აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია დაბა ჩაქვის (წერეთლის ქუჩა) ყოფილი საჯარო სკოლის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ეწვია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან შესახვედრად ჩაქვში ჩამოვიდნენ ბათუმსა და ქობულეთში განსახლებული დევნილების წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები.
ჩაქვში ჩასული დელეგაცია გაეცნო კომპაქტური ჩასახლების ობიექტში არსებულ ვითარებას, საცხოვრებელი კორპუსების კომუნიკაციების პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. სამწუხაროდ, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებმა დევნილებმა თავიანთი უკმაყოფილება მძაფრი ემოციებით გამოხატეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების პრობლემურ საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაპირდა. მისი თქმით, „არსებული სიტუაცია კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის ძალებით მისი მოგვარება შეუძლებელია.... გარკვეულ პრობლემათა აღმოფხვრა სცდება აფხაზეთის ხელისუფლების პრეროგატივას, ჩვენ რომ გვქონდეს შესაბამისი დაფინანსება, მერწმუნეთ, დიდი ხნის წინ შევძლებდით ამ ხალხის მოვლა-პატრონობას.“ ჯ. გამახარიას განცხადებით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებს შორის ახლახანს გაფორმებული მემორანდუმის ცალკეული პუნქტები ბათუმში და მთლიანად აჭარის რეგიონში განსახლებული დევნილების პრობლემების მიზანმიმართულ დარეგულირებას ისახავს მიზნად.
„ჩემი თხოვნა იყო, რომ მოვსულიყავით ისეთ დასახლებულ პუნქტში, სადაც მეტი პრობლემაა. საყვედურსაც და გამოთქმულ პრეტენზიებსაც ყურადღებით ვღებულობთ. ცხადია, ამ მძიმე პრობლემის აღმოხვრა ფორსირებულად ვერ მოხდება, მაგრამ მე გპირდებით, რომ ეს საკითხი იქნება დასმული ძალიან მაღალ დონეზე, იქ, სადაც წყდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები.“ - მიმართა ჩაქვში შეკრებილ დევნილ თანამემამულეებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.