აფხაზი წყვილის ჯვრისწერა ბაგრატის ტაძარში

ამ დღეებში ქალაქ ქუთაისში, აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ III-ის მიერ აგებულ ტაძარში აფხაზეთიდან ჩამოსულმა წყვილმა ჯვარი დაიწერა.

 

ჯვრისწერის ცერემონიალი შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. სიმბოლურია და დამაიმედებელი, რომ აფხაზმა წყვილმა მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ აღიარებულ ტაძარში გადაწყვიტეს.

ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები.

ჯვარდაწერილმა წყვილმა, აფხაზეთიდან ჩამოსულ თანმხლებ პირებთან, ცერემონიალის ყველა მონაწილესთან ერთად მოინახულეს გელათისა და მოწამეთას ტაძრები. პატივი მიაგეს  „აფხაზთა, რანთა, კახთა...“ - საქართველოს გამაერთიანებელი დიდი მეფის - დავითის საფლავს, ასევე წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძის) ხსოვნას, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა და დიდი როლი ითამაშა აფხაზთა გაქრისტიანების  საქმეში.

საზეიმო ცერემონიალი ტრადიციულ საქორწინო სუფრასთან გაგრძელდა. გვიან ღამემდე ისმოდა ქართულ-აფხაზური სიმღერები, ცეცხლოვანი ცეკვების ექო, მოგონებები ნოსტალგიურ წარსულზე და სადღეგრძელოები სასურველ მომავალზე. განსაკუთრებულად დაილოცა ნეფე-დედოფალი თამამი და გაბედული გადაწყვეტილებისათვის.

ღმერთმა ამრავლოს მსგავსი ქორწილები სრულიად საქართველოში.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions