესანტი გაანადგურეს. დაკარგეს რა წარმატების ყოველგვარი იმედი, შოვინისტებმა და სეპარატისტებმა ატეხეს ხმაური გენ. გ. მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთის “ოკუპაციის” შესახებ, მოითხოვეს რეგიონიდან ქართული ჯარების გაყვანა. თეზისი “ოკუპაციის” შესახებ თანამედროვე სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამაც აიტაცა, რათა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის “უკანონობა” დაამტკიცონ. ეს საკითხი არაერთხელ განიხილა აფხაზთა სახალხო საბჭომაც. 1918წ. 17 ივლისს განიხილებოდა გ. მაზნიაშვილის შტაბისადმი ნდობის საკითხი. სახალხო საბჭომ თითქმის ერთხმად გადაწყვიტა, “ხელახლა დადასტურდეს არაერთი ჩვენი გადაწყვეტილება და ითქვას საქართველოს ნაწილების აქ ყოფნის აუცილებოლობის შესახებ.” 1918წ. 18-19 ივლისს სახალხო საბჭომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ი. რამიშვილის წინადადებას ქართული ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებაც კი. მოტანილი ფაქტები უარყოფენ მტკიცებას “ოკუპაციის” შესახებ, რადგანაც ქართული ჯარები აფხაზეთში 1918წ. 11 ივნისს ხელშეკრულებისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს დაჟინებული თხოვნით იმყოფებოდნენ.

 

ბოლშევიკური ავანტიურის ჩაშლის შემდეგ სეპარატისტებმა გეზი გენერლების მ. ალექსეევისა და ა. დენიკინის ხელმძღვანელობით მოქმედ თეთრგვარდიელებზე აიღეს. 1918 წ. 25-26 სექტემბრის  უშედეგო მოლაპარაკებებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა  (საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი, გენ. გ. მაზნიაშვილი) და  ზემოხსენებულ თეთრგვარდიელ გენერლებს შორის, რომელიც ძირითადად სოჭის კუთვნილების საკითხს შეეხებოდა, აჩვენა, რომ მოწინააღმდეგე უპრინციპო სეპარატისტებზე სერიოზულ იმედებს ამყარებდა.

 

შიში გამართლდა. თეთრგვარდიელთა მიერ წაქეზებულმა სეპარატისტებმა 1918 წ. 9 ოქტომბერს ძალადობის გზით სცადეს პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა, სახალხო საბჭოს ხელმძღვანელობის, მათ შორის თავმჯდომარის ვ. შარვაშიძის გადაყენება. მცდელობა ჩაიშალა. სახალხო საბჭოს თავმჯდომარისა და ცალკეული წევრების წინადადებით, საქართველოს მთავრობამ სახალხო საბჭო დაითხოვა, შეთქმულები დააპატიმრა და ამის შემდეგ ახალი არჩევნები დანიშნა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საქართველოს მოუხდა სოჭიდან შემოჭრილი თეთრგვარდიელების  მოგერიება.  მოწინააღმდეგემ გაგრა დაიკავა და მდ. ბზიფზე გამაგრდა. მიუხედავად ამისა, 1919წ. 13 თებერვალს აფხაზეთის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა. 1919წ. 20 მარტს სახალხო საბჭომ მიიღო “აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ”, რომლის პირველი პუნქტით გაცხადდა: “აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული.” 1919წ. მაისში სახალხო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომისარიატის (მთავრობის) შექმნის შესახებ, რომელსაც სათავეში არზაყან (დიმიტრი) ემხვარი ჩაუდგა. მაშინვე სოხუმის ოკრუგს აფხაზეთი, ხოლო აფხაზთა სახალხო საბჭოს აფხაზეთის სახალხო საბჭო ეწოდა და მისი თავმჯდომარე ვ. შარვაშიძე გახდა.

 

1919-1921 წლები იყო აფხაზეთის ავტონომიის რეალურად ცხოვრებაში გატარების, სახელისუფლებო სტრუქტურების განმტკიცების, გაგრიდან თეთრგვარდიელთა განდევნის (1919წ. აპრილი), აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის შემუშავების პერიოდი. ამასთანავე, ხელისუფლებას მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სახალხო საბჭოში მოკალათებული ბოლშევიკები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. 1920წ. იანვარში საქართველოს საერთაშორისო აღიარებამ, აგრეთვე იმავე წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამ და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამ რამდენადმე გააუმჯობესეს ქვეყნის მდგომარეობა, შექმნეს  სამართლებრივი გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. კერძოდ, 1920წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების III მუხლის I პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავდა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარს “შავი ზღვიდან მდ. ფსოუს გაყოლებით ახახჩას მთამდე...” რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა, “აღიაროს როგორც საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში უდავოდ შემავალი, გარდა ამ ხელშეკრულების III მუხლის I პუნქტის ძალით საქართველოსთვის მუკითვნებული შავი ზღვის გუბერნიის ნაწილებისა (გაგრის ზონა – ავტ.), ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვემოჩამოთვლილი გუბერნიები და ოლქები - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თავიანთი მაზრებითა და ოკრუგებით, რომლებიც აღნიშნულ გუბერნიებს და ოლქებს შეადგენენ, აგრეთვე ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგები”.

 

უხეშად დაარღვია რა 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულება, საბჭოთა რუსეთმა 1921წ. თებერვალ-მარტში მოახდინა საქართველოს ოკუპაცია მისი შემდგომი ანექსიით. იმავე წლის 28 მარტს საოკუპაციო სტრუქტურების – რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში გამართულ თათბირზე გადაწყვიტეს დროებით, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე და მოწვევამდე (საბჭოების ყრილობის) აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდეს. ამ შუალედში აფხაზეთის მთელი ~დამოუკიდებლობა~ იმაში გამოიხატებოდა, რომ მას მართავდნენ არა საქართველოს საბჭოთა მთავრობის, არამედ ს. ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით თბილისში მოქმედი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს (კავბიუროს) მიერ დანიშნული პირები. რუსეთის ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოების არც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტში, მისი უმაღლესი ხელმძღვანელების, მათ შორის ვ. ლენინის გამოსვლებში კავკასიის `დამოუკიდებელ~ რესპუბლიკებს შორის აფხაზეთი არ მოიხსენიება; მისი დაფინანსება ხდებოდა არა მოსკოვიდან, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ; საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო სოხუმში აგზავნიდნენ თავიანთ განკარგულებებს “ცნობად და სახელმძღვანელოდ”, “სისწორით შესასრულებლად” და ა.შ. 1921წ. 5 ივლისს კავბიურომ მიიღო გადაწყვეტილება გაწეულ იქნას პარტიული მუშაობა “იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სახით შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში”. 1921წ. 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირმა ნ. ლაკობას მოხსენების საფუძველზე მიიღო დადგენილება საბჭოთა აფხაზეთის საბჭოთა საქართველოსთან ფედერირების შესახებ `მისი ეთნოგრაფიული, ისტორიული და ყოფითი პირობების გამო.~ ამიერკავკასიის ფორმალურად დამოუკიდებელი რესპუბლიკებისგან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) განსხვავებით, აფხაზეთს არ ჰყავდა წარმომადგენლობა მოსკოვში. ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი (მინისტრი) ი. სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (საბჭოების ყრილობებს შორის პერიოდში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) აცნობებდა, რომ “აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ავტონომიური ნაწილი, ამის გამო დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ კრედიტის მიღება რსფსრ-დან მას არ შეუძლია”. ასეთ კრედიტებს 1921წ. აფხაზეთი საქართველოს მთავრობისგან და რევოპლუციური კომიტეტისგან იღებდა, ვინაიდან მოსკოვში მას საქართველოს ნაწილად თვლიდნენ. 1921წ. 14 ნოემბერს აფხაზეთის ხელმძღვანელმა ე. ეშბამ დასვა საკითხი მაშინ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში აფაზეთის უშუალოდ შესვლის შესახებ. ამის პასუხად კავბიურომ ორ დღეში – 16 ნოემბერს დაადგინა: “წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ”. ამრიგად, საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, აფხაზეთს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ან თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური ოლქის სტატუსზე. მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში მას უნდა მიეღო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი, რათა თავისუფლებისმოყვარე საქართველოზე ზეწოლის მძლავრი ბერკეტი გამხდარიყო.

 

1921წ. 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, “ღრმა საერთო ეროვნული კავშირებიდან გამომდინარე”, გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო, პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე “ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთის შესვლას საქართველოს მეშვეობით” და არა უშუალოდ. აქედან კარგად ჩანს, რომ 1921წ. 16 დეკემბრის ხელშეკრულებით ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის გაერთიანება კი არ მოხდა, არამედ ერთი რესპუბლიკა (აფხაზეთი) შევიდა მეორის (საქართველოს) შემადგენლობაში. შემდგომ წლებში, როცა “არჩევითი” საბჭოთა ორგანოები ჩამოყალიბდნენ, ეს ფაქტი კონსტიტუციურადაც გაფორმდა. საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობამ 1922წ. 28 თებერვალს დაამტკიცა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის I თავის I პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე”.

 

XX ს. 20-იან წლებში ფაქტობრივად და იურიდიულად აფხაზეთი წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას, ამიტომ ის არ იყო ამიერკავკასიის ფედერაციის, მით უმეტეს, 1922წ. შექმნილი საბჭოთა კავშირის სუბიექტი. ამიერკავკასიის ფედერაციის ხელმძღვანელმა ს. ორჯონიკიძემ, რომელმაც მისცა თანხმობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებაზე, აფხაზეთის საბჭოების II ყრილობაზე 1923წ. 21 დეკემბერს განაცხადა: “აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანია ჩვენს კავშირში”. საბჭოთა იმპერიის ძირითადი კანონის – სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924წ.) მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა. მასში ნათქვამია: “აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახისა და ნახიჭევანის ავტონომიური ოლქები ეროვნებათა საბჭოში თითო წარმომადგენელს აგზავნიან” (თავი IV, პ. 15). ამრიგად, რაც არ უნდა ამტკიცოს სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამ, რაც არ უნდა განაცხადონ აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციითა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანით ძალიან დაკავებულმა რუსეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა, ფაქტი რჩება ფაქტად: 1924-1936 წლებში მოქმედი სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების – ავტონომიური ოლქების დონეზე (1 დეპუტატი ეროვნებათა საბჭოში) იყო წარმოდგენილი.

 

საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებში აფხაზეთი მაინც მოხსენიებული იყო სახელშეკრულებო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. სეპარატისტები ხშირად იშველიებენ აფხაზეთის 1925წლის კონსტიტუციას. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი კონსტიტუცია არც არსებობდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის საბჭოების III ყრილობის მიერ 1925წ. 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე მიღებული კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსსრ კავშირის, ამიერკვაკასიის ფედერაციისა და საქართველოს კონსტიტუციებთან, არ გამოქვეყნებულ და, შესაბამისად, ძალაში არ შესულა. უფრო მეტიც, “აფხაზეთის საბჭოების III ყრილობის ბიულეტენში” (სოხუმი, 1925) გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყრილობამ დაადგინა, დასრულდეს მუშაობა აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტზე, იგი მოყვანილ იქნას ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციებთან შესაბამისობაში. რას წარმოადგენდა მაინც 1925 წლის კონსტიტუცია თუ კონსტიტუციის პროექტი? ის ძირითადად იმეორებდა საქართველოს კონსტიტუციას და აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებდა. საქართველოსთან ურთიერთობა დაფიქსირებული იყო III თავის IV პუნქტში: `აფხაზეთის სსრ, გაერთიანდა რა განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სსრ_თან, მისი მეშვეობით შედის ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში და ამ უკანასკნელის მეშვეობით – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში. II თავის V პუნქტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი როგორც სუვერენული სახელმწიფო თითქოს ინარჩუნებდა როგორც ამიერკავკასიის ფედერაციიდან, ისე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას. რადგანაც აფხაზეთი სინამდვილეში არ იყო სუვერენული სახელმწიფო, ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის შემადგენლობაში უშუალოდ არ შედიოდა, მას არანაირად არ შეეძლო მათი შემადგელობიდან გასვლა. ამ “კონსტიტიციური სისულელის” (ნ. ლაკობა) და ზემდგომ კონსტიტუციებთან ზოგიერთი სხვა შეუსაბამობის გამო, ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებმა გადაწყვიტეს 1925წ. 1 აპრილის დოკუმენტის აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტად გამოცხადება და მისი გადამუშავება. ინტერესმოკლებული არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ 1925 წლის “კონსტიტუციაში”, რომელიც აფხაზეთს ამიერკავკასიის ფედერაციიდან და სსრ კავშირიდან ვითომ თავსუფალი გასვლის უფლებას ანიჭებდა, არ იყო ჩადებული აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის ან მასთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულების დენონსირების უფლება.

 

აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის გადამუშავება 1926 წ. დასრულდა. საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებში შევიდა საერთო თავი, როემლიც არეგულირებდა ურთიერთიერთობებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ორივე კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ “აფხაზეთი განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში და მისი მეშვეობით ამიერკავკასიის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში”. ისინი მკაფიოდ მიჯნავდნენ უფლებამოსილებას თბილისსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, მიწათმოქმედებისა და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიეტები (სამინისტროები) საქართველოს შესაბამისი კომისარიატებისაგან  დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, თუმცა ვალდებული იყვნენ მათი მუშაობის შესახებ ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. აფხაზეთის სახალხო მეურნეობის საბჭო ემორჩიელბოდა როგორც აფხაზეთის მთავრობას, ისე საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს. ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწმუნებულები საქართველოს კომისარიატების ორგანოებს წარმოადგენდნენ, თუმცა ვალდებული იყვნენ ანგარიში აფხაზეთის მთავრობისთვისაც წარედგინათ.

 

1931 წლის 11 თებერვალს, სსრ კავშირის მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ აფხაზეთის სსრ-ს სახელი გადაარქვა და აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აფხაზეთის ასსრ) უწოდა. როგორც 1931 წლამდე, ისე სახელის გადარქმევის შემდეგაც აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, თანაც 1926 წლის კონსტიტუციით განსაზრვრული უფლებამოსილებებ უცვლელი დარჩა. ამიტომ ყოველგვარი საუბრები ი. სტალინის მიერ `დამოუკიდებელი~ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში გადაცემის შესახებ საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი ისტორიის ფალსიფიკატორთა მორიგი მონაგონია.

 

XXს. 30-იან წლებში საბჭოთა იმპერიაში მიმდინარეობდა ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და უნიტარიზაციის პროცესი. ამ პროცესის ფარგლებში 1935წ. 7 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კომისარიატი საქართველოს შესაბამის კომისარიატებს ექვემდებარებოდა (მუხლი 42). საბჭოთა კავშირის უნიტარიზაციისა და მართვის ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი 1936წ. 5 დეკემბერს ე.წ. სტალინური კონსტიტუციის მიღებით დასრულდა, რომელსაც მოჰყვა უნიფიცირებული კონსტიტუციების მიღება მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში (1937წ. 13 თებერვალი) და აფხაზეთში (1937წ. 2 აგვისტო). ამ კონსტიტუციების მიხედვით, სახელმწიფოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გამგებლობაში არ რჩებოდა.

 

საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრუალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა.

 

“დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61,27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი).

 

აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა.

 

ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98).

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში).

 

ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით.

 

სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს.

 

შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა.

 

შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.

Печать
Председатель
Календарь
«« Ноября 2024 »»
Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
Фотогалерея
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions