მემორანდუმს ხელი მოაწერეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და კოორდინაციას. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ხელს შეუწყობს სტუდენტთა თემატური სტაჟირების გავლის სისტემის ჩამოყალიბებას შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივით. თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებთან, აფხაზეთის ენისა და კულტურის ცენტრთან, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას, სამართლებრივ შეფასებას და გასაჯაროების ეფექტიანი ფორმების შემუშავება-განზოგადებას, ერთობლივ საქმიანობას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.
ბატონმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დიდი ხანია თანამშრომლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მემორანდუმის გაფორმების შემდგომ კი ეს ურთიერთობა მეტად გაღრმავდება და ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესში სტუდენტთა ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე. თავის მხრივ ბატონი გიორგი შარვაშიძე მიესალმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალის დამსწრე პროფესორ-მასწვალებლებს და კმაყოფილება გამოთქვა მემორანდუმის გაფორმების გამო.
SCARA - ვიდეო - მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=45