აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა სამუშაო მივლინებით ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა. აღნიშნული მივლინების ფარგლებში მან მუშა-თათბირი გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში.
შეხვედრაზე დეტალური მსჯელობა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე რეორგანიზაციის, საკადრო ოპტიმიზაციის აუცილებლობასა და მისგან გამომდინარე მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების შესახებ. დისკუსია შეეხო სტრუქტურის რეფორმირებისას გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებს. ბატონი თამაზ ხუბუას განმარტებით, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა მაქსიმალურად აკვირდება სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის მიმდინარე პროცესს, რათა არ დაფიქსირდეს კანონის იგნორირების არც ერთი ფაქტი, ამასთან სრულად იყოს დაცული მასში მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება და უზრუნველყოფილი იყოს მოვალეობის კვალიფიციურად შესრულება.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცესში დაფიქსირებული შენიშვნების თაობაზე და ამომწურავი პასუხი გასცა საკითხის განხილვის დროს დასმულ შეკითხვებს.
ბატონმა თამაზ ხუბუამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცა რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ღვაწლმოსილ მუშაკებს ბიძინა გამისონიას და გიორგი რიგვავას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების, აფხაზეთის ომის ვეტერანების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის მუშაკებმა.