აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დედის დღეს გილოცავთ!


საქართველო ქალისადმი პატივისცემით, მისადმი განსაკუთრებული მოწიწებით და თაყვანისცემით დასაბამიდან გამოირჩეოდა. მათი ნიჭი და უნარები, მათდამი პატივისცემა ყოველთვის ხაზგასმულად იყო აღიარებული. ამაზე ქართული მხატვრული ლიტერატურის უძველესი მარგალიტებიც მეტყველებენ.

 

ჩვენი ქვეყანა და თანამედროვეობა წარმატებული ქალბატონების სიმრავლით აშკარად გამორჩეულია, მაგრამ ბოლო დროს ჩვენს თავს დამტყდარმა ტრაგედიებმა, სამშობლოს ინტერესების დასაცავად თავგანწირულმა მამულიშვილებმა გმირი დედების ფენომენი ახლებურად წარმოაჩინეს.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო უპირველესად სწორედ მათ - სამშობლოსთვის თავგანწირული შვილების დედებს ულოცავს დედის დღეს და უსურვებს დღეგრძელ სიცოცხლეს, რათა სამაგალითო ვაჟკაცების აღმზრდელებმა, შთამომავლობას - მომავალ დედებს გადასცენ პატრიოტული სულისკვეთებით შვილების აღზრდის გამოცდილება.

მეუღლის დაკარგვის დიდი ტკივილით ხვდებიან დედის დღეს სამშობლოს დაცვისას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭების მეუღლეები; აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ქედს იხრის მათ წინაშე და უსურვებს ჯანმრთელობას, წარმატებებს საკუთარ საქმიანობაში და ობლად დარჩენილი შვილების აღზრდაში.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადადგილებულ ქალბატონთა შორის არიან  ადამიანები, რომელთაც ეყოთ გამბედაობა ატარონ მრავალშვილიანი დედის საკმაოდ მძიმე და საპასუხისმგებლო ტიტული; აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თვლის, რომ დედის დღე, უპირველესად სწორედ მათ ეკუთვნით, ამიტომაც გულითადად ულოცავს თითოეულს სამ მარტს, უსურვებს წარმატებებს და მზად არის შეძლებისდაგვარად მხარში დაუდგეს ღირსეული გენოფონდის აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დედის დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ყველა დედას, ყველა ქალბატონს, ვინც ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებზე  საქართველოს გაერთიანების იმედით ცხოვრობს, ვინც უძლებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ წნეხს იმ რწმენით, რომ მოესწრება იმ ნანატრ დღეს, როცა ოკუპანტის უღელი დაიძლევა და ენგურს გაღმა თუ გამოღმა, სამაჩაბლოში და სრულიად საქართველოში უსაფრთხო ცხოვრება დაისადგურებს.

გაზაფხულის სიმბოლურ დღესასწაულებს - სამ მარტს, რვა მარტს გილოცავთ ყველა მანდილოსანს - ხანდაზმულ ქალბატონსა თუ ახალგაზრდა გოგონას, ღვაწლმოსილ  მეცნიერსა თუ მსახიობს, მრავალშვილიან დედას, ბებიას, მეუღლეს; გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, იყავით ყოველთვის ლამაზები, სასურველები და წარმატებულები!

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

თბილისი, 02.03.2020წ.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions