აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით მივესალმები ამერიკელ ხალხს და ვულოცავ მას დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც სათავე დაუდო 1776 წლის 4 ივლისს მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ მიღებულმა დამოუკიდებლობის დეკლარაციამ.
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დამოუკიდებლობის დეკლარაცია წარმოადგენენ იმ ქართველ მამულიშვილთა შთაგონების წყაროს, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ამ დეკლარაციის მიღებიდან სულ რამოდენიმე წელიწადში რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. საქართველომ მიზანს მიაღწია, დღეს იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ იძულებულია გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისათვის, რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, გარანტირებული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
საქართველო იმედით შეჰყურებს მომავალს, რადგანაც ამ სამართლიან ბრძოლაში მის გვერდით დგას ისეთი ძლევამოსილი და საიმედო მოკავშირე, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები - თავისუფლებისა და პროგრესის მედროშე მთელს მსოფლიოში.
მადლიერი ქართველი ხალხი, მათ შორის ასეულ ათასობით დევნილი აფხაზეთიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ჯეროვან პატივს მიაგებენ ამერიკელ ხალხს და კიდევ ერთხელ გულწრფელად ულოცავენ მას დიდ ეროვნულ დღესასწაულს.