სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

ჩართულობა თანამშრომლობის გზით



პრეამბულა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანია ისეთი მომავლის უზრუნველყოფა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ისარგებლებს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, მსოფლიოში ინტეგრირებული, განვითარებული ეკონომიკით და იცხოვრებს ტოლერანტულ, მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში. ეს მიდგომა ეფუძნება ყველა ევროპული ერის მიერ გაზიარებულ საერთო პრინციპებს და ღირებულებებს, რომლებიც აისახა ჰელსინკის საბოლოო აქტში.

 

საქართველოს მთავრობა ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია, მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.

 

წინამდებარე ჩართულობის პოლიტიკის მიზანია, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის სრული დეოკუპაცია, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.

 

სტრატეგიული მიზანი

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სახელწოდება _ “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ასახავს ამ სტრატეგიის არსს და ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგაა მიმართული. დასახული მიზანი მიიღწევა ისეთი ფორმატების შექმნით და წამახალისებელი მექნიზმების შემოტანით, რაც ხელს შეუწყობს ხსენებული რეგიონების ჩართულობას. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს, ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. დასახული მიზნების მიღწევა, მათ შორის, შემდეგი პროაქტიური პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი:

 

გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 

ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით, არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი საშუალებების შემუშავება.

 

ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობის შექმნა.

 

საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

კულტურული მემკვიდრეობისა და თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზებით იზოლირებულ რეგიონებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა.

 

ისეთი იურიდიული მექანიზმების მოძიება, რომლებიც, სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვით, უზრუნველყოფენ წინამდებარე მიზნების განხორციელებას. სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინციპებს.

 

საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, რათა შექმნას ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ექსპერტიზა, ინსტრუმენტები და რესურსები.

 

ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, კონფლიქტებმა იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებით გამოწვეული ტრაგედია მთელ რესპუბლიკას შეეხო, ის განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სწორედ ამ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ყველა მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის განუზომელი ტანჯვა. ამ მოვლენების შედეგების დაძლევა უმთავრესია, ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისა და დაახლოების პროცესის ხელშეწყობისათვის.

 

რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხსენებული კონფლიქტების გამწვავებაში, უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტის გადაჭრას. (მათ შორის, აფერხებდა ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რაც კონფლიქტების მოგვარებისკენ იყო მიმართული). 2008 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, რუსეთის ამგვარი პოლიტიკა გადაიზარდა მწვავე პროვოკაციებში, რისი კულმინაციაც საქართველოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო, რასაც მოჰყვა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებული დამოუკიდებლობის ცნობა.

 

2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები ძირითადად საერთაშორისო ხასიათისაა. საქართველოს მთავრობას, რომელსაც ერთხმად მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, სწამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრა და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ეს განსაკუთრებით ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამართლებრივი პოზიცია განმტკიცებულია სართაშორისო სამართლითა და ნორმებით და გამყარებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიღწეული შეთანხმებებით. აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტადაა გამყარებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებებით. მათ შორის ევროკავშირის მიერ შეკვეთილი “საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” დასკვნამ დაადასტურა მოცემული რეგიონების საქართველოდან გამოყოფის უკანონობა და გააბათილა რუსეთის მიერ მოყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოჭრისა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამამართლებელი არგუმენტები.

 

ზემოთ ხსენებულის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს პოლიტიკური ხასიათის განსხვავებებს, რაც შეინიშნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობების სხვადასხვა სეგმენტებში, და იმას, რომ ხსენებული სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს იმ მოსახლეობის ჩართულობას პროცესებში, რომელთაც კონფლიქტის განსხვავებული აღქმა გააჩნიათ.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთმა გაზარდა თავისი მუდმივი სამხედრო კონტინგენტი ამ ორ, ოკუპირებულ რეგიონში და მათ გარეთ, იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ომამდე საქართველოს მთავრობას ექვემდებარებოდა, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების ჩაყენებით, რუსეთი ხელს უშლის ევროკავშირის მონიტორინგის მისიას გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვა, რაც მისი მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებაა. საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფას. მან ვეტო დაადო გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში, შეაფერხა კონსენსუსის მიღწევა საქართველოში ეუთოს საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით (მისიის სამხედრო მონიტორინგის კომპონენტის ჩათვლით).

 

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. კანონით განისაზღვრა ახალი სამართლებრივი რეჟიმი ამ ორი რეგიონის მიმართ. ამჟამად, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება აღნიშნული კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საერთაშორისო ნორმებითა და მექანიზმებით. მათთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 1 სექტმებრის შეხვედრის დასკვნა; გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2009 წლის 28 აგვისტოს რეზოლუცია “იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები “საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ” (#1633 (2008), N#1647(2009), #1648(2009), #1664 (2009), # 1683 (2009); “ანგარიშები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ” (შG/Iნფ(2009)7, შG/Iნფ(2009)9, შG/Iნფ(2009)15); ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მოხსენება “საქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თაობაზე” (2008 წლის 27 ნოემბერი).

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკა, ართულებს შერიგების პროცესს საქართველოს ხალხებს შორის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.

 

ამგვარ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალისხმევის მიმართვას საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაატაროს ადამიანზე ორიენტირებული (ჰუმანოცენტრული), პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გამოეხმაურება ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს.

 

ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია; საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები ურყევი.

 

მოცემული სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ნორმებს და კონვენციებს, რომელთა მონაწილეცაა საქართველო; საქართველოს კანონმდებლობას, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონისა და შესაბამისი რეგულაციების ჩათვლით, საქართველოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, გაეროსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებსა და ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ეუთოს დეკლარაციებს.

 

წარმოდგენილი სტრატეგია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უსაფრთხოება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების, მათ შორის მიუკერძოებელი სადამკვირვებლო, საპოლიციო და/ან სამშვიდობო ძალების მეშვეობით, აგრეთვე, ადგილობრივი რესურსების ჩართვით.

 

საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის სამომავლო პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრება მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში, იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებისა და ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაციის პირობებში.

 

წინამდებარე სტრატეგია ადასტურებს იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, ისე როგორც ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგების აუცილებლობას. ის აგრეთვე აღიარებს ისეთი პირობების შექმნის საჭიროებას, რაც საშუალებას მისცემს იძულებით ადგილნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის და მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლების ჩართულობის მიზნით შემუშავებული წინადადებები, არამც და არამც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ სამართლებრივ პოზიციას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურყეობის პრინციპების დაცვას. სტრატეგია სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

 

იმ დროს როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობების განსაზღვრული ნაწილი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების სფეროს მიეკუთვნება, საქართველოს ხელისუფლება, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.

 

საქართველო ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის იზოლაციას, აცნობიერებს რა იქ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს; საქართველოს მთავრობა გაატარებს ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობაა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დე-იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობის ხელშეწყობის გზით და მათთვის იმ სარგებლის შეთავაზებით, რაც მოჰყვება საქართველოს დაახლოვებას უფრო ფართო ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

 

სახელმწიფო სტრატეგია ემყარება ურყევ რწმენას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ, იმ მოსახლეობის რომელიც ამჟამად გამყოფი ხაზებითაა დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატარებელია, მიაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შერიგება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზით. აღნიშნული უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის პარალელურად.

 

წინამდებარე სტრატეგია ღირებულად თვლის და მხარს უჭერს საქართველოში არსებულ კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების კანონიკური იურისდიქციების ხელშეუხებლობას.

 

სახელმწიფო სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ საქმიანობა, უნდა მოიცავდეს, როგორც საქართველოს დასახელებულ რეგიონებში მცხოვრებ, ისე ამ რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა ეს საქმიანობა უნდა იყოს ერთობლივი და/ან ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და უნდა მოიცავდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ჩართულობის წამახალისებელ მიზნებთან და ამოცანებთან, უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ჩართულობისათვის შემუშავებული მექანიზმების შესაბამისად.

 

საქართველო აღიარებს და იცავს უნივერსალურ ადამიანურ უფლებებს და თავისუფლებებს და მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა ისეთივე შესაძლებლობები შეუქმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, რითაც უზრუნველყოფილია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა.

 

საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას და ამ უფლების ნებისმიერ დარღვევას უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, მიმართოს ყველა შესაძლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები და ამ რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების უფლებების დასაცავად.

 

მიზნები

ეკონომიკური ურთიერთობები:

 

- სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის, ამ ურთიერთობებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნის გზით, რაც მათთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის როგორც ბაზარს, ისე საქონელს; ვაჭრობის გაფართოებისთვის წამახალისებელი ფინანსური პირობების შემუშავებით სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სათანადო გარემოს ჩამოყალიბებით.

 

- სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და აგრო-ბიზნესის პროდუქტიულობის აღდგენა და განვითარება; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური და თემთაშორისი ურთიერთობების წახალისება და მხარდაჭერა, სპეციალური ეკონომიკური ზონების, მათ შორის ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური და /ან სხვა სახის ზონების შექმნა, რისი მოქმედების არეალიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გავრცელდება.

 

- შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ტექნოლოგიები, გამოცდილება და ფინანსები ძირითად დარგებში, ერთობლივი ბიზნეს-აქტივობების განსახორციელებლად საჭირო პირობების შექმნა, რათა წახალისდეს მომგებიანი ბიზნეს-საქმიანობები. ძირითადი დარგები სხვასთან ერთად მოიცავს შემდეგს: პროდუქციის შენახვაზე, გადამუშავებასა და დაფასოებაზე ორიენტირებული საწარმოების აშენება უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო სექტორში.

 

- სახელმწიფოს, დონორთა და კერძო ინვესტორების მონაწილეობით, მიზნობრივი ფონდების შექმნა, ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობისა და პროექტების მხარდასაჭერად.

 

- შესაბამისი იურიდიული მექანიზმების მოძიება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანა/გაყიდვის შესაძლებლობების შექმნისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების პირობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე მოაწესრიგოს ხარისხის სისტემების სერტიფიცირებასთან, საგადასახადო და საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხები.

 

- გამყოფ ხაზებს შორის მცხოვრებთათვის დასაქმების შესაძლებლობების ხელშემწყობი გზების მოძიება.

 

- არახელსაყრელი ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებისათვის; მათ მიმართებაში სპეციალური კრიტერიუმების შემუშავება და შესაბამისი ზომების გატარება.

 

ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

 

- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძოდ, გზების, წყლის, სატელეკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

 

- ავტოტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლის აღდგენა გაყოფილი ტერიტორიების დასაკავშირებლად.

 

- სკოლების, საავადმყოფოების, სპორტული ნაგებობებისა და კულტურის კერების რეაბილიტაცია და მშენებლობა; ასევე, საბინაო და სხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია, როგორც ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები, ასევე დასაბრუნებელი მოსახლეობისათვის.

 

- გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა.

 

განათლება

- მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ქართული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილისათვის; აფხაზურ და ოსურ ენებზე სახელმძღვანელოების შექმნა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ან ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით.

 

- სათანადო პროცედურების დადგენა და მექანიზმების შემუშავება, რათა მათ, ვინც განათლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იღებს, მიეცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ.

 

-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში.

 

- ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთობლივი აკადემიური სასწავლო პროგრამების (მათ შორის, პროფესიული სწავლების პროგრამის) შემუშავება და ხელშეწყობა.

 

- ერთობლივი კვლევების წახალისება.

 

ჯანმრთელობის დაცვა

 

- მოსახლეობის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით.

 

- საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ღონისძიებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

- სათანადო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურეობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

 

- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში.

 

- სამედიცინო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, Mმათი ჩართვა ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგირების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში.

 

სახალხო დიპლომატია

- ერთის მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, და, მეორეს მხრივ, დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობის ყველა ფორმის ხელშეწყობა; განსაკუთრებით, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმების წახალისება და ხელშეწყობა.

 

- ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მათ შორის ყოფილი მეომრების, მეზობლების, შერეული ოჯახების წევრების, ახალგაზრდობის, კოლეგების, მეცნიერებისა და ნებაყოფლობითი გაერთიანებების ურთიერთობისათვის ხელშემწყობი პლატფორმის შექმნა.

 

- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტიპის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის.

 

- დიალოგის წარმოება საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებულ თემებთან და დიასპორებთან, განსაკუთრებით მეფის რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებულ მოსახლეობასთან.

 

კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და შენარჩუნება

 

- საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს ენისა და ტრადიციების დაცვას, ხელოვნებისა და ლიტერატურის წახალისებას, მაგრამ არ შემოიფარგლება ხსენებული სფეროებით.

 

- აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენას მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.

 

- საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის UNEშჩO-ს, მხარდაჭერის მოპოვება ისტორიული ძეგლების რეგისტრაციისა და შენარჩუნებისათვის.

 

- რელიგიის თავისუფლების, მათ შორის მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი გარემოსა და პირობების შექმნა.

 

- კავკასიის ხალხების ეთნიკურ და კულტურულ სიახლოვზე დაფუძნებული ღონისძიებების წახალისება და ხელშეწყობა.

 

ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება

 

- ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი პლატფორმის და მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს იზოლაციის გადალახავას, ურთიერთგაგებას და სამომავლო გეგმების ურთიერთგაზიარებას.

 

- ბეჭდვითი და ელექტრონული მედია-საშუალებების გამოყენების მეშვეობით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის აუცილებელი პლატფორმებისა და ჩარჩო-მექანიზმების შექმნა; ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის წახალისება; ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად მედია საშუალებების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

 

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები

 

- შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და ინიცირება, აგრეთვე ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა, რათა:

 

მოწესრიგდეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განათლებისა თუ სხვა სამოქალაქო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები;

 

შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სავაჭრო საქმიანობა;

 

მიეცეს აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს.

 

ადამიანის უფლებები

 

- ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისა და ჯგუფების მხარდაჭერა; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის, და, აგრეთვე, ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

 

- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგისათვის, დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ჯგუფის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა.

 

- ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევებს.

 

- ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელების მისაღწევად შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოწვევა; კერძოდ, ფართო საერთაშორისო მექანიზმების ჩარჩოებში მონიტორინგის სპეციალური მისიების შექმნა, რომელთა ფუნქცია იქნება სტაბილურობის შენარჩუნება ხსენებულ ტერიტორიებზე.

 

სტიქიური უბედურებების პრევენცია

 

საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველგვარი ღონე იხმაროს, რათა გაუწიოს მაქსიმალური დახმარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურების დროს და მის მიერ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.

 

განხორციელება

საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნულ მიზნებს განახორციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო-მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარებისა და მშვიდობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების გზით.

 

ქვეყნის ხელისუფლება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება წინამდებარე სტრატეგიას. გეგმა ჩამოაყალიბებს დეტალურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს. ამასთან, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მოახდენს მათ ინიციირებას საკანონმდებლო ორგანოში. სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას, პრიორიტეტების დასადგენად, საქართველოს მთავრობა კონსულტაციებს გამართავს ომით-დაზარალებულ მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს რა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობის ჩართულობასათან დაკავშირებულ რიგ სირთულეებს, მზადაა გაითვალისწინოს ყოველივე სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

 

სტრატეგიის განხორციელების პროცესში, საქართველოს მთავრობა მხედველობაში მიიღებს და განავითარებს ჩართულობისა და თანამშრომლობის ყველა მანამდე არსებულ ღირებულ და პოზიტიურ გამოცდილებას.

 

საქართველოს მთავრობა შეეცდება შეიმუშავოს შერიგების ეფექტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს ითანამშრომლონ და განსაზღვრონ საერთო მიდგომები საკუთარი წარსულისა და ისტორიის მიმართ, განსაკუთრებით, იმ კონფლიქტების მიმართ, რომელიც განვითარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

 

საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება.

 

საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს და მოახდენს მის ინიციირებას საკანონმდებლო დონეზე, რათა საგანგებოდ შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს მიეცეს ოპერირების საშუალება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული ინსტიტუტი მომსახურეობას გაუწევს შესაბამის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ და სასარგებლო პროგრამებს, და, კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ ბიზნეს პროექტებს და რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების გზით, მთავრობა მოიძიებს და გამოყოფს ფინანსურ და სხვა რესურსებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის.

 

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ბიზნესერთეულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს, მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებად სტრატეგიის მიზნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.

Печать
Председатель
Календарь
«« Декабря 2024 »»
Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
Фотогалерея
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions