აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უძღვებოდა. ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოახდინა.
წარმოდგენილი კანონპროექტი მოიწონა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პირადად მიიღო აქტიური მონაწილეობა მის სრულყოფაში. თავის გამოსვლაში ბატონმა ი.კობახიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ამასთანავე გამოთქვა სურვილები და წინადადებები, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და გათავისუფლების წესს, მთავრობისათვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების მექანიზმებს, კონსტიტუციის სტრუქტურას და სხვა საკითხებს. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა თეიმურაზ მჟავიამ, გია გვაზავამ, აფხაზეთის მინისტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით ფაცაციამ. ცალკეულ საკითხებზე განმარტებები გააკეთეს იურისტებმა - პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მუხრან მდივანმა, უმარლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ გიორგი გვასალიამ, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ჯალაღონიამ.
საკოორდინაციო საბჭომ მოიწონა აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და რეკომენდაცია მისცა უმაღლეს საბჭოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად გააგრძელოს მუშაობა გამოთქმულ შენიშვნებზე და წინადადებებზე.