2018 წლის 22 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ინიციატივით გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის, 1918 წლის თებერვალ-მაისში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის), 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრის, გასაბჭოების შემდეგ კი აფხაზეთში ანტისაბჭოთა მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი თავკაცის ვასილ გურჯუას ხსოვნას.
საღამოს უძღვებოდა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს პრეზიდენტი ბატონი ალუ გამახარია.
ვასილ გურჯუას გმირული ცხოვრების, ტრაგიკული აღსასრულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური აფხაზეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების შესახებ ვრცელი მოხსენება და სუკის არქივიდან ამოღებული საინტერესო დოკუმენტები წარმოადგინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ (მოხსენება თან ერთვის).
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები - თეიმურაზ მჟავია და შოთა ხეცურიანი, პროფესორები - ოთარ ბენიძე, ქეთევან კინწურაშვილი, რანი (ხუხა) ჭაბუკიანი, თამაზ ცანავა, ბორის თვალოძე, პედაგოგი - ნანული რამიშვილი, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები - ალეკო ბაძგარაძე, ნოდარ ჯიქია, ბესიკ ადამია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა. მათ ისაუბრეს ვასილ გურჯუას მოღვაწეობისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ თანამედროვე ეტაპზე, როდესაც აფხაზეთი ოკუპირებულია, როდესაც ჩვენს წინაშე დგას ორ მოძმე ხალხს შორის ნდობის აღდგენის, გარედან თავსმოხვეული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ამოცანა, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ერთიანობისათვის, ქართველთა და აფხაზთა ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისათვის მებრძოლი ვასილ გურჯუას, აგრეთვე სხვა გამოჩენილ აფხაზ მოღვაწეთა სახელის სათანადოდ წარმოჩენას, პოპულარიზაციას და უკვდავყოფას.
საღამოს ესწრებოდნენ სოხუმიდან და ოჩამჩირიდან ჩამოსული აფხაზი სტუმრები.
სიტყვა ვასილ (ვასო) გურჯუაზე (1882-1924)
ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემმა პატივცემულმა კოლეგებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, რომელთა ნაწილი დღეს აქ ბრძანდება, დამაკისრეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული, ამასთანავე ემოციურად უაღრესად დატვირთული საპატიო მისია. დამევალა წარვსდგე თქვენს წინაშე მოხსენებით, წარმოვთქვა სიტყვა სრულიად გამორჩეული ისტორიული პიროვნების, თვალსაჩინო აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის - ვასილ გურჯუას გმირული ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის შესახებ. ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო, მისი სახელი საბჭოური პერიოდის გაყალბებულ სახელმძღვანელოებში არ ფიგურირებდა, ოჯახშიც კი მხოლოდ ჩურჩულით თუ ახსენებდნენ. გადიოდა წლები, ვასილის მშობლები და ძმები, რომლებიც მას მუდამ მხარში ედგნენ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ სახელოვანი შვილისა და ძმის სახელი და შესანდობარიც კი იმ საბედისწერო 1924 წლიდან ხმაღლა არ წარმოუთქვამთ, რადგანაც ეს ძალიან დიდ რისქთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ამა თუ იმ პიროვნების ადგილს ისტორიაში თავად ისტორია განსაზღვრავს, რომელიც პირუთვნელია, სამართლიანია. ასე ხდება თუ უკვე მოხდა ვასილ გურჯუასთან დაკავშირებითაც. კომუნისტური უკუნეთის დამლევს, უფრო კონკრეტულად, 1990 წელს მე პირადად პირველად წავაწყდი ცნობებს ვასილ გურჯუას პიროვნების შესახებ, წავიკითხე 1918-1921 წლებში მისი გამოსვლების მოკლე სტენოგრაფიული ჩანაწერები. ჩემს წინაშე თანდათან იკვეთებოდა ჩამოყალიბებული პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ღირსეული შვილის ხატება, რომელიც შეძლებისდაგვარად ავსახეთ კიდევაც 90-იანი წლების პუბლიკაციებში.
ისმის კითხვა: ვინ იყო ვასილ გურჯუა და, რაც მთავარია, ვინ არის ის დღეს ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის?
ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შემავალი სოხუმის ოკრუგის კოდორის (ოჩამჩირის) უბნის ტამიშის თემის სოფელ კინდღში გიორგი გურჯუასა და ადიხან ქარჩავას ოჯახს 1882 წლის 15 ნოემბერს ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც ვასილი - (ვასო) დაარქვეს. რადგანაც ქუთაისში ვიმყოფებით, უპრიანი იქნება ძალიან მოკლედ ვისაუბროთ იმ პერიოდის ტამიშის თემისა და სოფელ კინდღის შესახებ, ამ შესანიშნავ სოფლებთან იმერეთის კავშირის თაობაზე. 1868 წლის მონაცემებით, ტამიშის თემში 1277 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან კინდღში - 483. თემის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქრისტიანები იყვნენ - 1149 ადამიანი, მათ შორის კინდღში - 461. შესაბამისად, მუჰაჯირობის ტრაგედია ტამიშის თემს, განსაკუთრებით სოფელ კინდღს ნაკლებად შეეხო. ქრისტიანობის აღდგენისა და განმტკიცების საქმეს ემსახურებოდა ცნობილი მისიონერის ანტონ დადიანის ძალისხმევით 1839 წელს ტამიშში გახსნილი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ფუნქციონირებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლაც. 1868 წლის 22 მაისს სოფელ კინდღში იმერეთის ეპისკოპოსი, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ჩავიდა. „აქ 90 ოჯახი ცხოვრობს, თითქმის ყველა ქრისტიანია, გარდა სამი-ოთხი ოჯახისა,- წერდა იგი,- მაგრამ არც ეკლესია აქვთ და არც მღვდელი ჰყავთ. სამრევლო, ტამიშზეა მიწერილი“. ძვირფას სტუმართან შესახვედრად შეკრებილმა კინდღის მოსახლეობამ მეუფეს სოფლის ეკლესიის აშენების ნებართვა სთხოვა. ეპისკოპოსმა გაბრიელმა კურთხევა მისცა და წინასწარ მედავითნეც დაუნიშნა. იმავე დღეს, 22 მაისს, მეუფე იქვე ტამიშში გადავიდა, სადაც 24 მაისამდე დარჩა. საპატიო სტუმარს პოლკოვნიკი (შემდგომში გენერალი) გრიგოლ შარვაშიძე და მისი დედა კესარია დადიანი-შერვაშიძისა მანსპინძლობდნენ. სწორედ აქ, ტამიშში, ეპისკოპოსმა გაბრიელმა დასვა საკითხი აფხაზურ სამრევლოებში ღმრთისმსახურების აფხაზურ ენაზე შემოღების, ამ მიზნით საეკლესიო წიგნების თარგმნის შესახებ. წმინდა გაბრიელი სოფელ კინდღს და ტამიშს სტუმრობდა აგრეთვე 1869 წლის 8 ოქტომბერს (მაშინ დასვა ტამიშში სკოლის გახსნის საკითხი), 1870 წლის 28 მაისს. 1871 წლის 24 ოქტომბერს წმინდა გაბრიელმა სოფელ კინდღის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია პირადად აკურთხა და პირველი წირვაც მან ჩაატარა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ტამიშის თემში, მათ შორის სოფელ კინდღში მოქმედი ეკლესიების წინამძღვრები, იმავდროულად თემის პირველი პედაგოგები, განმანათლებლები იყვნენ ქართველი მღვდლები გიორგი ახვლედიანი, თევდორე ცხაკაია, კონსტანტინე საჯაია, ალექსანდრე ჭიჭინაძე, ვასილ ხარებავა, რ. მარკელია, თ. ურიდია. აი, ამ თემში, ასეთ კულტურულ გარემოში მოევლინა ქვეყნიერებას და გაიზარდა ვასილ გურჯუა. სამწუხაროდ, ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ საკმაოდ მწირია, თუმცა საკმარისი იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ვასილის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას. დაწყებითი განათლება მან, სავარაუდოდ, ტამიშის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში მიიღო. 1902 წელს ვასილ გურჯუამ ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა დაამთავრა და აგრონომის სპეციალობას დაეუფლა. სხვათა შორის, გამოშვების სურათიც არის შემონახული, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. იმავე წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.
სწავლის დასრულების შემდეგ ვასილ გურჯუა აფხაზეთში დაბრუნდა. აქტიურად მონაწილეობდა განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1904 წლიდან ის მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელიც იყო აფხაზეთში. 1905 წელს რუსეთში დაწყებული დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში სოხუმში მიმდინარე რევოლუციური გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერია, რისთვისაც 1905 წლის 27 დეკემბერს დააპატიმრეს და სოხუმის ციხეში გამოამწყვდიეს. მასთან ერთად იმავე დღეს, 27 დეკემბერს, დააპატიმრეს სერგო ორჯონიკიძე (რომელიც მაშინ აფხაზეთში მსახურობდა), იასონ გიგიბერია, ვასილ კონჯარია და პეტრე კვარაცხელია. გარდა ამ ადამიანებისა, ვასილ გურჯუასთან ერთად სოხუმის ციხეში სასჯელს იხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, 1906 წლის 21 იანვარს, დაპატიმრებული არზაყან ემუხვარი, 1906 წლის 26 თებერვალს დაპატიმრებული თედო სახოკია და აფხაზეთში ცნობილი სხვა რევოლუციონერები - რაჟდენ კიღურაძე, ბორის ზახაროვი და ლევან გოთოშია. 1906 წლის 1 ივნისის მონაცემებით, სოხუმის ციხეში მხოლოდ სამი პოლიტპატიმარი რჩებოდა - ვასილ გურჯუა, სერგო ორჯონიკიძე და ლევან გოთოშია. იმავე წლის 17 ივნისის მონაცემებით, ვასილ გურჯუა პოლიტპატიმრებს შორის უკვე არ ირიცხება; სავარაუდოდ, მოხდა მისი პირობითი განთავისუფლება. 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ რუსეთში რეაქციის, რევოლუციონერთა დევნისა და სასტიკი რეპრესიების ხანა დაიწყო. 1907 წელს ვასილ გურჯუა კვლავ დააკავეს და თბილისის სასამართლო პალატამ მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ვასილ გურჯუა წერდა, რომ მთლიანობაში მან ციხეში 2. 5 წელიწადი გაატარა, პატიმრობიდან „გაანთავისუფლეს როგორც აფხაზი“. პირველი მსოფლიო ომის წლებში ტამიშში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა საკრედიტო-შემნახველ ამხანაგობას (судосберегательное товарищество) და ყველანაირად ეხმარებოდა თანასოფლელებს, კოდორის უბნის მოსახლეობას, რამაც ვასილ გურჯუას პოპულარობა და ავტორიტეტი შესძინა.
1917 წლიდან ვასილ გურჯუა აქტიურად ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. არჩეული იყო კოდორის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად; როგორც ამ მაზრის დელეგატი, მონაწილეობდა გლეხთა დეპუტატების ამიერკავკასიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში, რომელიც 1917 წლის 20-26 ივნისს თბილისში გაიმართა. იმავე წლის ნოემბერში სოხუმში მოწვეულმა აფხაზი ხალხის ყრილობამ იგი აფხაზთა სახალხო საბჭოს (ქართული ეროვნული საბჭოს მსგავსი ორგანიზაცია) წევრად აირჩია. საბჭო აფხაზი ხალხის პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავდა. ვასილ გურჯუა იყო ის ერთადერთი აფხაზი, რომელიც განსაკუთრებული დამსახურების გამო, 1918 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო ორგანიზაციის კვოტით ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) წევრად აირჩიეს. კიდევ ერთი აფხაზი - ვლადიმერ ემუხვარი, რომელიც საფრანგეთში ლევილის სასაფლაოზე განისვენებს, სეიმის წევრობის კანდიდატი გახდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) შემდეგ აფხაზთა სახალხო საბჭომ, რომელმაც სახელისუფლებო ფუნქციები შეიძინა, საქართველოს მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ვასილ გურჯუა და მასთან ერთად სპეციალური დელეგაცია თბილისში მიავლინა. მთავრობის წევრებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად 1918 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების ძალით, რომელსაც ხელს აწერდა ვასილ გურჯუა, აფხაზეთი ფაქტობრივად საქართველოს ავტონომიური ერთეული გახდა. ხელშეკრულების მე-7 პუნქტის მიხედვით, აფხაზეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხი საბოლოოდ აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ დემოკრატიული წესით არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გადაეწყვიტა.
1918 წლის ივნის-აგვისტოში აფხაზეთში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ქართულ გვარდიას, რომელიც 1918 წლის 11 ივნისის ხელშეკრულების თანახმად აფხაზეთში იყო დისლოცირებული, როგორც საბჭოთა რუსეთის, ისე ოსმალეთის ექსპანსიის მოგერიება მოუხდა. აფხაზთა სახალხო საბჭოს სეპარატისტული ნაწილის ძალისხმევით, კოდორის მაზრაში მუჰაჯირთა შთამომავლებით დაკომპლექტებული და კარგად შეიარაღებული თურქული სამხედრო დესანტი შემოვიდა, რამაც დიდი სისხლისღვრა და ადგილობრივი მოსახლეობის აწიოკება გამოიწვია. თურქული დესანტის გადმოსხმა დროში დაემთხვა სოჭის მხრიდან აფხაზეთში შემოჭრილი რუსულ-ბოლშევიკური რაზმების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდს. ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული მეტად სახიფათო პროვოკაცია, რომელმაც სეპარატისტული ძალების გააქტიურებაც გამოიწვია. ამ კრიტიკულ ვითარებაში, როცა ქართულ გვარდიას აფხაზეთში ორ ფრონტზე - რუსულ და თურქულ ძალებთან უხდებოდა ბრძოლა, კოდორის მაზრიდან არჩეულმა სახალხო საბჭოს წევრებმა ვასილ გურჯუამ, დიმიტრი გულიამ და სხვებმა დიდი როლი ითამაშეს ახალი სისხლისღვრის თავიდან აცილებაში და მშვიდობიანი გზით პროვოკაციის აღკვეთაში, აღელვებული აფხაზური მოსახლეობის დაშოშმინებაში. აღნიშნულ საკითხში ვ. გურჯუას პრინციპული პოზიცია ეკავა. ის მკაცრად აკრიტიკებდა სახალხო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არ რეაგირებდნენ დესანტის გადმოსხმის ფაქტზე და საეჭვო პოზიცია ეჭირათ. სახალხო საბჭოს 1918 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე მან განაცხადა: „სახალხო საბჭო, რომელიც არ რეაგირებს თურქეთის დესანტის ნაპირზე გადმოსვლაზე, მოქმედებს მოღალატურად“. მისი აზრით, მედესანტეები მართლაც მუჰაჯირები თუ არიან, ისინი სოხუმში უნდა ჩამოვიდნენ, ხოლო თურქები თუ არიან - გაბრუნდნენ უკან. აფხაზთა სახალხო საბჭოს თურქები თუ ურჩევნია ქართველებს, მაშინ ვუთხრათ ეს ქართველებს და ისინი წავლენ, სხვანაირად აქ დაიწყება საომარი მოქმედება და ჩვენი ქვეყნის მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდება დარჩება. ასეთი იყო ვ. გურჯუას ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელმაც საბოლოო ჯამში გაიმარჯვა. დესანტი კი თურქეთში დაბრუნდა.
რუსულ-ბოლშევიკური რაზმების აფხაზეთიდან განდევნისა და თურქული დესანტის ნეიტრალიზაციის შემდეგ, 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - აფხაზეთში შემოჭრას ამჯერად უკვე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მომდგარი თეთრგვარდიელი გენერლები მ. ალექსეევი და ნ. დენიკინი აპირებდნენ. თეთრგვარდიელებს კავშირი ჰქონდათ სახალხო საბჭოში მოკალათებულ სეპარატისტებთან, რომლებმაც სცადეს საბჭოს პროქართული ორიენტაციის ხელმძღვანელობის ძალისმიერი გზით გადაყენება. სეპარატისტთა ავანტიურა ჩაიშალა. სახალხო საბჭოს წევრთა წინადადებით, საქართველოს მთავრობამ 1918 წლის 10 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება აფხაზთა სახალხო საბჭოს დათხოვნისა და „საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე“ ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. აფხაზეთში არჩევნების მომზადებისა და მისი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, მთავრობამ იმავე გადაწყვეტილებით ჩამოაყალიბა ცენტრალური საარჩევნო კომისია ხუთი კაცის შემადგენლობით, რომელთა შორის იყო ვასილ გურჯუა.
საარჩევნო კომისიამ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. 1919 წლის 13 თებერვალს აფხაზეთში ჩატარდა ისტორიაში პირველი საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნები ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაციამ არზაყან ემუხვარის ხელმძღვანელობით. ვასილ გურჯუა დემოკრატიული წესით არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი გახდა. იმავდრულად ის არზაყან ემუხვარის მთავრობაში თამბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თამბაქო კი აფხაზეთის ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა.
1919 წლის 14-16 თებერვალს გამართულ საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებშიც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი ვასილ გურჯუა საქართველოს პირველი მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრიც გახდა. 1919 წლის 12 მარტს გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, მან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა. სხდომის დასასრულს დამფუძნებელი კრების წევრებმა დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს. ცხადია, ამ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმომწერთა შორის არის ვასილ გურჯუაც. აგერ ეკრანზე კარგად ჩანს მისი ხელმოწერა. ერთი სიტყვით, ვასილ გურჯუა იყო იმ გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის, ვინც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა.
აფხაზეთის სახალხო საბჭოში და დამფუძნებელი კრების სხდომებზე ვასილ გურჯუა მტკიცედ იცავდა საქართველოს უზენაეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე მისი ზრუნვის მთავარი საგანი იყო მშობლიური აფხაზეთი. 1919-1921 წლებში და შემდგომ პერიოდშიც, ტრაგიკულ აღსასრულამდე, ვასილ გურჯუა ერთგული დარჩა მისი აქტიური მონაწილეობით 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული ისტორიული დოკუმენტისა, რომელსაც ჰქვია „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“. მისი პირველი პუნქტი საქვეყნოდ იუწყებოდა: „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული“.
ვასილ გურჯუას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის მომზადებაში. როგორც საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, აღნიშნული პროექტის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების მიზნით, კოლეგებთან ერთად ის არაერთხელ იყო ჩამოსული თბილისში, ჰქონია შეხვედრები ნოე ჟორდანიასთან, ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებთან. ვასილ გურჯუას პოლიტიკური კრედო, ცენტრსა და ავტონომიას შორის ურთიერთობების მისეული ხედვა მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სიტყვაში, რომლითაც 1919 წლის 2 აგვისტოს მიმართა მან დამფუძნებელი კრების 45-ე სხდომას. ამ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრების მთავრობისადმი შეკითხვა იხილებოდა (შეკითხვის ინიციატორი იყო სოხუმელი ნიკო თავდგირიძე). მოგვაქვს ამონარიდი სტენოგრაფიული ანგარიშიდან:
„თავმჯდომარე. სიტყვა ეკუთვნის კრების წევრს გურჯუას.
გურჯუა (სოციალ-დემოკრატი, აფხაზი). ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! სამწუხაროდ, რადგანაც ჩვენი აფხაზეთი მომუშავე პირებით ძალიან ღარიბია, ჩვენ მხოლოდ შემთხვევით შეგვიძლიან თქვენ მძიმე და საპასუხისმგებლო მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ეხლა, როდესაც აფხაზეთის საბჭომ დროებით მუშაობა შესწყვიტა, გამოვეშურე აქეთ, რომ სამშობლოს უმაღლეს კანონმდებლობითი ორგანოს მუშაობას გავცნობოდი და ჩემი წვლილი შემეტანა...
ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის ინტერესები მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოს რესპუბლიკასთან. და ჩვენ ამ რესპუბლიკაში გერებათ კი არ ვსთვლით თავს, არამედ თანასწორ მოქალაქეებად, მის ღვიძლ შვილებად (ტაში). რამდენიც უნდა დაგვწამონ ცილი ბატონებმა თავდგირიძეებმა, ჩვენ სწორ გზიდან მაინც არ აგვაშორებენ. გზა კი არის შემდეგი: ერთი დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთი სახელმწიფოებრივი კანონი ყოველ საქართველოს ნაწილისთვის (ტაში). აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული, მაგრამ ნაწილი ამ საქართველოისა, მხოლოდ თავის შინაურ საქმეში იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ მიერ გამომუშავებული კონსტიტუცია თქვენ უნდა მიიღოთ და მოიწონოთ. თქვენ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი კანონები ჩვენთვისაც იქნება სავალდებულო.
ჩვენ მეტს არაფერს არ ვთხოულობთ და ამის წინააღმდეგ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის წარმომადგენლები არასოდეს არ იყვნენ და არც იქნებიან წინააღმდეგნი. ჩვენ ეს არაერთხელ გამოგვითქვამს.
მაშ, გაუმარჯოს საქართველოს და მის დემოკრატიულ რესპუბლიკას, გაუმარჯოს დემოკრატიულად დარაზმულ ავტონომიურ აფხაზეთს, ამ საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს (ტაში)“.
ამ სიტყვების ავტორი ვასილ გურჯუა ჭეშმარიტი აფხაზი მამულიშვილია და ამასთანავე, როგორც თვითონაც ბრძანებს, არის საქართველოს ღვიძლი შვილი. შორეულ წინაპართა დარად, აფხაზობა მასში ორგანულადაა შერწყმული ქართველობასთან; შესაბამისად, ის ვერ ხედავს გადაულახავ წინააღმდეგობას საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიის ინტერესებს შორის. უფრო მეტიც, თავის სიტყვაში ვასილ გურჯუა იძლევა სახელმწიფოებრივი მოწყობის, ცენტრსა და ავტონომიას შორის ურთიერთობის ოპტიმალური მოდელის ზოგად ფორმულას, უთითებს იმ პერიოდში (და არა მხოლოდ იმ პერიოდში) თბილისისა და სოხუმის ინტერესების შეჯერებისა და დაკმაყოფილების სწორ, რეალურ გზას.
ქვეყანას არ დასცალდა სწორი და რეალური გზით სიარული. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ, ქვეყნის ოკუპაციამ სრულიად საქართველოც და ავტონომიური აფხაზეთიც ააცილა იმ ბუნებრივი განვითარების გზას, რომლის შესახებაც ვასილ გურჯუა დამფუძნებელი კრების სხდომაზე წარმოთქმულ თავის ისტორიულ სიტყვაში ასე დამაჯერებლად საუბრობდა.
როგორც ცნობილია, საბჭოთა ოკუპაციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის გაუქმება მოჰყვა. ქვეყანა სასტიკმა რეპრესიებმა მოიცვა. ვასილ გურჯუამ უარი თქვა ემიგრაციაში წასვლაზე და აფხაზეთში დარჩა. კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მისი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს სუკის არქივიდან ამოღებული საქმე, სახელწოდებით: «Дело по обвинению полит. бандита Василия Гурджуа и его укрывателей». იგი 150-ზე მეტ გვერდს შეიცავს, აქედან ორ მესამედზე მეტი გურჯუების ოჯახის წევრებს ეხება. მასალებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, „პოლიტბანდიტი“ ვასილ გურჯუა ერთ-ერთი პირველი იქნა დაპატიმრებული. 15 დღე ოჩამჩირეში ჰყავდათ დამწყვდეული, შემდეგ სოხუმში გადაიყვანეს, სადაც კიდევ 3.5 თვე პატიმრობაში გაატარა. პატიმრობიდან განთავისუფლებული ვასილ გურჯუა სოფელ კინდღში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან მალე კოდორისა და სამურზაყანოს მაზრებში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. საბჭოთა ხელისუფლების სადამსჯელო ორგანოს - საგანგებო კომისიის (ჩეკა) მონაცემებით, ვასილ გურჯუა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი იყო აფხაზეთში და კოორდინაციას უწევდა წინააღმდეგობის მოძრაობას. ამიტომაც იგი იძულებული გახდა 1921 წლის მეორე ნახევრიდან არალეგალურ მდგომარეობაში გადასულიყო. აფხაზეთის ჩეკა ვასილ გურჯუას სამურზაყანოს მაზრაში 1922 წლის მაისში „ბანდიტური აჯანყების მომზადებაში“ ადანაშაულებდა. იმავე წლის 4 ნოემბერს აფხაზეთის ჩეკას კოლეგიამ მოისმინა საქმე № 170 „კოდორის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების ორგანიზაციაში“ ბრალდებული პირების შესახებ და მიიღო დადგენილება ვასილ გურჯუაზე, ნოჩო და გიორგი მიქელაძეებზე, ნესტორ და მუშნი დადიანებზე ძებნის გამოცხადების შესახებ.
1924 წლის 17 მარტს აფხაზეთის ჩეკას ხელმძღვანელობამ, იმის გათვალისწინებით, რომ ვასილ გურჯუა „ამ დრომდე იმალება და აფხაზეთის ჩეკას მთელი ძალების გამოყენებითაც ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა“, მიიღო გადაწყვეტილება „დამნაშავეზე“ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ვინაიდან ვასილ გურჯუას ვერ აკავებდნენ, რეპრესიების ტალღამ მის ოჯახზე და ნათესავებზე გადაიარა. „პოლიტიკური დამნაშავის ვასილ გურჯუას გადამალვის“ ბრალდებით, 1923 წლის 28 დეკემბერს საქმე აღძრეს, ხოლო 29 დეკემბერს დააპატიმრეს მისი მეუღლე, ახალგაზრდა ქალბატონი მარიამ პეტრეს ასული ჭყონია (ლანჩხუთიდან), აგრეთვე ძმები, ბიძაშვილები, ახლობლები - სპირიდონ, სტეფანე, თაბაქ გურჯუები და ნიკოლოზ ბჟანია. 1924 წლის 16 იანვარს ვასილის ძმებს, ხოლო 13 თებერვალს - ნიკოლოზ ბჟანიას ბრალი წაუყენეს. საქმეში არის მათი ანკეტები, დაკითხვის ოქმები და სხვა მასალები; დაკითხულთა შორის არიან მარიამ ჭყონიას სოხუმელი მეგობრებიც. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სტეფანე, სპირიდონ და თაბაქ გურჯუების პატიმრის ბარათები მათი სურათებით. 1924 წლის მარტში მეუღლე და ძმები გაანთავისუფლეს ვასილ გურჯუას ადგისამყოფელის დადგენაში ჩეკასთვის დახმარების აღმოჩენის „დავალებით“, რისთვისაც 20 დღის ვადა მიეცათ. როგორც მოსალოდნელიც იყო, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს ვასილ გურჯუას გადასარჩენად. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
საგანგებო კომისიისთვის 1924 წლის დასაწყისიდან უკვე ცნობილი იყო, რომ საქართველოში შეიარაღებული აჯანყება მზადდებოდა. ჩეკისტები უსასტიკეს ზომებს ღებულობდნენ მის აღსაკვეთად, წინასწარ აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ნებისმიერ ეჭვმიტანილს. ვიწროვდებოდა წრე ვასილ გურჯუას გარშემოც. 1924 წლის 1 აგვისტოს ჩეკისტებმა იგი სრულიად შემთხვევით სოფელ ბედიაში დააკავეს. საქმეში დაცულია ვასილ გურჯუას ანკეტა, რომელიც მისი დაპატიმრების შემდეგ არის შედგენილი და რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. 2 აგვისტოს ვასილ გურჯუა ამიერკავკასიის ჩეკას წარმომადგენელმა დაკითხა. „დანაშაული“ მას არ უღიარებია და არც ერთი თანამებრძოლი თუ სხვა ადამიანი, ვისთანაც არალეგალურ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში ურთიერთობა ჰქონია, არ დაუსახელებია. შესაბამის შეკითხვებზე პასუხი იყო: „უარს ვამბობ პასუხის გაცემაზე“ ან პასუხობდა, რომ არ იცის. როგორც პატიმარს თავი ღირსეულად ეჭირა. საქმეში შემორჩენილია აფხაზეთის ჩეკას საპატიმროში ვასილის ხელით დაწერილი მიმართვა უფროსობისადმი, რომელშიაც იგი ითხოვს, არა შეწყალებას, არამედ ექიმის მიერ დანიშნული წამლის გამოწერას, რომელიმე სამეცნიერო წიგნის წაკითხვის უფლებას და დაკავებისას ჩამორთმეული 35 მანეთის დაბრუნებას. თქვენ ხედავთ ვასილ გურჯუას პატიმრის ბარათს სურათით. მიაქციეთ ყურადღება, ამ საქმეში ბევრია სხვადასხვა პირებზე შედგენილი მსგავსი ბარათი, მაგრამ მხოლოდ ვასილის ბარათზეა ეროვნება მითითებული, თანაც არასწორად. უწერია „ქართველი“, მაშინ როდესაც ანკეტაში, ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, მათ შორის დამფუძნებელი კრების სტენოგრამებში წერია „აფხაზი“. ეროვნების არასწორად მითითებაში დიდი ვერაგობაა ჩადებული. სერგო ორჯონიკიძე და სხვა მოღალატე ქართველები 1924 წლის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ქართული ინტელიგენციისა და არისტოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილ უსასტიკეს რეპრესიებს მოსკოვის წინაშე იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მხოლოდ ქართველები იბრძოდნენ, არაქართული მოსახლეობა კი, განსაკუთრებით აფხაზები საბჭოთა ხელისუფლების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ვასილ გურჯუას შემთხვევაში გამოდიოდა პირიქით - აფხაზი პოლიტიკოსი თითქმის 4 წლის განმავლობაში სათავეში ედგა წინააღმდეგობის მოძრაობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთში. სწორედ ამ ფაქტის მიჩქმალვას ემსახურებოდა ეროვნების არასწორად მითითება.
ვასილ გურჯუას დაკავება მოხდა ბედიაში მცხოვრები გლეხიკაცის რეჯიბ აბაშიას ოჯახში, სადაც ვასილი იმალებოდა. ცხადია, ოჯახის უფროსი დააპატიმრეს, მასთან ერთად დააკავეს ვასილ გურჯუას მეგზურები და მეკავშირეები კაჭი გოგია და პავლე ფაჩულია. საქმეში დაცულია მათი ანკეტები, დაკითხვის ოქმები და სხვა მასალები. აქვეა რეჯიბ აბაშიასა და კაჭი გოგიას პატიმრის ბარათები სურათებით. მათ ბრალი ედებოდათ ვასილ გურჯუას გადამალვაში, მაგრამ მაინც გაანთავისუფლეს, რადგანაც გლეხები იყვნენ და ადრე საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვასილ გურჯუა და მისი უახლესი თანამებრძოლები სიცოცხლეს გამოასალმეს. ეკრანზე ვხედავთ 1924 წლის 15 და 17 სექტემბერს გამართული საგანგებო სამეულის - ე. წ. ტროიკის სხდომის ოქმს (ოქმი №2) აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის ნ. ლაკობას, აფხაზეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის ნ. ბახტაძისა და საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი (პირველი) მდივნის ე. ასრიბეკოვის შემადგენლობით. სხდომამ მოისმინა აფხაზეთის საგანგებო კომისიის მდივნის ქავთარაძის მოხსენება „მენშევიკურ-ბანდიტური აჯანყების ორგანიზაციაში ბრალდებულთა შესახებ“ და დაადგინა: „ბრალდებულებს მიქელაძე ნოჩოს, გურჯუა ვასოს და ცინცაძე გიორგის, როგორც აფხაზეთისა და საქართველოს სოვეტიზაციის პირველივე დღიდან მიმალვაში მყოფ პოლიტბანდიტებს და ბანდიტური გამოსვლების მონაწილეებს, მიესაჯოთ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა“. ე. წ. სამეულის გადაწყვეტილების თანახმად, ვასილ გურჯუა დახვრიტეს როგორც 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე, როგორც მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი აფხაზეთში.
1924 წლის 18-19 სექტემბრის ღამეს სოხუმის გარეუბანში, „შუქურას“ მიდამოებში, განაჩენი სისრულეში მოიყვანა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზეთის საგანგებო კომისიის კომენდანტი უგორენკოვი, იმავე უწყების რწმუნებული პოდოსენოვი და სოხუმში დისლოცირებული რუსული დივიზიის მეთაური პოხვალინი. კომისიის აქტში განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ აღნიშნულია, რომ დახვრეტის წინ სიკვდილმისჯილებს არაფერი უთხოვიათ და არც განცხადებები გაუკეთებიათ.
ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს ღირსეულმა წევრმა ვასილ გურჯუამ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და ავტონომიური აფხაზეთის ერთგულება, რუსულ-საბჭოური ოკუპაციის, ტერორისა და ერთპარტიული დიქტატის მიუღებლობა.
ვასილ გურჯუას დახვრეტით საქმე არ დასრულებულა. მისი ძმები თაბაქი და სპირიდონი თითქმის 20 წლის განმავლობაში კიდევ სუკის ფარული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 1951 წლის 30 იანვარს სუკის ოჩამჩირის განყოფილების უფროსი საქართველოს სუკის „ა“ განყოფილების უფროსს წერდა:
«Нами разрабатывается Гурджуа Табак Гидович, 1885 года рождения, уроженец и житель села Старые Киндги Очамчирского района, абхазец, беспарийный, неграмотный, колхозник колхоза села Старые Киндги.
По имеющимся данным Гурджуа Т. Г. в 1930 году за контрреволюционную деятельность был арестован, впоследствии был освобожден за недоказанность предъявленного ему обвинения.
Прошу проверить в отделе «а» МГБ ГССР, если имеется архивное следственное дело на Гурджуа Т. Г., то поднять из архива и переслать нам для ознакомления».
წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც სპირიდონ გურჯუას ეხება. 1955 წლის 19 იანვარს აფხაზეთის სუკის რწმუნებული ქალაქ ტყვარჩელში საქართველოს სუკის სააღრიცხვო-საარქივო განყოფილებას წერს შემდეგს:
«Нами разрабатывается по д/ф, как бывший меньшевик Гурджуа Спиридон Гидович, 1885 года рождения, уроженец села Киндги Очамчирского района Абхазской АССР, абхазец, малограмотный, семейный, колхозник.
В деле имеются неперепроверенные данные, говорящие о том, что Гурджуа С. Г., бывший меньшевик, участник меньшевистской авантюры 1924 года и что он являлся в 1931 году руководителем женского восстания в селе Киндги.
По показаниям расстрелянного в 1938 году участника контрреволюционного троцкистско-повстанческой организации Киут Чанта Малкировича, проходит Гурджуа Спиридон Гидович, как член этой организации.
Прошу поднять из архива архивное следственное дело на Киут Ч. М. и выслать нам с целью ознакомления и проведения соответствующей выписки о степени причастности к указанной организации Гурджуа и его практической деятельности в ней.
Одновременно прошу проверить и сообщить, не проходит ли Гурджуа по Вашим учетам как бывший меньшевик». (ცნობისთვის: დოკუმენტში ნახსენები ქალთა აჯანყება მიმართული იყო ე. წ. კოლექტივიზაციის წინააღმდეგ, თუმცა ზოგიერთი აფხაზი ავტორი ქალების გამოსვლას, სრულიად უსაფუძვლოდ, აფხაზეთის სსრ-ს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნას უკავშირებს). როგორც ვხედავთ, გურჯუების ოჯახს ათწლეულების მანძილზე არ აკლდა სუკის „ყურადღება“ და „მზრუნველობა“.
ქალბატონებო და ბატონებო! ვასრულებთ რა მოხსენებას, მინდა განვაცხადო, რომ ვასილ გურჯუა, ისევე როგორც არზაყან ემუხვარი, ასევე სხვა აფხაზი მოღვაწეები, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიაში, წარმოადგენენ არა მხოლოდ ჩვენს სახელოვან საერთო წარსულს, არამედ თანამედროვეობას და განსაკუთრებით მომავალს - იმ მომავალს, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ერთად უნდა ვაშენოთ, რათა გადავრჩეთ. ერთად შენება რომ შესაძლებელია, ვასილ გურჯუაა ამის თვალსაჩინო მაგალითი. ერთი წამით წარმოვიდგინოთ არზაყან ემუხვარისა და ვასილ გურჯუას აფხაზეთი და სრულიად საქართველო!!! არა მხოლოდ თავიდან ავიცილებდით დანაშაულებრივ ომს, რომელიც ქართველებისა და აფხაზების საერთო მტრებმა 1992-1993 წლებში თავს მოგვახიეს, არამედ გვექნებოდა ყველა თვალსაზრისით ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა - ქართველებისა და აფხაზების აყვავებული ქვეყანა. ამიტომაც მივაგებთ მათ განსაკუთრებულ პატივს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-100 წლისთავი კი კარგი საბაბია, კარგი ფონია საამისოდ. სამწუხაროდ, ოკუპირებულ აფხაზეთში ვასილ გურჯუა კვლავაც რეპრესირებულია. დროა სამართლიანობამ იზეიმოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვასილ გურჯუას სახელის უკვდავყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულოში და მერიაში შესულია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას წერილი კონკრეტული თხოვნითა და წინადადებით. ჩვენი ინფორმაციით, თანხმობაც არსებობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დაჩქარდება და ამა წლის 15 ნოემბერს, ვასილ გურჯუას დაბადების დღეს, მოვიხდით ჩვენს წმინდათა წმინდა ვალს ამ შესანიშნავი მამულიშვილის ხსოვნის წინაშე. უფრო მეტიც, ვასილ გურჯუას ქუჩაზე და მის მემორიალურ დაფასთან, რომელიც გვინდა გაიკრას იმ შენობაზე, სადაც ის სწავლობდა, ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა, უპირველეს ყოვლისა, ერთად უნდა დავგმოთ თავსმოხვეული ომი და ჩვენ-ჩვენი წილი ბოდიშიც მოვიხადოთ 1992 წელს დატრიალებული უგუნურობისათვის, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამას მოითხოვს ჩვენგან არა მხოლოდ არსებული მწარე რეალობა, არამედ მოითხოვენ ქუთაისში დავაჟკაცებული, აქ დაფრთიანებული არზაყან ემუხვარისა და ვასილ გურჯუას სულები. ეს იქნება ნამდვილი პატივის მიგებაც აფხაზეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის წამებული რაინდებისთვის.
გმადლობთ ყურადღებისთვის.